“სტუდფესტი 2024”-ის გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოეს

სტუდZona

მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი “სტუდფესტი 2024” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ.

გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება მიულოცა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა და მათ სპეციალური პრიზები გადასცა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალს წელს 25 000-მდე მონაწილე და 665 გამარჯვებული სტუდენტი ჰყავს.

ფესტივალის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირები, კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებები, ინტერმედია – საუნივერსიტეტო თეატრებს შორის კონკურსი, მოხალისეობრივი აქტივობები და STEM კონკურსი, რომელმაც საშუალება მისცა ახალგაზრდებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა.

საგანმანათლებლო პროექტები მოიცავდა ინტელექტუალურ შეჯიბრებას სტუდენტებს შორის, დებატებს, City Game-ს, ესეების კონკურსს თემაზე – საქართველო და ევროპა, STEM მარათონს.

სპორტული მიმართულებების ფარგლებში გაიმართა: 3X3- ზე კალათბურთი, ძიუდო, სამბო, ქართული ჭიდაობა, ნარდი, ჭადრაკი, შაში, ფრენბურთი, მინი ფეხბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ბილიარდი, კარტინგი, ბოულინგი, ჩოგბურთი, ბადმინტონი, პეინტბოლი, შვიდკაცა რაგბი, ჯომარდობა, ფუტსალი.

კულტურის მიმართულებით ჩატარდა: ქართული ცეკვების კონკურსი, თანამედროვე სიმღერის კონკურსი – სოლო შემსრულებლები, თანამედროვე სიმღერის კონკურსი – დუეტები, მუსიკალური ბენდების კონკურსი, ქართული ლიგა, თანამედროვე ცეკვების კონკურსი, ხალხური სიმღერის კონკურსი.

მოხალისეობის კომპონენტის ფარგლებში მონაწილე უნივერსიტეტის გუნდებმა განახორციელეს მოხალისეობრივი პროექტები, ხოლო ინტერმედიის კონკურსის ფარგლებში კი საუნივერსიტეტო თეატრებმა წარმოადგინეს სპექტაკლები.

“სტუდფესტი 2024” საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები