კავკასიის უნივერსიტეტის ყოფილი დეკანი: „კახა შენგელიამ დამიბარა და მითხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა ჩემი გაშვება“

სტუდZona

სოსო ბერიკაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის უკვე ყოფილი დეკანი, ეკონომისტი დღეს, 14 მაისს, სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე წერს, რომ უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით, სამსახურიდან გაათავისუფლა.

„29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დამიბარა და მითხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა ჩემი გაშვება სამსახურიდან, რადგან “ბიძინას ვაგინებდი” (ეს ტყუილია, არ მიგინებია, უბრალოდ მკაცრად გავაკრიტიკე “ოფშორების კანონის” გამო, თუმცა მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა).

როგორც ჩანს, ჩემი გაგდება საჩქარო იყო, 7 მაისს გამოიცა ბრძანება და გამიშვეს სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით (პოლიტიკური დევნა ჯერ არ იწერება ბრძანებებში).

თუ ამ ხელისუფლებას ეს უმსგავსობა გაუვიდა, რეპრესიები მომავალში საყოველთაო გახდება და შეეხება ყველას.

P.S. ბევრ წერილს ვიღებ სტუდენტებისგან, ითხოვენ მხარდაჭერას და პოზიციის დაფიქსირებას. მეგობრებო, როგორც აქამდე, რა თქმა უნდა, თქვენ გვერდით ვდგავარ ყველა სამართლიან პროტესტში“, – დაწერა სოსო ბერიკაშვილმა.

თავად კახა შენგელია კი, „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში, სოსო ბერიკაშვილს არაკაცს უწოდებს. დეტალურად იხილეთ ბმულზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები