უმაღლესი განათლების დაფინანსების გაზრდის მოთხოვნით არგენტინაში სტუდენტების მასობრივი პროტესტია

სტუდZona

არგენტინის მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომელიც უნივერსიტეტების ბიუჯეტის გაყინვას გულისხმობს, ბუენოს-აირესში მასობრივი პროტესტი გამოიწვია, ქვეყნის უმსხვილესი უნივერსიტეტი კი დახურვის საფრთხის წინაშე დგას.

23 აპრილს, ბუენოს-აირესის ქუჩებში ასობით ათასი არგენტინელი იდგა, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კი სტუდენტები გამოვიდნენ, რათა უმაღლესი განათლების სექტორისთვის ბიუჯეტის არ გაზრდის თაობაზე ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილება გაეპროტესტებინათ.

სტუდენტების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად უნივერსიტეტების ბიუჯეტი 2024 სასწავლო წლისთვის არ გაიზრდება. გადაწყვეტილება „შოკური თერაპიის“ ფარგლებში მიიღეს, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტმა გამოაცხადა და სახელმწიფო ხარჯების მასიურ შემცირებას ითვალისწინებს. ამ გზით ხელისუფლებას ინფლაციის შეკავების იმედი აქვს. ასე გადაწყდა უნივერსიტეტის ბიუჯეტების გაყინვა.

გასული წლის ივლისიდან მოყოლებული ბუენოს-აირესის უნივერსიტეტმა სახელმწიფოსგან მთლიანი ბიუჯეტის მხოლოდ 8,9% მიიღო. უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ეს ელექტროენერგიისა და სხვა კომუნალური გადასახადებისთვისაც არ არის საკმარისი.

ამასთან, მასწავლებელთა ანაზღაურება ოთხ თვეში 35%-ით შემცირდა. შესაძლოა, პერსონალის ხელფასი თვეში $150 იყოს. ბევრი მასწავლებელი უკვე ახალ სამსახურს ეძებს, რადგან ეჭვი ეპარებათ, მიიღებენ თუ არა ხელფასს მომდევნო თვეების განმავლობაში.

პოლიციამ თქვა, რომ მხოლოდ დედაქალაქში დაახლოებით 100,000 ადამიანი გამოვიდა. მასწავლებელთა გაერთიანების ინფორმაციით კი, საპროტესტო აქციაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მილიონობით დემონსტრანტი მონაწილეობდა. ქალაქის ცენტრი რამდენიმე საათით პარალიზებული იყო.

მოამზადა გივი ცერაძემ

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები