სტუდენტებს საქართველოდან, უფრო მეტად კი საქართველოს რეგიონებიდან, აზერბაიჯანში, საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალებსა და ბანაკებში უმასპინძლებენ.
ამის შესახებ აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან გამართული შეხვედრისას ითქვა, რომელიც ბაქოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ და საქართველოს წარმომადგენლებმა გამართეს.
ცნობილია ისიც, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ქართველი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს.
“აზერბაიჯანულმა მხარემ ინიციატივა გამოხატა აზერბაიჯანში, საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალებსა და ბანაკებში უმასპინძლონ ქართველ სტუდენტებს. გივი მიქანაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანში გამართულ საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობა მიიღონ ქართველმა ახალგაზრდებმა საქართველოს რეგიონებიდან”, – ვკითხულობთ საქართველოს პარლამენტის მიერ დღეს მოწოდებულ ინფორმაციაში.