სამი თვის განმავლობაში, მიმდინარე სემესტრის ბოლომდე, მასშტაბური სტუდენტური ფესტივალი ჩატარდება, რომელშიც დაახლოებით 25 000 ახალგაზრდა მთელი საქართველოდან მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვის წარდგენისას განაცხადა.
ფესტივალის გამოცხადება უახლოეს კვირებში დაანონსდა და მის ფარგლებში მოეწყობა ტურნირები სპორტულ სახეობებში, კონკურსი კულტურის სხვადასხვა მიმართულებით და თეატრალურ-თემატური, მოხალისეობრივი კონკურსი უნივერსიტეტებს შორის.
ფესტივალი თბილისის მერიის ჩართულობით განხორციელდება და როგორც დედაქალაქის მერია გვპირდება, შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობების პარალელურად, ფესტივალის თითოეული მიმართულება დატვირთული იქნება გასართობი აქტივობებით – ახალგაზრდებისთვის ჩატარდება მასშტაბური კონცერტები და მოეწყობა მრავალფეროვანი მუსიკალური საღამოები, სადაც მოწვეულნი იქნებიან ელექტრონული მუსიკის შემსრულებელი, საკლუბო სივრცის ცნობილი არტისტები.
გარდა ამისა, 2 მიმართულებით გამოცხადება ახალგაზრდებისთვის საგრანტო კონკურსი.
მცირე საგრანტო კონკურსი – რომელშიც რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას. ერთი პროექტის საგრანტო თანხის მოცულობა იქნება 15 000 ლარი.
ახალგაზრდული ორგანიზაციების კონკურსი – ერთი პროექტის საგრანტო თანხის მოცულობა იქნება 100 000 ლარი.
როგორც განათლების მინისტრმა, ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვის წარდგენისას განაცხადა, აღნიშნული ღონისძიებები მიმართულია იმისთვის, რომ ახალგაზრდების ცხოვრება გაცილებით უფრო ჯანსაღი, შემეცნებითი, მორალურ საკითხებზე დაფუძნებული და სახელმწიფოსთვის შედეგის მომტანი იყოს.