საქართველოში უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობა 22.5%-ით გაიზარდა – საქსტატი უმაღლესი განათლების უახლეს მაჩვენებლებს აქვეყნებს

სტუდZona

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფომაციით, 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, საიდანაც 19 სახელმწიფო, ხოლო 43 კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა.

საქსტატმა დღეს 1-ელ მარტს 2023-2024 სასწავლო წლის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლები გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ წინა სასწავლო წელთან შედარებით, სტუდენტების მიღება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაზრდილია 8.4%-ით.

მონაცემების თანახმად, 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 54.3 ათასი სტუდენტი მიიღეს, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 32.4 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში – 21.9 ათასი.

რაც შეეხება უახლეს მაჩვენებლებში მოცემულ ყველაზე გაზრდილ მონაცემს, ეს საქართველოში უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობას უკავშირდება. საქსტატი განმარტავს, რომ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 30.7 ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობს, რაც 22.5% მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

ჯამში, 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 177.8 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 10.2%-ით მეტია.

სტუდენტთა საერთო რიცხოვნობის 59.1% სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს, ხოლო კერძოში – 40.9%. სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 51.2% ქალია, ხოლო 48.8% – კაცი.

ამავე მონაცემებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაახლოებით ორი მესამედი ქალაქ თბილისშია.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები