სემესტრში 770 ლარი – წარმატებული სტუდენტები საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ფულად ჯილდოებს მიიღებენ

სტუდZona

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარჩინებული სტუდენტები ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის ფულადი ჯილდოს მიღებას შეძლებენ. ჯილდოს გაცემის წესი მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე დაამტკიცა და ის 27 თებერვალს გამოქვეყნდა.

ფულადი ჯილდო გაიცემა სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სალექციო კურსის წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით. როგორც დოკუმენტიდან ვიგებთ, ფულადი ჯილდოს ოდენობა ერთ წარმატებულ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს 770 ლარს.

ვის აქვს ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა

დადგენილებაში წერია, რომ ფულადი ჯილდო შეიძლება გაიცეს სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • არის საქართველოს მოქალაქე;
  • განცხადების შემოტანის მომენტისთვის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში
    რეგისტრირებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში;
  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო (კერძო) სკოლაში გავლილი აქვს
    ზოგადი განათლების სრული კურსი;
  • არის აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი (ბაკალავრი);
  • სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს
    არანაკლებ 91-100 ქულა;
  • აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.

საჭირო დოკუმენტები

დამტკიცებული წესის თანახმად, ფულადი ჯილდოს მისაღებად სტუდენტმა სემესტრის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: პირადობის მოწმობის ასლი, საბანკო რეკვიზიტები, ცნობა საჯარო (კერძო) სკოლიდან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიურ მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ, საინფორმაციო ბარათი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის შესახებ.

წარმატებულ სტუდენტს ფულადი ჯილდო გადაერიცხება წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე.

დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები