21 თებერვალს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და რეზიდენტებმა დაპირებაც მიიღეს, რომ დიპლომისშემდგომ სამედიცინო განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელთა შორისაა სარეზიდენტო ადგილების არასაკმარისობა აუცილებლად გადაიჭრება.
ახალგაზრდების მოსაზრებით, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება ანუ რეზიდენტურა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებისა და საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისი დონის ექიმი-სპეციალისტების მომზადებას ითვალისწინებს, დღევანდელ ეტაპზე არსებულ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს და გარკვეულ სრულყოფას საჭიროებს.
რეზიდენტემა, იმ მიზეზებზე ისაუბრეს, რის გამოც დღეს პროფესიიდან ბევრი ახალგაზრდა გაედინება.
როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, ბევრ საკითხში მისი და რეზიდენტების მოსაზრებები დაემთხვა. მათ შორის, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა არასაკმარისი სარეზიდენტო ადგილები, საექთნო სპეციალობებზე ადგილების დეფიციტი და სხვა.
„ამ სფეროში გამოწვევები ნადვილად არსებობს. დღეს უკვე მეორედ შევხვდით ახალგაზრდებს და მათ დეტალურად წარმოადგინეს ამ სფეროს რეფორმის შესახებ წინადადებები. მნიშვნელოვანია, რომ ბევრ საკითხში ჩვენი მოსაზრებები ემთხვევა, მათ შორის, არის ის, რომ საკმარისი არაა სარეზიდენტო ადგილები და ეს ადგილები დამატებით მოსაპოვებელია. ასევე ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ბევრი სარეზიდენტო პროგრამა არის ფასიანი. განსაკუთრებით მოთხოვნად საექიმო სპეციალობებზე გვაქვს ადგილების დეფიციტი. ამ მიმართულებით მართლაც ბევრი გამოწვევა დაგროვდა, რომელთა გადაწყვეტაზე სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ და უახლოეს ხანში წარმოვადგენთ ჩვენს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ რეზიდენტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ასევე იხილეთ: