თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე (მაღლივი) კორპუსში უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის კვების ობიექტი გაზაფხულის სემესტრიდან ამოქმედება და იქ დასაქმება სტუდენტებსაც შეეძლებათ. ამის შესახებ, ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დღეს, 21 თებერვალს გაავრცელა.
უნივერსიტეტის ცნობით, კვების ობიექტი, ძირითადად თსუ მე-10 (მაღლივი) და მე-11 (განივი) კორპუსების, აგრეთვე, ბიბლიოთეკის სტუდენტებსა და თანამშრომლებს მოემსახურება.
„ობიექტის ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები საბოლოო ეტაპზე გადავიდა და გაზაფხულის სასწავლო სემესტრის დაწყებასთან ერთად სტუდენტები ისარგებლებენ, ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კვების ობიექტით, რომელიც მათ ჯანსაღ და მრავალფეროვან საკვებს შეღავათიან ფასში შესთავაზებს“, – ნათქვამია თსუ-ის ინფორმაციაში და აღნიშნულია, რომ უახლოეს პერიოდში კვების ობიექტი თსუ-ის პირველ კორპუსთანაც გაიხსნება.