სტუდენტი ხარ და სპორტდარბაზში ვარჯიშის დაწყებას გეგმავ? – აი, რას არ გირჩევს ინსტრუქტორი

სტუდZona

თუ „დეითზე“ სავახშმოდ დაპატიჟებულ გოგონას მოულოდნელად ეს სიტყვები წამოსცდა – „ნავარჯიშები ბიჭები მომწონს…“, შესაძლოა, თქვენთვის მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც ვარაუდობდით, მაგრამ მეგობრებო, გული არ გაიტეხოთ! შეგიძლიათ ანგარიში მოითხოვოთ და მშვიდად დატოვოთ ადგილი. ისე კი სხვა გამოსავალიც არსებობს.

აბა, სტუდენტებო, (ყველა სქესს ეხება) გინდათ გქონდეთ უკეთესი სხეულის ფორმები, მეტი ძალა და ენერგია რთული გამოცდებისთვის? STUDINFO.GE თქვენს დახმარებას შეეცდება.

ამ სტატიაში გაიგებთ, რას გირჩევთ გამოცდილი ფიტნეს ინსტრუქტორი, სპორტის უნივერსიტეტის მწვრთნელთა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი, თემო ბოჭორიშვილი, რომელიც საკუთარ შედეგსაც გაჩვენებთ..

თემომ, ვარჯიში16 წლის ასაკში დაიწყო და როგორც STUDINFO.GE-ს უყვება, ვარჯიშის დაწყების მოტივაცია მისთვის სამმა ფაქტორმა განსაზღვრა: პირველი ის იყო, რომ მის ოჯახში უმრავლესობას სპორცმენები შეადგენენ, მეორე სამომავლო სპორტული მიზნები, მესამე კი ჯანსაღ სხეულთან ერთად, მეტად აქტიური ცხოვრება.

აი, ასეთი იყო თემოს სხეული ვარჯიშის დაწყებამდე

ახალგაზრდა ინსტრუქტორი იმ სარგებლის შესახებ გიამბობთ, რომელსაც სწორი ვარჯიშით აუცილებლად მიიღებთ.

„ზოგიერთი ადამიანი მხოლოდ იმიტომ ვარჯიშობს, რომ ცხიმი დაწვას და კუნთური მასა მოიმატოს – ჰქონდეს დაკუნთული სხეული. მაგრამ ამ ყველაფრის გარდა, ფიზიკურ აქტივობას გაცილებით მეტი სარგებელი მოაქვს. ვარჯიში აუმჯობესებს, როგორც ფსიქიკურ ისე ფიზიკურ ჯამრთელობას, ასევე რეგულარული ვარჯიში აძლიერებს გულს და აჯანსაღებს ფილტვებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემა უკეთ ამარაგებს სხეულს ჟანგბადით გულის ყოველი შეკუმშვისას. ვარჯიში ამცირებს სისხლის წნევას და ა.შ“,- გვიხსნის ფიტნეს ინსტრუქტორი.

სტუდენტებო, გაინტერესებთ თემოს სხეულის ტრანსფორმაცია, იხილეთ:

იმისთვის, რომ თავადაც გაგიმარტივდეთ ასეთი სხეულის მიღწევა, თემო გირჩევთ:

არ იშიმშილოდ! რადგან შიმშილი ჩვენს ორგანიზმს სტრესში აგდებს, შესაბამისად ვარჯიში ხდება როგორც არაეფექტური, ასევე არაჯანსაღი! გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ჩვენი კვების რაციონი 4 ან 5-ჯერადი კვებისგან უნდა შედგებოდეს, რომელიც საკმარისი რაოდენობის ნახშირწყლებს, ცხიმებს, ცილებს, მინერალებსა და ვიტამინებს შეიცავს.

მოვერიდოთ მძიმე წონებს. თუ ვარჯიშის გამოცდილება არ გაქვთ, დიდი შანსია იმისა, რომ საკუთარ სხეულს ტრავმა მივაყენოთ. ვარჯიშის დაწყებისას ყოველთვის მიმართეთ კომპეტენტურ ადამიანს (მწვრთნელს), ვინაიდან ვარჯიში არის რთული სისტემა. ჩვენი ინდივიდუალურობიდან გამომდინარე, შესაბამისი ვარჯიშები, წონები და ინდივიდუალურად შედგენილი კვების რაციონი გვჭირდება.

აუცილებელია ვარჯიშის პერიოდში, ასევე დღის განმავლობაში, წყლის გარკვეული რაოდენობის მიღება. თითოეულ ადამიანში წყლის მიღება მისი ინდივიდუალურობიდან გამომდინარე ხდება.

გამოასწორეთ ძილი და საშუალოდ, 7-დან 9 საათამდე გეძინოთ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ღამის 11 საათიდან (23:00) ღამის 3 საათამდე (03:00) გამოიყოფა ზრდის ჰორმონი, რომელიც ორგანიზმს ეხმარება აღდგენაში. შესაბამისად, ჩვენი დასვენება 11 საათიდან უნდა იწყებოდეს. ვარჯიში უნდა გრძელდებოდეს 40 წუთიდან არაუმეტეს ერთ საათამდე.

ვარჯიშები უნდა შევარჩიოთ სწორად, რომ გარკვეულ შედეგს მივაღწიოდ. დამწყებისთვის რეკომენდირებულია კვირაში 3-4 ჯერ ვარჯიში, რადგან გადატვირთვა ორგანიზმში სერიოზულ ცვლილებებს იწვევს.

აბა, ემზადებით ვარჯიშის დასაწყებად?

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები