თსუ-ის 300 სტუდენტზე გათვლილი ახალი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა-რეაბილიტაცია ოქტომბერში უნდა დასრულდეს

სტუდZona

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება და მისი დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბერშია დაგეგმილი, თუმცა საცხოვრებელი სტუდენტებისთვის მხოლოდ შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი, რისი დასრულების დროც ჯერ უცნობია.

სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია თსუ-მ დღეს, 2 თებერვალს გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია და კანცლერი ლაშა საღინაძე ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„კომპანიამ გამაგრებითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც უმოკლეს დროში დაიწყება შიდა სარემონტო სამუშაოები. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ უნივერსიტეტს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე განთავსებული 300-მდე სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი ექნება. ახალი საერთო საცხოვრებელი სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. შენობაში განთავსდება კვების ობიექტი, მოეწყობა სოციალური სივრცე, ბიბლიოთეკა, სპორტული აქტივობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა“, – აღნიშნავენ თსუ-ში.

უნივერსიტეტის ინფორმაციითვე, ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია, ამჟამად, თბილისის მერიასთან შესაბამის დოკუმენტაციას ათანხმებს და თსუ-ის რექტორმა კომპანიის წარმომადგენლებს სთხოვა, რომ მერიასთან უახლოეს პერიოდში აწარმოონ მოლაპარაკებები, რათა სამუშაოები რაც შეიძლება ადრე დაიწყონ.

„შეხვედრაზე, ამავე დროს, საუბარი შეეხო სამშენებლო სამუშაოების ვადაზე ადრე დასრულების შესაძლებლობას, რათა თსუ-ის სტუდენტებმა რაც შეიძლება მალე ისარგებლონ ახალი საერთო საცხოვრებლით“, – წერია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები