„გაგიწევთ დახმარებას, რომ მოამზადოთ ნებისმიერ ტიპის დავალება, ესე, რეფერატი, პრეზენტაცია…“ – ეს მაცდური წინადადება სოციალურ ქსელებში, ალბათ, ხშირად შეგხვედრიათ. ბოლო დროს, არც თუ ისე იშვიათად, სხვადასხვა ნაშრომების, მათ შორის საბაკალავროს დასაწერად სტუდენტები სპეციალურ სერვისებს იყენებენ. ეს სერვისები, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მათი დავალებების შესრულებაზე ზრუნავს.
როგორც STUDINFO.GE-ს მიერ გამოკითხული სტუდენტები ამბობენ, სერვისი სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სწავლის პარალელურად მუშაობენ და დავალებების დასაწერად დრო არ რჩებათ. ჩვენი რესპონდენტები იმასაც ამბობენ, რომ ისეთ გამოუვალ სიტუაციაში მყოფი სტუდენტებისთვის, რომლებიც გარე ფაქტორების გამო ვერ ახერხებენ მეცადინეობას, საჭიროც კია მსგავსი სერვისების არსებობა. მიუხედავად ამისა, არსებობს სტუდენტების ის ნაწილიც, რომელიც მსგავს პრაქტიკას კატეგორიულად მიუღებლად თვლის, ერთი მარტივი მიზეზის გამო – „ეს ქვეყანაში არაკვალიფიციური კადრების სიმრავლეს გამოიწვევს“.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, ანნა უზნაძეს ამ თემასთან დაკავშირებით ორგვარი დამოკიდებულება აქვს. მისი აზრით, დავალებისთვის სერვისის გამოყენება, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება, არასწორი არ იყოს.
„მესმის, რომ ბევრი სტუდენტი, სწავლასთან ერთად მუშაობს და შეიძლება, დრო არ რჩებოდეს დავალებების ყოველთვის შესასრულებლად. მისი არ დაწერის შემთხვევაში კი შეიძლება, სტუდენტს გამსვლელი ქულა არ დაუგროვდეს, საგანი „შეეტენოს“ და კიდევ ერთი სასწავლო წელი დაემატოს, რაც დამატებითი ფინანსური ტვირთია“, – ამბობს ანნა STUDINFO.GE-სთან საუბრისას.
ჩვენ მიერ გამოკითხული სტუდენტები გვიხსნიან, რომ საგნის ჩარჩენის, ვერდაძლევის შიში ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მსგავსი სერვისებით სარგებლობენ.
ანნა მიიჩნევს, რომ შესაძლოა, მის მიერ მოყვანილი მაგალითი გარკვეულწილად ამართლებდეს კიდეც სტუდენტის ასეთ ქცევას, მაგრამ აქ არაპროფესიონალიზმის პრობლემა ჩნდება – სტუდენტი უმაღლესში გარკვეულ პროფესიას ეუფლება და მომავალში, შესაძლოა, სწორედ ამ პროფესიით დასაქმდეს. დასაქმებული კი, რომელსაც დამოუკიდებლად არ უმუშავია სტუდენტობისას, არასათანადო განათლებას ფლობს საკუთარი პროფესიის ირგვლივ.
„ასე სტუდენტი არ ვითარდება, ვერ იღებს ცოდნას და გამოცდილებას. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ახალგაზრდები მხოლოდ იმიტომ აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში, რომ ოჯახისა და საზოგადოების მოლოდინები გაამართლონ, ამიტომ, მათთვის სრულიად უინტერესო ფაკულტეტებზე ირიცხებიან და შესაბამისად, არც იმის მოტივაცია აქვთ, რომ დავალებები თვითონ შეასრულონ“, – გვიხსნის სტუდენტი.
კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ჩვენი რესპონდენტი მიუთითებს უსამართლობის თემას ეხება: „მსგავსი სერვისებით სარგებლობა უსამართლო გარემოს ქმნის, რადგან დავალებაში ფულის გადამხდელ და იმ სტუდენტებს შორის, ვინც დავალებების შესრულებას თავად ცდილობს, არაჯანსაღი კონკურენცია ჩნდება“.
STUDINFO.GE-მ ის სტუდენტებიც იპოვა, რომლებსაც მსგავსი შესაძლებლობა უკვე გამოყენებული აქვთ. ცხადია, მათ საკუთარი ვინაობა არ გაამხილეს და ასეთი არჩევანის მიზეზიც აგვიხსნეს:
ს.ე: „ერთხელ გამოვიყენე ასეთი დახმარება დავალების შესასრულებლად. იმ პერიოდში, საღამოს სმენაში ვმუშაობდი და ძალიან ვიღლებოდი. უნივერსიტეტის დავალებებისთვის ფიზიკურად ვერ ვიცლიდი და ამიტომ, იძულებული გავხდი, მსგავსი სერვისისთვის მიმემართა, რადგან სხვა შემთხვევაში გამოცდაზე გამსვლელ ქულას ვერ მივიღებდი და საგანი „შემეტენებოდა“.
ჩვენი რესპონდენტი გოგონაა და როგორც ამბობს, სხვის მიერ შესრულებულ დავალებაში ფულის გადახდა სულაც არ ეამაყება, მაგრამ არ გამორიცხავს, ამ გზას ისევ მიმართოს:
„ერთჯერადად ვისარგებლე, ახლა ისეთი გრაფიკით ვმუშაობ, რომ შემიძლია დამოუკიდებლად შევასრულო დავალებები. არ ვამაყობ, რომ რეფერატის დასაწერად ფული გადავიხადე, თუმცა თუ მსგავსი გამოუვალი სიტუაცია კვლავ შემექმნება, ისევ გამოვიყენებ“.
მათი რაოდენობა დიდი არ არის, მაგრამ სტუდენტთა გარკვეული ნაწილი ჩვენთან საუბარში გამართლებულად მიიჩნევს, ბოლო ვადამდე გაჭიანურებულ დავალებაში თანხა გადაიხადოს. მით უფრო მაშინ, როცა ასეთი მომსახურება უფრო იაფი ჯდება, ვიდრე (ზოგიერთ უნივერსიტეტში ავტ.) საგნის ხელახლა გავლის საფასური.
„როდესაც დედლაინი ახლოვდება, შენ კი პატარა დროის გამონახვასაც ვერ ახერხებ, მსგავსი სერვისით სარგებლობა მისაღებია. იმის შიში მაინც არ მექნება, რომ „შეტენილ“ საგანზე იმაზე მეტი თანხის გადახდა მომიწევს, ვიდრე ერთი დავალების დაწერაში მომთხოვეს“, – ამბობს ჩვენთან სტუდენტი ბიჭი გ.ბ.
გ.ბ.-მაც, სხვების მსგავსად, Facebook-ის საშუალებით გაიგო, რომ მსგავსი მომსახურება არსებობდა და ვინაიდან რეფერატის დაწერა მისთვის პრობლემას წარმოადგენდა, სწორედ ის დააწერინა სერვისს. იგი არ გვიმალავს, რომ მომსახურებას აქტიურად იყენებს, რადგან უნივერსიტეტში ხშირად არ დადის და ყოველკვირეული დავალებების დაწერა უჭირს.
„რა მნიშვნელობა აქვს „შეტენილ“ საგანში გადავიხდი ფულს, თუ დავალების დასაწერად? ვუგზავნი საგნის და თემის სახელწოდებას, რამდენიმე დღეში კი მიგზავნიან დავალებას და შემდეგ ვრიცხავ თანხას“ , – იხსენებს სტუდენტი.
როგორც თავად ამბობს, ამ ხერხით ის გამსვლელ ქულას მაინც აგროვებს და საგნებიც დაძლეული ეთვლება.
როგორც ვხედავთ, სტუდენტთა აზრი ორად იყოფა. ჩვენთან მოსაუბრეთა ნაწილი, რომელიც გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ახერხებს ნაშრომების დამოუკიდებლად დაწერას, მსგავსი სერვისების არსებობას ემხრობა, თუმცა სტუდენტების უმრავლესობა ერთ აზრზეა – „ახალგაზრდა ამით მხოლოდ თავს იტყუებს, უნივერსიტეტისგან ცოდნა არ მიაქვს, რაც მომავალში მის საქმიანობაზე ნეგატიურად ისახება“.
ავტორები: მარიამ ბარამიძე და edu.aris.ge