რა დრო სჭირდება ფინალური გამოცდების მომზადებას?

სტუდZona

საახალწლო არდადეგების შემდეგ უნივერსიტეტებში ფინალური გამოცდებისთვის მზადება იწყება. STUDINFO.GE დღეს შეეცდება გაიგოს, რა დრო სჭირდებათ სტუდენტებს სემესტრის საფინალო გამოცდების მოსამზადებლად?

პასუხი სახეზეა – გააჩნია ვის რა შედეგების მიღწევა გსურთ!

ნინი გოგუაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია. ის იურიდიულ ფაკულტეტზე 100% პროცენტიანი დაფინასებით სწავლობს. ნინი ამბობს, რომ კარგი მომზადებისთვის სტუდენტებს ფინალური გამოცდებისთვის მოსამზადებლად 2 კვირა სჭირდებათ.

„გაგიკვირდებათ, მაგრამ ფინალური გამოცდების მომზადებისთვის, იმისთვის, რომ შევძლო უმაღლესი ქულების მოპოვება 2 კვირა მჭირდება, რაც მოიცავს დღეში 4 საათიან მეცადინეობას. სულ 6 საგანს ვსწავლობ. არის საგანი, რომელშიც უფრო მეტ დროს ვუთმობ მეცადინეობას, ეს საკონსტიტუციო სამართალია, ვასილ გონაშვილი მასწავლის ამ საგანს, ლექტორი იდეალურია, მაგრამ საგამოცდო პროგრამაა შედარებით რთული“, – ამბობს სტუდენტი.

„ვინც არ არის დაინტერესებული მაღალი ქულით ან სიღრმისეული ცოდნის მიღებით ლოგიკურია, რომ მეცადინეობას ნაკლებ დროს უთმობს ან საერთოდ მოუმზადებელი გადის გამოცდებზე, იღბლის იმედად. ვფიქრობ, რომ რაც კარგად სწავლობ მით მეტი დრო გჭირდება მომზადებისთვის“, – გვიხსნის სამართლის წარჩინებული სტუდენტი.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი, თამარ გოგიაშვილი ამბობს, რომ მას, ნინისგან განსხვავებით, კიდევ უფრო მეტი დრო ჭირდება, რადგან ჯერ ახალბედა სტუდენტია.

„შუალედურებზე ყველა საგანში მაქსიმალური ქულა ავიღე და იგივე მოლოდინი მაქვს ფინალურ გამოცდებზეც. ეს ჩემთვის პირველი ფინალურია, ამიტომ განსაკუთრებით ვემზადები. 5-6 საათს ვუთმობ ექვსივე საგანს დღეში. 29 იანვარს უნდა მქონდეს პირველი ფინალური გამოცდა. ვფიქრობ, რადგან ჯერ ახალბედა ვარ, იმიტომ მჭირდება ამდენი დრო“, – ამბობს თამარი.

STUDINFO.GE-ს არ გაუჭირდა ასეთი სტუდენტის მოძებნაც, რომელიც 2 კვირაზე ბევრად ნაკლებ დროს ხარჯავს ფინალურებისთვის მოსამზადებლად.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ლუკა ამბობს, რომ: „მე არ მინდა მაღალი შეფასებები, გამოცდებზე მხოლოდ ზღვარი, რომ გადავლახო საკმარისია. ვფიქრობ, სწრაფი აზროვნება, გამოცდის წინ ყურადღებით კონსპექტების წაკითხვა და ცოტა მოხერხებულობა ამაში მეხმარება “, – განგვიმარტავს სტუდენტი.

აბა, სტუდენტებო, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილებებიც და გვითხარით, რა დრო გჭირდებათ ფინალური გამოცდების მოსამზადებლად?

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები