ახალი წელი საქართველოში ახალგაზრდების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დღესასწაულად ითვლება და ალბათ, თითქმის ყველასთვის, გართობასთან და ერთმანეთისთვის საჩუქრების გაცვლასთან ასოცირდება. სტუდენტს სახალისო აქტივობებისა და ხელმისაწვდომი საჩუქრების სფეროში ნავიგაცია შეიძლება საგანძურზე ნადირობად მოეჩვენოს, ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს, რომლებიც როგორც ბიუჯეტს, ასევე საახალწლო განწყობასაც შეგინარჩუნებთ. მოკლედ, განვიხილოთ, სად შეიძლება ვეძებოთ ხელმისაწვდომი საჩუქრები და გართობა ახალი წლისთვის.
ვფიქრობ, საჩუქრებით უნდა დავიწყოთ – თოვლის პაპის კულტი, პოპულარული თამაში Secret Santa და უბრალოდ ერთმანეთის გახარების სურვილი სხვა არჩევანს არ გვიტოვებს. უპირველეს ყოვლისა, თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორია უნდა მიმოვიხილოთ, სადაც განთავსებულ უამრავ სტენდზე არაერთი მომხიბვლელი და კრეატიული საჩუქრის შეძენა შეგვიძლია, რაც მთავარია იაფად – დარწმუნებული ვარ, სუვენირები, პოსტერები, ჩანთები და ზოგჯერ დამაბნეველი ფორმის, ვინტაჟური, ხშირად გაუგებარი დანიშნულების ნივთები თქვენი ადრესატის საახალწლო განწყობას აუცილებლად უკეთესობისკენ შეცვლის.
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, ნათო კავსაძე STUDINFO.GE-ის უყვება, რომ მან თავისუფლების მოედანზე განთავსებული სტენდები უკვე წარმატებით აითვისა და მისი ადრესატის გახარებაც შეძლო.
„უნივერსიტეტში Secret Santa ვითამაშეთ. საჩუქრის ასარჩევად უამრავ მოლსა თუ სავაჭრო ცენტრში ვიყავი, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ ქალაქში განთავსებული სტენდები აღმოვაჩინე, სადაც ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ სასურველი ადამიანისთვის შესაბამისი საჩუქარი ვერ იპოვო, რადგან არჩევანი საკმაოდ დიდია. ჯამში 25 ლარი დამეხარჯა და 3 საჩუქარი შევუძინე. ვფიქრობ, მოეწონა”, – გვიყვება ნათო.
საახალწლო საჩუქრის შერჩევისას მთელ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია ონლაინ მარკეტების გამოყენება, როგორიცაა eBay, Etsy, Depop… აქ შეგიძლიათ, პროდუქტების ფართო სპექტრი სხვადასხვა, ხელმისაწვდომ ფასად აღმოაჩინოთ. მაგალითად, eBay-ზე თუ საძიებო ველში “ახალ წელს” (New Year) ჩაწერთ, შედეგები გაიფილტრება და თქვენი საქმეც შედარებით გამარტივდება. მოკლედ, თვალი ადევნეთ ფასდაკლებებს, აუქციონებსა და იაფ, თუმცა ხარისხიან ნივთებს, რომლებსაც აუცილებლად შეხვდებით. ყურადღება მიაქციეთ ხოლმე საჩუქრის ჩამოსვლის სავარაუდო თარიღსაც, რათა თქვენი ადრესატი იანვრის ნაცვლად, თებერვალში არ გაახაროთ.
იცით რა არის ყველაზე მიმზიდველი და სენტიმენტალური საჩუქარში? მე მგონია, რომ ის განწყობა და ენერგია, რომელიც თქვენმა სანტამ მისი შერჩევისა თუ გაკეთების პროცესში დახარჯა. დიახ, ხელნაკეთ ნივთებზე ვსაუბრობ, რომლითაც კონკრეტულ ადამიანს, შეიძლება, მთელი ცხოვრების განმავლობაში დაამახსოვრო თავი – იქნება ეს ხელნაკეთი სანთლები, პერსონალური ნამუშევრები თუ თქვენს მიერ მომზადებული კერძები, თქვენი ძალისხმევა აუცილებლად დაფასდება.
თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის (VADS) სტუდენტი, თინათინ გოგლიძე, რომელიც ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს STUDINFO.GE-სთან ამბობს, რომ ბოლო წლებში ხელნაკეთი ნივთების პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა და სტუდენტებში დიდ მოწონებასაც იმსახურებს.
„ხელნაკეთ ნივთებს თავად ვქმნი და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ახალი წლისთვის მათი ჩუქება სენტიმენტალური და ეფექტურია. მასში მთელი შენი ენერგია და ძალისხმევა დევს, რაც იმ ადამიანში ვისაც ჩუქნი, სრულიად განსხვავებულ ემოციებს აღძრავს. ჩემი აბსოლუტური რეკომენდაცია ხელნაკეთ ნივთებს”, – აგვიხსნა თინათინმა.
გარდა ამისა, საახალწლო ფასდაკლებებს შეხვდებით ტექნიკის მაღაზიებში, Miniso-ში, სადაც ფასდაკლებებთან ერთად, საქართველოს ბანკი სტუდენტებს 20%-იან ქეშბექს სთავაზობს, ან Nido.ge-ზე, სადაც საახალწლოდ 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. ონლაინ მაღაზია, Veli Store მომხმარებლებს ახალ წელთან დაკავშირებით, 25-დან 31 დეკმბრამდე, ნივთების სოლიდურ რაოდენობაზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.
ეს ადგილებისა და იდეების მცირე ჩამონათვალი იყო, რომლებიც იმედია, გამოგადგებათ.
ახლა კი დროა, გართობაზეც ვისაუბროთ, რომელიც ახალი წლის განუყოფელი ნაწილია – სტუდენტების დიდი უმრავლესობა ამ დღეს სახლში, ოჯახთან ერთად დროის გატარების შემდეგ აუცილებლად მეგობრებთან ერთად გართობაზე და დაუვიწყარი მოგონებების დაგროვებაზე ფიქრობს, რაც ახალი წლის პერიოდში უფრო „მარტივია”. ხარისხიანი გართობა საფულის დაცარიელებას არ ნიშნავს და ამისთვის მხოლოდ კარგი განწყობა და სწორი მიდგომაც კმარა.
ალბათ, დამეთანხმებით, რომ რესურსების გაერთიანებით მეგობრებს საოცარი დღის შექმნა შეუძლიათ. სახლის წვეულებებზე მომხდარი ამბები ისტორიას რჩება და საყვარელ მოგონებებად იქცევა. რაც ყველაზე მთავარია, სახლში გართობა ძვირი არ ჯდება, რადგან ამ დროს 10-15 ადამიანის რესურსი, კრეატივი და ბიუჯეტი ერთიანდება. მოკლედ, შეკრიბეთ კურსელები და სახლის მყუდრო წვეულება მოაწყვეთ.
ვფიქრობ, საზოგადოებრივი ღონისძიებები სტუდენტებში დაუფასებელი ფენომენია, არადა ძალიან დაბალი ბიუჯეტით, ზოგჯერ უფასოდაც კი ქალაქში ცოცხალი მუსიკის მოსმენა, ცეკვა და ემოციების გაცვლა შეგიძლიათ. სტუდენტების უმრავლესობა ამ შესაძლებლობას აიგნორებს და გართობისთვის სოლიდურ თანხას ხარჯავს.
მაგალითად, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი, ნათია ხმიადაშვილი თვლის, რომ საზოგადოებრივ ღონისძიებებზე გართობა რეალური და შესაძლებელია. მან STUDINFO.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ როდესაც სტუდენტს ან ნებისმიერ ადამიანს უფასო გართობის შესაძლებლობა ეძლევა, ის მაქსიმალურად უნდა აითვისოს.
„ახალ წელთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ ღონისძიებებზე ხშირად ვერ მნახავთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა მაინც დასაფასებელია. უფასო, მისაღები ხარისხის ცოცხალი მუსიკა, ფოიერვერკი და ემოციების გაცვლა – ჩემთვის ეს არის ახალი წელი, რასაც საზოგადოებრივი ღონისძიებებისგან აუცილებლად მიიღებ”, – განაცხადა ნათიამ.
23 დეკემბერს თბილისში საზეიმოდ გაიხსნა „საახალწლო სოფელი“, რომელიც ორბელიანის მოედანს, ათონელის ქუჩას და 9 აპრილის ბაღს მოიცავს. თბილისის მერიის ცნობით, „საახალწლო სოფელში“ ყოველდღიური გასართობი ღონისძიებები 8 იანვრამდე გასტანს. აქ ახალგაზრდებს სხვადასხვა სასმლისა თუ საჭმლის დაგემოვნებასთან ერთად, მუსიკის მოსმენისა და ერთმანეთთან ინტერაქციის შესაძლებლობა ექნებათ. ორბელიანზე განთავსებულ ზოგიერთ ობიექტზე მოქმედებს „ქეშბექ აქცია“ სტუდენტებისთვის, რომლებიც საქართველოს ბანკის სტუდენტურ ბარათს იყენებენ.
კონკრეტულ ღონისძიებებზეც ვისაუბროთ. 31 დეკემბერს დედაენის ბარი (dedaena bar), რომელიც დედაენის ბაღში მდებარეობს ახალგაზრდებს 30 ლარად საკმაოდ საინტერესო გართობას ჰპირდება. კარი 01:00 საათზე გაიღება და ადგილზე ე.წ. Face და Age კონტროლი იმოქმედებს. ეს ადგილი სტუდენტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ფასიც მისაღებია.
„ახალი წლის მობრძანება HipHop Sundays-ით იწყება, ხოდა Crusher x Makar ისეთ სეტს გვიმზადებენ, ერთიანად რომ აგვამოძრავებს საზეიმო აღმაფრენით. რეპით დავიწყებთ და ჟანრიდან ჟანრში ვიცურებთ. ცეკვა, სმა დიდად შესარგი, სამყაროსთვის უკეთესი – ღირსებითა და მშვიდობით სავსე წლის მოთხოვნა იქნება ჩვენი ერთობისა და ურთიერთობის ჯადოსნური მოტივი”, – ვკითხულობთ დედაენის ბარის Instagram -ის გვერდზე.
ახალგაზრდების დადებით განწყობაზე Rati’s Bar-იც იზრუნებს. 1 იანვარს, 21:00 საათზე რატის ბარში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი, Killages წარსდგება. როგორც ცნობილია, ბილეთის ფასი 40 ლარი იქნება და იმოქმედებს face და age კონტროლი.
როგორც ხედავთ, გართობისა და მისაღები საჩუქრის არჩევისთვის საფულის დაცარიელება საჭირო არ არის – ამისთვის კრეატიულობა და მონდომებაც კმარა. დაიმახსოვრეთ, საჩუქრების ღირებულება არა მის ფასში, არამედ არსსა და განწყობაში გამოიხატება.
გილოცავთ შობა–ახალ წელს.
ავტორი: გივი ცერაძე