„გაგვეცანით, მოგვიყევით თქვენ შესახებ“ – ასე იწყება გასაუბრება, ინტერვიუ, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია სამსახურის მაძიებელთა ცხოვრებაში და, რომელსაც თან ახლავს სტრესი, დაძაბულობა და გაურკვევლობა.
იმის გასარკვევად, თუ რა აინტერესებთ ან აწუხებთ სტუდენტებს სამუშაოს ძებნის პროცესში, როგორ უნდა მოემზადონ ინტერვიუსთვის ისე, რომ დაბრკოლებები მინიმუმამდე შეამცირონ და ეტაპი სასიამოვნოსთან ერთად, წარმატებულიც გახადონ, STUDINFO.GE სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს ესაუბრა და მათი ინტერესის შესაბამისად მონიშნული კითხვები ჩვენი სტატიის მთავარ გმირთან გადავამისამართეთ.
მაშ ასე, სტუდენტების კითხვებს გასაუბრების ლაბირინთში შესვლამდე HR ბიზნეს პარტნიორი და Helio.AI-ს თანადამფუძნებელი სულხან სახვაძე პასუხობს.
კავკასიის უნივერსიტეტის მეორეკურსელი სტუდენტის, თორნიკე მასხარაშვილის მსგავსად, ალბათ სხვებსაც დააინტერესებთ პასუხი კითხვაზე: როგორ დავამახსოვროთ თავი პოტენციურ დამსაქმებელს გასაუბრებაზე, არსებობს თუ არა საკვანძო თემები, რომელთა შესახებაც საუბარი დადებითად მეტყველებს კანდიდატზე?
სულხან სახვაძე: ისაუბრეთ კონკრეტულ უნარებზე, ისეთ მიღწევებზე და სამუშაო გამოცდილებაზე, რაც პირდაპირ შეესაბამება სამუშაოს ძირითად მოთხოვნებს. შესაძლებლობის შემთხვევაში რაოდენობრივად წარმოაჩინეთ თქვენი შედეგები. აუცილებლად ეცადეთ, ახსნათ, რატომ ხართ დაინტერესებული ამ სამუშაოთი ან ამ კომპანიის და მთლიანად ინდუსტრიის მიმართ. შეუსაბამეთ თქვენი მოტივაცია მათ ბიზნეს მისიას და კულტურას. გამოხატეთ მზაობა უნარების მუდმივი განვითარებისადმი და დროთა განმავლობაში ახალი გამოწვევების მიღების მიმართ. დაიმახსოვრეთ, რომ უმეტესად, კომპანიებს სურთ მუშაობა ადამიანებთან, რომლებიც გამოავლენენ ინიციატივებს და განვითარდებიან ამ როლში!
აქვე გიზიარებთ რესპონდენტის რამდენიმე საბაზისო რჩევას რეზიუმეებსა და ინტერვიუებთან დაკავშირებით, მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით: ეცადეთ რეზიუმე იყოს ლაკონიური. გამოიყენეთ ისეთი საკვანძო სიტყვები, რომლებიც შეესაბამება გამოცხადებულ ვაკანტურ პოზიციაზე სამუშაოს აღწერილობას. წინასწარ შეისწავლეთ კომპანიის კულტურა და ღირებულებები, რათა გაიგოთ, რა თვისებებსა და პასუხებს ეძებენ ისინი პოტენციური კანდიდატებში. დასვით რელევანტური კითხვები, რომლებიც აჩვენებს თქვენს ინტერესს კომპანიის მიმართ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, გაიღიმოთ და შეინარჩუნოთ გააზრებული სხეულის ენა. სხეულის ენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმაში, თუ როგორ აღიქვამენ ინტერვიუერები კანდიდატებს. ექსპერტების შეფასებით, არავერბალური მინიშნებები, მათ შორის სხეულის ენა, შეადგენს ინტერვიუს დროს მიღებული საერთო შთაბეჭდილების 55%-ს ან მეტს. საუბრისას გამოიყენეთ ხელის ბუნებრივი ჟესტები, რათა დაგეხმაროთ თქვენი აზრების ილუსტრირებაში. შეზღუდეთ ნერვული ჟესტები, რადგან ეს მიუთითებს შფოთვაზე. მოერიდეთ ქცევებს, როგორიცაა დროის ან თქვენი ტელეფონის შემოწმება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორეკურსელ ნუცა აგულაშვილთან საუბრის დროს გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი დამაბნეველი მისთვის ისაა, თუ რა პრინციპით უნდა წარმოაჩინოს თავი ჯგუფურ გასაუბრებაზე, როგორ ამოირჩევენ რამდენიმე კანდიდატიდან ერთს და საერთოდ, რა ტიპის სამსახურისთვის იგეგმება ხოლმე ასეთი გასაუბრება ან რატომ?
სულხან სახვაძე: ჯგუფური ინტერვიუ საკმაოდ საინტერესო ტექნიკაა რეკრუტერებისთვის, თუმცა კანდიდატისთვის ნამდვილად შეიძლება იყოს დამაშინებელი. თქვენი საერთო მიზანი უნდა იყოს, აჩვენო, რომ შეგიძლია ეფექტური კომუნიკაცია, კარგად იმუშაო გუნდში და ამავდროულად, გამოირჩეოდე სხვებისგან. ძირითადი, რაც ამ დროს უნდა გვახსოვდეს ისაა, რომ ინდივიდუალური ინტერვიუსგან განსხვავებით, ჯგუფური გასაუბრებისას, თქვენ, კანდიდატები არ მართავთ მთელ დროს. საქმე იმაშია, რომ რეკრუტერი ცდილობს ნახოს, როგორ ურთიერთობთ გუნდში. ასე რომ, ქცევის დონეზე აქცენტი გააკეთეთ გუნდში მუშაობის უნარებზე. შეგიძლიათ, დამატებითი დაზუსტებები გააკეთოთ სხვების შეთავაზებულ პუნქტებთან დაკავშირებით. როდესაც საუბრობთ, აუცილებელია, შეინარჩუნოთ თვალით კონტაქტი როგორც ინტერვიუერებთან, ასევ სხვა კანდიდატებთან. აუცილებლად აღნიშნეთ, თუ ეთანხმებით ვინმეს მიერ წამოყენებულ აზრს. იყავით თავაზიანი, თუ არ ეთანხმებით. აჩვენეთ, რომ შეგიძლიათ გააზრებული დისკუსია.
„ანაზღაურებაზე საუბარი თითქოს ტაბუდადებულია, იშვიათად ეხებიან ამ საკითხს და ხშირად არც აკონკრეტებენ“ – ამბობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეოთხეკურსელი გიორგი ცისკაძე ჩვენთან საუბრისას და სწორედ აქ ჩნდება მორიგი კითხვაც: როგორ განვმუხტოთ ის უხერხულობა, რაც ანაზღაურებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას მოაქვს და, რამდენად ეთიკურია ამაზე კითხვის დასმა კანდიდატის მხრიდან?
სულხან სახვაძე: ხელფასზე კითხვის დასმისას ნორმალურია, რომ უხერხულად იგრძნო თავი, მაგრამ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა მთლიანი პროცესის განმავლობაში, რომელიც ღიად უნდა განიხილებოდეს. როგორც კანდიდატს, თქვენ სრულად გაქვთ უფლება, გაიგოთ ვაკანტური პოზიციისთვის განსაზღვრული სახელფასო დიაპაზონი. გამოიყენეთ ე.წ. გარდამავალი განცხადება, რათა გზა გახსნათ ამ კითხვისკენ და თემის გასაადვილებლად, მაგალითად: “როგორც ჩანს, ჩვენ მივუახლოვდით ჩვენი საუბრის დასასრულს. მე მინდოდა მეკითხა სახელფასო დიაპაზონი, რომელიც არის განსაზღვრული ამ ვაკანტური ადგილისთვის”.
აუცილებელია დაარწმუნეთ ინტერვიუერი, რომ გაინტერესებთ კონკრეტული პოზიცია მისი მთელი მდგენელებით, და ანაზღაურება არ არის ერთადერთი მამოტივირებელი საკითხი: „მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურება არ არის ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხი ამ ვაკანტურ პოზიციაზე ჩემი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბიუჯეტის განსაზღვრული დიაპაზონის გაგება დამეხმარება მოლოდინების განსაზღვრაში“. მთავარი არის ის, რომ იკითხოთ ინფორმატიული და არა კონფრონტაციული გზით. დაიმახსოვრეთ, რომ სანამ თქვენი თხოვნა არის გონივრული და პროფესიონალური, ხელფასის განხილვა მნიშვნელოვანია და სავსებით ეთიკურია, როგორ უხერხულადაც არ უნდა იგრძნოთ თავი ამ მომენტში.
სალომე ხურცილავასთვის კი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელია, ძირითადი დაბრკოლება სამსახურეობრივი გამოცდილების არქონაა. ყველაზე მეტად ეს ფაქტორი ანერვიულებს, თავს სხვებისთვის სუსტ კონკურენტად მიიჩნევს. შესაბამისად, მისი კითხვა ასე ჟღერს: რა შემთხვევაში შეიძლება ამჯობინონ გამოუცდელი კადრი გამოცდილს?
სულხან სახვაძე: არსებობს რამდენიმე საკითხი, რისი გათვალისწინებითაც ადამიანს შეუძლია, რომ გამოირჩეოდეს როგორც ძლიერი კანდიდატი: მთავარია, ხაზგასმით აღნიშნოთ განათლების ან ცხოვრების სხვადასხვა დროს მიღებული უნარები და გამოცდილება, რომლებიც ეხება ახალ როლს. ეფექტური კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება, გუნდური მუშაობა, ლიდერობა და ა.შ. დაუსვით ინტერვიუერს გააზრებული კითხვები, რომლებიც გამოხატავს ინტერესს, ჩართულობას, შესაბამისობას… მოიძიეთ ინტერვიუერისგან წარმატების იდეალური უნარ-ჩვევების/თვისებების შესახებ ინფორმაცია და გამოიყენეთ მიღებული უკუკავშირი პასუხების ფორმირებისთვის. მოიკვლიეთ ვაკანტური პოზიციის ინტერვიუსთვის განკუთვნილი მოსალოდნელი თემები. მოიძიეთ დამატებითი განათლების შესაძლებლობა ყველაზე მაღალი მოთხოვნის ნაწილში, რომელიც აკლია თქვენს რეზიუმეს.
დაიმახსოვრეთ, რომ უმეტესად კომპანიებს სურთ მუშაობა ადამიანებთან, რომლებიც გამოვლენენ ინიციატივებს და განვითარდებიან ამ როლში. შესაძლებლობისადმი ენთუზიაზმმა შეიძლება გამოარჩიოს კანდიდატი!
წარმატებულ ინტერვიუს გისურვებთ!
ავტორი: მარიამ ოსაძე