2014 წლის 14 ნოემბერს, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა სოციალური მედიის პლატფრომამ, YouTube-მა ფასიანი სერვისი, YouTube Premium გამოუშვა, რომელიც 9 წლის შემდეგ უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია.
YouTube Premium რამდენიმე კომფორტულ სერვისს გთავაზობთ. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ის პლატფორმაზე ვიდეობის რეკლამის გარეშე ყურების საშუალებას გაძლევთ. ამასთან ერთად, ფასიანი სერვისი ვიდეოების გადმოწერის საშუალებას იძლევა, რომელთა ყურებაც ინტერნეტის გარეშე, მაგალითად, მეტროთი მგზავრობისას შეგიძლიათ. ასევე, Premium გამოწერა YouTube–ით სარგებლობის უფლებას მაშინაც გაძლევთ, როდესაც სხვა აპებს იყენებთ.
YouTube Premium-ის ფუნქციებსა და ფასებს ქართველი სტუდენტები განსხვავებულად აფასებენ. უპირველეს ყოვლისა, გეტყვით, რომ ერთთვიანი ინდივიდუალური პაკეტის ფასი 17.49 ლარია; საოჯახო პაკეტის ფასი — 33.29 ლარი; ხოლო სტუდენტური პაკეტის ფასი, რომელზეც პლატფორმამ სპეციალური ფასდაკლება დააწესა, თვეში 10.29 ლარს შეადგენს. წლიური პაკეტები ამ ეტაპზე წარმოდგენილი არ არის.
STUDINFO.GE-ს რესპონდენტი, აგრარული უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტი, თეოდორე ქარელიძე, რომელიც ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს, ამბობს, რომ იმ ფუნქციებიდან გამომდინარე, რომლებსაც YouTube Premium გვთავაზობს, დაწესებული ფასები სრულიად მისაღებია.
„ვფიქრობ, YouTube Premium-ს აუცილებლად შევიძენ, რადგან ვიდეობის რეკლამის გარეშე ყურება უდიდესი კომფორტია, რომელიც ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, თითქმის შეუძლებელი გახდა. საინტერესო სიახლეა და მგონია, რომ, უდიდესი ალბათობით, წარმატებით იმუშავებს”, – მბობს ის.
თეოდორეს არგუმენტს ისიც ამყარებს, რომ YouTube-მა რეკლამის მბლოკავი (ads blocker) აკრძალა, რომელსაც მომხარებლები აქტიურად იყენებდნენ. კომპანიის კომუნიკაციების მენეჯერის, კრისტოფერ ლოუტონის თქმით, პლატფორმამ გლობალურად დაიწყო მომხმარებლების „იძულება”, რომ პლატფორმაზე რეკლამები დაუშვან ან YouTube Premium გამოიყენონ.
თავის მხრივ, თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორის სკოლის (ISET) სტუდენტი, მიხეილ ანანიაშვილი შემოთავაზებული ფასებით უკმაყოფილოა და ფიქრობს, რომ ის ფუნქციების შესაბამისი არ არის.
„იმას, რასაც უფასოდაც ვაკეთებდით, YouTube-მა აკრძალა და ფასი დაადო, თანაც, ვფიქრობ, არც თუ ისე მისაღები. სტუდენტებისთვის სპეციალური ფასდაკლება სასიამოვნოა, თუმცა საოჯახო და ინდივიდუალური პაკეტები ძვირია. ალბათ, YouTube Premium-ს არასდროს გამოვიყენებ”, – ვარაუდობს STUDINFO.GE-სთან საუბარში მიხეილი.
YouTube Premium-ის პაკეტში YouTube Music-იც შედის, რომელიც Apple Music-ს, Spotify-სა და სხვებს პირდაპირ კონკურენციას უწევს. როდესაც ამ გეგმას იყენებთ, ის Spotify-ის მსგავსად მუშაობს და მისი გამოყენება მხოლოდ YouTube Music აპში შეგიძლიათ.
YouTube Premium-ს საზღვარგარეთ დადებითად აფასებენ. გეგმა ურეკლამო სერვისს YouTube-ისთვის, ასევე YouTube Music-ისთვისა და YouTube Kids-ისთვის გთავაზობთ, რაც კომფორტულია.
„ვფიქრობთ, რომ ეს შესანიშნავი გარიგებაა ორ სხვადასხვა სერვისზე წვდომისთვის, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ვიდეო ნაკადის სერვისზე ურეკლამო წვდომისთვის. კიდევ უკეთესია, თუ შვილები გყავთ. სტუდენტებისთვის სპეციალური ფასდაკლება კი ფასს სრულიად მისაღებსა და ხელმისაწვდომს ხდის”, – ვკითხულობთ YouTube-ის ექსპერტის, რეი მონდლეოს ბლოგ პოსტში.
ავტორი: გივი ცერაძე