შენი ტელეფონი დაცულია? – ექსპერტების რჩევები სტუდენტებისთვის ტელეფონების უსაფრთხოების შესახებ

სტუდZona

დღევანდელ გაციფრულებულ სამყაროში ტელეფონი თითოეული ადამიანის განუყრელ ნაწილად იქცა. ლოგიკურია, რომ მან სტუდენტების აკადემიურ ცხოვრებაშიც აქტიურად შეაღწია და გარკვეულწილად, განათლების მიმართ არსებული მიდგომებიც შეცვალა. დიახ, ტელეფონს უამრავი სტუდენტი იყენებს, თუმცა მის დაცვაზე ყველა არ ზრუნავს.

საინტერესოა, რამდენად იაზრებენ ქართველი სტუდენტები მობილურის მაღალ დონეზე დაცვის მნიშვნელობას და აქვთ თუ არა საკმარისი ინფორმაცია საჭირო პრაქტიკებზე, რომლებიც ამ პროცესის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. თვალსაჩინოებისთვის რამდენიმე მათგანი გამოვკითხეთ და აღმოჩნდა, რომ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული ცნობიერება არც თუ ისე მაღალია.

კიბერუსაფრთხოება კარს გავს – რაც უფრო დაცულია, მით უფრო რთულია მისი გაღება. სტუდენტებო, გახსოვდეთ, რომ თქვენი ინფორმაციის კონფიდენციალურობა და წყაროების უსაფრთხოება იმ მეთოდებსა და ინსტრუმენტებზეა დამოკიდებული, რომლებსაც იყენებთ.

მაგალითად, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, დავით ყურელი, რომელიც კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის პროგრამაზე სწავლობს STUDINFO.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისურვებდა. მისი თქმით, ხელსაწყოებსა და პრაქტიკებზე, რომლებიც ტელეფონის დაცვას უზრუნველყოფს, გარკვეული წარმოდგენა გააჩნია, თუმცა საკითხს სიღრმისეულად არ იცნობს.

„სტუდენტებისთვის საკუთარი მობილურის დაცვა უმნიშვნელოვანესია, თუმცა სიმართლე გითხრათ, ამისთვის ბევრს არაფერს ვაკეთებ. მოსალოდნელი საფრთხეების შედეგები შეიძლება მძიმე იყოს, რამაც პერსონალურ მონაცემებზე, აკადემიურ პროგრესსა და ფინანსურ უსაფრთხოებაზეც კი იმოქმედოს. დიდად წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ თავი დაცულად ვიგრძნო. ვფიქრობ, ამ საკითხზე ქართულ სივრცეში მეტი უნდა ისაუბრონ”, – ამბობს დავით ყურელი.

ტელეფონის დაცვის უამრავი პრაქტიკა არსებობს, თუმცა მათგან ყველას გათვალისწინება, ცხადია, რთულია. ამასთან ერთად, კონკრეტული ქეისებიც მრავლადაა – როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ მობილურს დავკარგავთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კონფიდენციალური ინფორმაცია დაცული იყოს, როგორ ავირიდოთ კიბერშეტევები და სხვა. აქედან გამომდინარე, ქართველ ექსპერტებს ვთხოვეთ, ჩვენთვის ძირითადი, ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევები მოეცათ, რომლებიც სტუდენტსა თუ სხვა ნებისმიერ ადამიანს თავს დაცულად აგრძნობინებს.

ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და 15 წელზე მეტია, ამ სფეროში მუშაობს, STUDINFO.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ პაროლები ჩვენი მონაცემების დაცვის პირველი ხაზია, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი სერიოზულად უნდა მიუდგეს.

„ცნობილია, რომ თავდამსხმელების ძალიან დიდ ნაწილს ხშირად მოწყობილობაში შესაღწევად დიდი შრომა და ფიქრი არ უწევთ, რადგან მომხმარებლების მიერ შერჩეული პაროლები, მარტივად რომ ვთქვათ, ადვილად გამოსაცნობია. 123456, password, 12345678 – ეს იმ პაროლების ჩამონათვალია, რომლებსაც ადამიანები ყველაზე ხშირად იყენებენ. დამატებითი უსაფრთხოებისთვის თითის ანაბეჭდისა და სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენებაც შეგიძლიათ.

„ძლიერი პაროლი მინიმუმ 15 სიმბოლოსგან უნდა შედგებოდეს და სრულიად შემთხვევით არჩეულ დიდ და პატარა ასოებს, რიცხვებსა და სიმბოლოებს უნდა შეიცავდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენთან დაკავშირებული და ასოცირებული ინფორმაციის პაროლში გამოყენება შეცდომაა – მაგალითად, დაბადების წლის თუ დღის, ოჯახის წევრის სახელის და ა.შ.”, – გვიხსნის ნინო გამისონია.

მისივე თქმით, მობილურზე დაყენებული პაროლი Word ან Excel ფაილებში არ უნდა შევინახოთ და ამისთვის პაროლის მენეჯერი უნდა გამოვიყენოთ:

„ეს მცირე ზომის აპლიკაციებია, სადაც თქვენი პაროლების შენახვა უსაფრთხოდ შეგიძლიათ.

ბევრი პაროლის დამახსოვრება რთულია, ამიტომ საუკეთესო გზა პაროლის მენეჯერის გამოყენებაა. Google-სა და Apple-ს პაროლების მენეჯერები მათ ჩაშენებული აქვთ, თუმცა სხვა აპლიკაციების გადმოწერაც შეგიძლიათ”.

STUDINFO.GE–ის მკითხველს მნიშვნელოვან და საინტერესო რჩევებს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, გიორგი გურგენიძეც უზიარებს, რომელსაც 12+ წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორებში, საქართველოს ასე მის ფარგლებს გარეთ.

გიორგი მობილურის დაცვის პირველ ეტაპად პროგრამული უზრუნველყოფის მუდმივ განახლებას მიიჩნევს. მისი თქმით, ახალგაზრდები ხშირად, მაგალითად, Iphone-ზე ახალი IOS-ის დაყენებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ და ზოგჯერ ამას მხოლოდ ვიზუალური თუ სხვა ფუნქციების განვითარებისთვის აკეთებენ, რაც შეცდომაა.

„ყოველთვის განაახლეთ თქვენი ტელეფონის ოპერაციული სისტემა და აპები. ეს განახლებები ხშირად უსაფრთხოების პაჩებს შეიცავს, რომლებიც იმ დაუცველობებს აფიქსირებს, რომლებიც თავდამსხმელებმა, შეიძლება, სათავისოდ გამოიყენონ”, – გვაფრთხილებს გიორგი.

როგორც ის ამბობს, მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ ჩამოტვირთვებსაც და ამისთვის მხოლოდ ოფიციალური აპლიკაციის მაღაზიები გამოვიყენოთ.

„ფრთხილად იყავით ჩამოტვირთვებთან დაკავშირებით: ჩამოტვირთეთ აპლიკაციები მხოლოდ ოფიციალური აპების მაღაზიებიდან, როგორიცაა Google Play Store ან Apple App Store. მოერიდეთ ჩამოტვირთვას მესამე მხარის წყაროებიდან, რადგან მათ მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შენახვა შეუძლიათ”, – გვიხსნის გიორგი.

საერთაშორისო ექსპერტები სტუდენტებს ურჩევენ, რომ მაქსიმალურად აარიდონ თავი ფიშინგს (ფიშინგი კიბერთაღლითობის გავრცელებული ფორმაა, რომლის მიზანია მსხვერპლს მოტყუების გზით სენსიტიური ინფორმაცია მოიპაროს. შეტევისთვის მეილს იყენებენ, რომელიც, ერთი შეხედვით, სანდრო ჩანს). მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა ფიშინგის მცდელობების ამოცნობა წარმატებით შეძლონ, რათა აკადემიური თუ პირადი ინფორმაციის გაზიარება ან დაკარგვა თავიდან აიცილონ.

ფიშინგის ამოცნობის რამდენიმე გზა არსებობს – არასწორად დაწერილი სახელები, პერსონალური ინფორმაციის გადაუდებელი მოთხოვნა და საეჭვო დანართები ფიშინგის ნიშნებია. ამ შემთხვევაში მეილის გახსნას უნდა მოერიდოთ და ის უბრალოდ წაშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა სენსიტიური ინფორმაცია ცუდ ხელში აღმოჩნდეს.

და ბოლოს, რეგულარულად შექმენით მონაცემთა სარეზერვო ასლები. კიბერ ინციდენტის შემთხვევაში, სარეზერვო ასლის არსებობა კრიტიკული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ამით თქვენი საბაკალავრო ნაშრომების, ფინალური დავალებებისა თუ სხვა საჭირო დოკუმენტების დაკარგვას აიცილებთ თავიდან.

ტექნოლოგია უსწრაფესად ვითარდება, რაც მხოლოდ კარგის მომტანი არ არის – ბოლო წლებში კიბერშეტევების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია, ამიტომ, სტუდენტებისთვის  მათი მოწყობილობებისა და მონაცემების დასაცავად ცოდნისა და პრაქტიკული სტრატეგიების გაძლიერება უმნიშვნელოვანესია. გახსოვდეთ, რომ ტექნოლოგიების სამყაროში ნავიგაციისთვის სიფრთხილე და საკმარისი ინფორმაციის ცოდნა უმთავრესია.

ავტორი: გივი ცერაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები