სახლიდან წამოღებული „ლანჩბოქსი“ თუ ქუჩის მზა საკვები? – რას ირჩევენ ილიაუნელები და რა ალტერნატივები აქვთ სტუდენტებს

სტუდZona

უნივერსიტეტის ერთი დღე სტუდენტისთვის შეიძლება, ძალიან დატვირთული იყოს. ლექციებს შორის ხანგრძლივი შუალედი ენერგიას მოითხოვს. დაღლილ, ენერგიაგამოცლილ და პლუს -მშიერ სტუდენტს, სივრცე უნივერსიტეტის შემოგარენში სჭირდება, ახლოს, სადაც თან გამოიკვებება და თან დასვენების საშუალებაც ექნება. ამას ემატება ისიც, რომ აუცილებელია, საკვები სივრცე ბიუჯეტური იყოს, რადგან ყველამ ვიცით, სტუდენტის შემოსავალი არც ისე დიდია, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ იგი არ მუშაობს.

უნივერსიტეტების კორპუსებში საკვებ სივრცეებს იშვიათად შევხვდებით, ერთ-ერთი გამონაკლისი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი კორპუსია (ჭავჭავაძის გამზირის N32), რომლის შიგნითაც კაფეტერია – „უნიფუდია“ განთავსებული. სტუდენტთა ნაწილისთვის კაფეტერია მისაღები სივრცეა გემრიელად საჭმელად, რადგან ისინი უნივერსიტეტიდან გაუსვლელად ახერხებენ ადგილზე კვებას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ კორპუსში მყოფი სტუდენტების უმრავლესობა ერთ არჩევანს აკეთებს – იკვებებიან „უნიფუდში“, რადგან როგორც თავად ამბობენ, იქ კომფორტული გარემოა შექმნილი.

ილიაუნის მესამე კურსის სტუდენტი ანა კრიტიული, STUDINFO.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტში, ძირითადად, შუალედურების დროს იკვებება და არჩევანს ისიც „უნიფუდ“-ზე აჩერებს. ილიაუნელებს კი ურჩევს, რომ სწორედ აქ მიირთვან, რადგან თვლის, რომ უნივერსიტეტის კაფეტერია საკმაოდ ბიუჯეტური გამოსავალია.

კაფეტერიის გარდა, უნივერსიტეტის შემოგარენში მაღაზია „გუდვილიც“ არის, სადაც მზა საკვები იყიდება და თან მაგიდებიც დგას, თუმცა ხშირია შემთხვევა, როდესაც აქ ბევრი სტუდენტი იკრიბება და დასაჯდომი ადგილები აღარ რჩება.

„გუდვილშიც ხშირად ვჭამ. კარგი ლობიანი აქვთ. თუ ადგილი დაგხვდა, ანუ გაგიმართლა“, – ამბობს ჩვენთან საუბრისას სოციოლოგიის სტუდენტი, გვანცა ივანიძე.

„გუდვილში“ ბიუჯეტურად კვება საკმაოდ იოლია. მათ 5 ლარის ფარგლებში, სტანდარტული მენიუთი (სტუდენტებისთვის საყვარელი ლობიანი, მზა სალათი, წყალი) გემრიელად დანაყრება ნამდვილად შეუძლიათ. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ უნივერსიტეტის შემოგარენში ორი საკვები ობიექტია, არსებობს სტუდენტთა ის ნაწილიც, ვინც მზა კვებას არ წყალობს. სხვადასხვა მიზეზების გამო, ისინი არ ენდობიან ქუჩაში ნაყიდ საკვებს.

„ძირითადად უპირატესობას ვანიჭებ სახლიდან წამოღებულ საჭმელს. ასეც ვიქცევი. წინასწარ დამაქვს გამზადებული ლანჩბოქსი“, – გვეუბნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, ქეთევან საბაშვილი, რომელიც ჯანსაღად კვების მომხრეა. იგი იმასაც ამბობს, რომ თავის გაკეთებულ ლანჩს ძირითადად მზიურის პარკში მიირთმევს. თუ ცუდი ამინდია, ლანჩის წამოღება კი ვერ მოახერხა, მისი „უკანასკნელი გამოსავალი“ ისევ სუპერმარკეტი „გუდვილია“, რადგან „უნიფუდის“ საჭმელი არ მოსწონს.

საკვების სახლიდან ტარების მომხრეა საერთაშორისო ურთიერთობების მესამე კურსის სტუდენტი, თაკო ჭყოიძეც.

„კვების მხრივ ვერაფერს ვურჩევდი სტუდენტებს, რადგან ხშირად არც მე ვჭამ უნივერსიტეტში, თუმცა კარგი ალტერნატივა მგონია სახლიდან წამოღებული ლანჩი, რომელიც თან ჯანსაღი და თან ბიუჯეტურია“,- ამბობს თაკო STUDINFO.GE-სთან საუბრისას.

P.S. თუ ილიას სტუდენტი ხარ, სამი გამოსავალი გაქვს. პირველი: იკვებო ლოკალურ კაფეტერიაში უნივერსიტეტიდან გაუსვლელად. მეორე: გახვიდე უნივერსიტეტიდან, მიწისქვეშა გადასასვლელით „გუდვილში“ ჩახვიდე, „თუ გაგიმართლა“ და ადგილი დაგხვდა გემრიელად იქ შეისვენო და მესამე- ატარო ლანჩი სახლიდან, რაც მეტ ენერგიას მოითხოვს, თუმცა საკმაოდ კარგი ალტერნატივაა. დიდი არჩევანი და მსგავსი ალტერნატივა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს იშვიათად აქვთ. ასე რომ, შეიძლება ითქვას – ილიაუნელებს ამ კუთხით ნამდვილად გაუმართლათ.

ავტორი: მარიამ ბარამიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები