რამდენიმე დღის წინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტმა, საბა სამუშიამ, გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ხელოვნური ინტელექტის სასიკეთოდ გამოყენებაზე საუბრობს. საბა, ამჟამად, სასწავლებლად იმყოფება პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტში (Charles University). მისი პოსტიდან ვიგებთ, რომ ევროპაში ლექტორები უკვე დიდი ხანია, რაც ხელოვნურ ინტელექტს სწავლების პროცესში იყენებენ.
„ფრანგულის შუალედურზე უნდა დაგვეწერა, თითქოს [ემანუელ] მაკრონი ვიყავით და GPT [ხელოვნურ ინტელექტს] – პარლამენტარი, რომლის კითხვებზეც პასუხი უნდა გაგვეცა. ქალბატონმა ლექტორმა მისცა ამ GPT-ის შესაბამისი ინსტრუქციები, რა თემაზე უნდა დაესვა [კითხვები] და დანარჩენი ბუნებრივად მოხდა. მერე ამ პოლემიკის პრესრელიზი უნდა დაგვეწერა 1000 სიტყვით, ვითომ ჟურნალისტები ვიყავით, ზოგი – მიკერძოებული, ზოგი – მიუკერძოებელი. უნდა შეგვეფასებინა ერთმანეთის სკრიპტები და აგვეხსნა, რატომ იყო ეს თემები მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის“, – წერს სტუდენტი.
STUDINFO.GE საბას იმ მიზნით დაუკავშირდა, რომ უფრო დეტალურად გაგვერკვია რა ფორმით იყენებენ ლექტორები ხელოვნურ ინტელექტს ევროპულ უნივერსიტეტებში, როგორ შეიძლება ეს ქართულ სასწავლო მოდელს მოვარგოთ და რაში წაადგება აღნიშნული სტუდენტის განვითარებას.
როგორ შეუძლიათ ლექტორებს ხელოვნური ინტელექტის სწავლების პროცესში გამოყენება
როგორც საბა ჩვენთან საუბარში ხსნის, ხელოვნური ინტელექტი იძლევა საშუალებას, რომ ლექტორებმა წინასწარ დაგეგმონ ლექციის მიმდინარეობა. მათ შეუძლიათ, უბრალოდ ჩაწერონ თემის სახელი და AI-ისგან მიიღონ როგორც ტექსტი, ისე ფოტოები და სტუდენტებისთვის ისეთი აქტივობები, როგორიცაა გამოკითხვები, დასასრულებელი (ღია) პასუხები, დისკუსიები და ასე შემდეგ. ამას გარდა, ლექტორებს შეუძლიათ, თავად მოიფიქრონ საგანზე მორგებული დავალებები AI-სთვის, ან ამაშიც ხელოვნურ ინტელექტს სთხოვონ დახმარება. საბა გვაფრთხილებს, რომ AI-ის გამოყენების საკვანძო წესია – ინსტრუქციების მიცემის დროს იყო ზუსტი. სამწუხაროდ, ხელოვნური ინტელექტი ქართულ ენაზე იდეალურად არ მუშაობს, მაგრამ, ინგლისური ენის ცოდნის შემთხვევაში, მასწავლებლებს შეეძლებათ, კრეატიული სწავლების გზების მოსაფიქრებლად, ხელოვნური ინტელექტი დაიხმარონ.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აბიტურიენტების მომზადების პროცესში
გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება რეპეტიტორებს აბიტურიენტებთან მუშაობასაც გაუადვილებს. აი, როგორ: საბა სამუშია გვიყვება, რომ უკვე ხუთი წელია, რაც აბიტურიენტებს ისტორიის გამოცდისთვის ამზადებს და ხელოვნურ ინტელექტს სწავლებისას თავადაც იყენებს.
„ხელოვნურ ინტელექტს აქვს სინთეზის ძალიან ძლიერი უნარი. ფაქტობრივ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მას შეუძლია განსაზღვროს, რა არის შინაარსი, რა არის შედეგი და რა იყო მისი წინაპირობა. ამას მე, როგორც მასწავლებელი, აქტიურად ვიყენებ“, – გვიხსნის საბა სამუშია.
საბა თავისი აბიტურიენტებისათვის მისაცემი დავალებების დაგეგმვის დროს, ხელოვნურ ინტელექტს ფაქტების გადამოწმებასა და პირობების გაუმჯობესების გზებსაც სთხოვს. მაგალითად, ბოლო დავალებაში მან აბიტურიენტებს სთხოვა, რომ ხელოვნურ ინტელექტთან საუბარი ეცადათ. აბიტურიენტი AI-ის მიწერდა, როგორც პიპინ მოკლე, AI კი რომის პაპის როლს მოირგებდა. ახალგაზრდებს უნდა აეხსნათ რომის პაპისთვის, თუ რატომ იყო მათი (ანუ პიპინ მოკლეს) გამეფება კარგი იდეა. ხელოვნური ინტელექტის პასუხზე, რომელსაც სულ რამდენიმე წამი სჭირდება, ისინი ახალ არგუმენტებს მოიფიქრებდნენ. მსგავსი სავარჯიშო (არგუმენტებით მოვლენის ახსნა) ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტშიც გვხვდება, ამიტომ საბა ფიქრობს, რომ მის მიერ მოფიქრებული ხერხი, კარგი ვარჯიშია უმაღლესში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის.
ჩვენ როგორ გამოვიყენოთ სწავლისას ხელოვნური ინტელექტი და რას მოგვცემს ის სტუდენტებს ან მოსწავლეებს
„ერთფეროვნება მოსაწყენია“ – ამბობს საბა ჩვენთან საუბარში და გვიხსნის რომ განვითარებულმა სამყარომ გადაწყვიტა, AI კი არ აღმოვფხვრათ, გამოვიყენოთ.
როგორც საბასთან საუბრისას გაირკვა, ხელოვნური ინტელექტის მთავარი სარგებელი ისაა, რომ იგი სწრაფია, აქვს ამოუწურავი რესურსი და თანაც უფასოა. ქართველ სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, რომ რამდენიმე წამში ჰქონდეთ წვდომა იმ ინფორმაციასთან, რომელსაც ევროპის უნივერსიტეტები სწავლებისას იყენებენ და AI-სთან მუშაობით გაიუმჯობესონ კრიტიკული აზროვნების უნარი.
„რადგან უკვე მასობრივია და ყველგან არის, ნუღარ ვებრძვით და სასიკეთოდ გამოვიყენოთ. ასე სწავლების პროცესი უფრო სახალისოა ახალგაზრდებისთვის, თანაც უფასოა. განსაკუთრებით საინტერესოა AI-ის როლი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ახალი ენის დაუფლებას ცდილობენ. მას შეგვიძლია ვთხოვოთ ჩვენთვის ახალი სიტყვების სიის მოწოდება, გავასწორებინოთ შეცდომები და ავახსნევინოთ მიზეზი. რაც მთავარია, ჩვენ შეგვიძლია მასთან დავამყაროთ დიალოგი იმ ენაზე, რომელსაც ამჟამად ვსწავლობთ და ამით მივიღოთ კომუნიკაციის პრაქტიკაც“, – გვიხსნის საბა.
ამას გარდა, ხელოვნური ინტელექტის სწორად გამოყენების შემთხვევაში, პროფესიული უნარების განვითარებაც შეგვიძლია. მაგალითად, საბა გვთავაზობს, რომ ჟურნალისტიკის სტუდენტებმა AI-ის მაღალი დონის სტატიები გაუგზავნონ და მისი ნიმუშად გადაკეთება სთხოვონ. AI დაადგენს კანონზომიერებას და აგიხსნით თუ რა ახასიათებთ კარგ სტატიებს, რომელი ტერმინები შეგიძლიათ გამოიყენოთ მასალის გასამდიდრებლად და რა სტრუქტურით უნდა დაწეროთ. საბას თქმით, მსგავსი მეთოდების მოფიქრება ყველა პროფესიაზეა შესაძლებელი.
P.S. თაობათა ცვლამ და ტექნოლოგიურმა წინსვლამ საჭირო გახადა სწავლების მეთოდების შეცვლა. სტუდენტებს აღარ სურთ დაზეპირებით მასალის სწავლა მაშინ, როდესაც AI უფრო სახალისო და კომპლექსურ ლექციებს გვთავაზობს. და როგორც ჩვენი სტატიის გმირი საკუთარ პოსტში წერს, „ევროპული უნივერსიტეტები უკვე აქტიურად იყენებენ ამ მეთოდს და ჩვენ რაღას ველოდებით?!“.
ავტორი: ზანდა გედენიძე