სიზარმაცე თუ პროკრასტინაცია სტუდენტებში? – როგორ ვებრძოლოთ საქმის გაჭიანურებისაკენ მიდრეკილებას

სასარგებლო რჩევები

არაერთი სტუდენტი სემინარისა თუ გამოცდისთვის მზადებას ბოლო ვადის მიწურულს იწყებს. მაგალითად, თქვენი ოთახი ყოველთვის არეულია, მაგრამ ახლა, როდესაც უნივერსიტეტისთვის საგამოცდო მზადება გაქვთ, ოთახის დალაგების სურვილი გაგიჩნდათ. ან, თუნდაც, იმ სატელევიზიო შოუს ყურება მოგინდათ, რომელიც სხვა დროს სისულელედ გეჩვენებოდათ. გეცნოთ სიტუაცია? თუ კი, მაშინ, სავარაუდოდ, თქვენ პროკრასტინაციასთან ბრძოლა გჭირდებათ. პროკრასტინაცია არის კომპლექსური ფსიქოლოგიური ქცევა, რომელიც მნიშვნელოვანი საქმეების სხვა დროისთვის გადადებას გულისხმობს, ანუ დედლაინამდე, ბოლო წუთებში მოგვარებას.

ის, რომ სტუდენტებში საქმის გაჭიანურების პრობლემა აქტუალურია, STUDINFO.GE-სთან თავად ახალგაზრდებიც საუბრობენ. ხოლო ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი, ფსიქოთერაპევტი გვიხსნის, როგორ განვასხვავოთ სიზარმაცისგან და ვებრძოლოთ საქმის გაჭიანურებისაკენ მიდრეკილებას –
პროკრასტინაციას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, მარიამ ნატრაძე გვიყვება, რომ კონცენტრაცია და საქმის დროულად შესრულება მისთვის ყოველთვის დიდი პრობლემაა და აქვს საკუთარი გამოსავლებიც.

„პროკრასტინაციასთან საბრძოლველად პირველი ნაბიჯია მიზეზის გაგება – რატომ ვერ ვასრულებთ საქმეს? მაგალითად, მოსამზადებელი თემაა გაუგებარი და ამიტომ, უბრალოდ გვეზარება, ვფიქრობთ, რომ ცუდად გავაკეთებთ თუ სხვა მიზეზია? არსებობს 5 წამის წესი, რომელსაც ერთ-ერთ გამოსავლად მივიჩნევ.

როდესაც დავალება გაგვახსენდება, ვიწყებთ ათვლას ხუთამდე და ვიწყებთ მუშაობას, რათა საკუთარ თავს დაფიქრების საშუალება არ დავუტოვოთ. ასევე, საქმის პატარ-პატარა ნაწილებად დაყოფაც აადვილებს ხოლმე მის დაწყებას, რადგან გონებას ვატყუებთ, რომ ბევრი პატარა დავალება გვაქვს და არა ერთი და რთული“, – გვიხსნის მარიამი.

მარიამ ოსაძე კი პირველ რიგში მოტივაციისა და ინსპირაციის პოვნისკენ მოგვიწოდებს, რადგან მისი თქმით პროკრასტინაცია ხშირად სწორედ ამ მიზეზს უკავშირდება.

„მე თავს ვახსენებ ხოლმე, რომ ახლა რეალური შესაძლებლობა მაქვს, შრომით და სწავლით მივაღწიო ჩემს მიზნებს. საფეხურებად მაქვს წარმოდგენილი, ერთს თუ გამოვტოვებ, მეორეზე ვერ ავალ. თუ, რა თქმა უნდა, დარჩენა არ მინდა იქ, სადაც ამჟამად ვარ. ვინაიდან მუსიკა ძალიან მიყვარს, დილით ვრთავ ხოლმე იმას, რომელიც კარგ განწყობას შემიქმნის და კომფორტული ძილიდან გამოღვიძებულს ხასიათზე მომიყვანს. საქმის კეთების დროსაც მივმართავ ამ ხერხს, რადგან მშვიდი მელოდია გონებას კონცენტრაციაში ეხმარება. ამას გარდა, შევამჩნიე, რომ ღია სივრცეში ბევრად პროდუქტიული ვარ. თუ ამინდი ხელს გიწყობთ, აუცილებლად სცადეთ ბუნებაში სწავლა“, – ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მეოთხე კურსის სტუდენტი.

ფსიქოთერაპევტი თამარ გოგოლაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ პროკრასტინაციასთან გამკლავება ერთბაშად და ჯადოსნურად არ ხდება, რადგან შესაძლოა, ეს უბრალოდ ერთი გამოვლინება იყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების, როგორიც არის დეპრესია ან შფოთვითი აშლილობები.

„საზოგადოების დიდ ნაწილს სჭირდება სტრესთან და შფოთვასთან გამკლავების უნარების ათვისება, ამის შემდეგ ადამიანები უკვე შეძლებენ, საკუთარი ცხოვრება სასურველ ლიანდაგზე დააბრუნონ. ასევე, თუ ადამიანი იტანჯება პერფექციონისტული მიდრეკილებებით და პროკრასტინაციაც ამითაა გამოწვეული, სასურველია, მან დაიწყოს ფსიქოთერაპია, რადგან ეს საკმაოდ კომპლექსური პრობლემაა.

სპეციალისტი გვიხსნის იმასაც, რომ თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები, რომლებიც მისი აზრით დაეხმარება პროკრასტინაციასთან ბრძოლაში და ეს გადაწყვეტილებები, სხვადასხვა საშუალებით ხშირად შეახსენოს საკუთარ თავს.

„შეიძლება, კედელზე გააკრას შეხსენებები, ტელეფონისა და კომპიუტერის ეკრანზეც დააყენოს. შეიძლება დავაწესოთ, რომ როცა გაგვახსენდება რომელიღაც გასაკეთებელი საქმე, მაშინვე დავიწყოთ მისი კეთება, წინასწარი მომზადების გარეშე და არ გადავდოთ. ასე, შესაძლოა, რაღაცები ნაკლებ იდეალურად გამოგვივიდეს, მაგრამ სამაგიეროდ შესრულებული საქმე ჩვენს თვითშეფასებაზე დადებითად იმოქმედებს და მოტივაციაც აგვიმაღლდება. შეცდომები ნორმალურია, ყველაფერს იდეალურად ვერ გავაკეთებთ და ეს ჩვენს თავს მუდმივად უნდა შევახსენოთ. წარუმატებლობა და მარცხიც გამოცდილება და გაკვეთილია, ამიტომ მოქმედება ყოველთვის სჯობს უმოქმედობასა და გადადებულ საქმეებს, რომლებიც თავის მხრივ, გამუდმებული შფოთვით გვასაჩუქრებენ“, – გვიხსნის თამარ გოგოლაძე.

STUDINFO.GE-ს შეკითხვაზე, რით განსხვავდება პროკრასტინაცია და სიზარმაცე? – სპეციალისტი ამბობს, რომ ფსიქოლოგიაში “სიზარმაცე არ განიხილება როგორც პიროვნული მახასიათებელი, ის უფრო მეტად განიხილება როგორც გარკვეული მიზეზებით გამოწვეული შედეგი:

„ყველაზე ხშირ მიზეზებად გვევლინება მოტივაციის ნაკლებობა ან საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობა. „სიზარმაცე“ ყველა ადამიანს ეუფლება დროდადრო, თუმცა პროკრასტინაცია დროში მეტად მყარი და ინტენსიურია. პროკრასტინაციით შეპყრობილ ადამიანს უჭირს ყოველდღიური თუ შორსმიმავალი გეგმების დასახვა და მათი მიყოლა, მუდმივად გადაავადებს შესასრულებელ ამოცანებს, თუმცა ვერ ახერხებს შფოთვის გადავადებას და გასაკეთებელი საქმეები მძიმე ტვირთად აწვება მის ფსიქიკურ კეთილდღეობას”.

ავტორი: ზანდა გედენიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები