საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები, ერთი კვირის განმავლობაში (15-22 ოქტომბერი) ირანს, სპარსეთის უძველეს დედაქალაქ პერსეპოლისს სტუმრობდნენ. საქართველოს და შირაზის უნივერსიტეტების თანამშრომლობით, მაგისტრატურისა და ბაკალავრის სტუდენტები, პერსეპოლისის სასახლის ინტერდისციპლინურ კვლევაში იღებდნენ მონაწილეობას. ექსპედიციის ფარგლებში, რომელშიც, აგრეთვე ბოლონიის (იტალია) უნივერსიტეტია ჩართული, ახალგაზრდა არქეოლოგებს საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობა ძეგლზე მუშაობის პროცესში მიეღოთ. სტუდენტები ქალაქიდან დაახლოებით 5-6 კმ-ის მოშორებით მდებარე მთავარ კარიბჭესთან მუშაობდნენ.
„ჩვენ უშუალოდ კარიბჭის კედლების არქეოლოგიურ სამუშაოებში ვიღებდით მონაწილეობას. ექსპედიციის ფარგლებში მივიღეთ საბაზისო ცოდნა, თუ როგორ ხდება ისეთ უმნიშვნელოვანეს ძეგლებში შესვლა, როგორიც პერსეპოლისია და რა არქეოლოგიური დოკუმენტაცია იწარმოება გათხრების პროცესში“ – ამბობს STUDINFO.GE-სთან საუბრისას საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი, ირაკლი გურგენიშვილი. მისი თქმით, ძეგლზე მუშაობისას მათ მოჭიქული აგურის ფრაგმენტი იპოვეს, რომელიც, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, გამოყენებული უნდა ყოფილიყო ცხოველ- მუშხუშის ფიგურების გასაკეთებლად. ცხოველი კარიბჭის შესასვლელზე იყო გამოსახული.
კარიბჭეს ცენტრალურ ირანში, რომლის კედლების არქეოლოგიურ სამუშაოებშიც იღებდნენ მონაწილეობას, ანალოგი, მხოლოდ ბაბილონში, იშთარის ცნობილი კარიბჭის სახით ჰყავს. კარიბჭე ერთ-ერთი მთავარი იყო, რომელიც ქალაქ ბაბილონს აკრავდა ირგვლივ და ქალაქის ყველაზე დიდ და დახვეწილ კარიბჭეს წარმოადგენდა. მის შესახებ მეტ ინფორმაციას აქ ნახავთ.
„ვფიქრობ, ეს გამოცდილება ყველა არქეოლოგისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა და ძალიან გამიმართლა. სწავლობ მათ განსხვავებულ კულტურას, მაგრამ პარალელებსაც ავლებ საქართველოსთან. სწავლობ მათ ცხოვრების წესს, ტრადიციებს, არქეოლოგიური კვლევის მეთოდიკას, რაც გეხმარება თვალსაწიერის გაზრდაში“, – ამბობს ჩვენთან საუბრისას ექსპედიციის კიდევ ერთი მონაწილე, მარიამ შელია.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები ფარსის რეგიონს სტუმრობდნენ. ირანულ-იტალიურ ექსპედიციაში ისინი 2019 წელსაც იღებდნენ მონაწილეობას, სადაც გათხრების პარალელურად, ჩართულნი იყვნენ მასალის საკონსერვაციო-კამერალურ სამუშაოებში და დარიოსის სასახლის ჩრდილოეთით მდებარე უბნის გეოფიზიკურ კვლევებში.
ავტორი:მარიამ ბარამიძე