როგორ ვიპოვოთ გაცვლითი პროგრამები სახლიდან გაუსვლელად

გაცვლითი პროგრამები

საგანმანათლებლო პროგრამები, ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა, საერთაშორისო სერტიფიცირება და განვითარებული ქვეყნის სტუდენტის სტატუსის პრივილეგია, რაც შემდგომში დასაქმების უდიდესი შესაძლებლობას იძლევა, ყველა სტუდენტის მისწრაფებაა, თუმცა სად და როგორ ვიპოვოთ ასეთი პროგრამები, ბევრისთვის უცნობია. მაშ ასე ძვირფასო სტუდენტო, ამ სტატიაში STUDINFO.GE გთავაზობს გაცვლით პროგრამებზე ინფორმაციის მოპოვების მარტივ საშუალებებს, რომელიც მოგცემს შანსს, გახდე სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტი.

საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებში მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა სასწავლო პროგრამების მოზიდვასა და განვითარებაზე, ამიტომ, პირველ რიგში, შენს უნივერსიტეტში უნდა ეძებო მსგავსი პროექტები. ბევრ უნივერსიტეტს აქვს ვებგვერდი, სადაც შეხვდებით გრაფას „გაცვლითი პროგრამები/პროექტები“, აქ შეგიძლია შეარჩიო შენთვის შესაბამისი და ხელსაყრელი პროგრამა, დამატებით ინფორმაციას კი ადმინისტრაცია ყოველთვის მოგაწვდის, მათაც მიმართე.

ალბათ, იცი, რომ გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობა სახელმწიფოს ვალდებულებაცაა. ამიტომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც აქვეყნებს ინფორმაციას თუ რა სახის დაფინანსებას გვთავაზობს სხვადასხვა ქვეყანა და კონკრეტულად რომელ პროგრამებზე. დაწვრილებით ამ ინფორმაციას ბმულზე გაეცნობი. 

სასურველი საგანმანათლებლო პროგრამების მოძიების კიდევ ერთი წყაროა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, რომელიც ამერიკაში სწავლის მსურველებს გაცვლითი პროგრამებით ამარაგებს. ზოგიერთი ახალგაზრდა ამერიკაში განათლების მიღებას შეუძლებლად მიჩნევს, თუმცა საპირისპიროს შეხვდებით აქ:

მათთვის, ვისაც ქართულთან ერთად, უცხოურ ენაზეც არ უჭირს ინფორმაციის გაგება, ყველასთვის ნაცნობი სახელია ERASMUS+ რომელიც აქტიურად აკეთებს გრძელვადიან გაცვლით პროგრამებს და ხშირად აფინანსებს სტუდენტებს სხვადასხვა მიმართულებით. ყოველდღიური სიახლეების მისაღებად შეგიძლიათ facebook-ზეც მოიძიოთ ზემოხსენებული გვერდი.

ბოლო დროს საქართველოში პოპულარული გახდა გერმანიაში სწავლა. არაერთი შესანიშნავი უნივერსიტეტი და კვლევითი ინსტიტუტი გვთავაზობს სწავლებისა და კურსების ფართო სპექტრს, ყველა საგნის მიმართულებით. ქართველი სტუდენტებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამები სპეციალური მხარდაჭერის სერვისებით, რომლებსაც ამ მისამართზე იპოვით (DAAD).

ფრანგული სასტიპენდიო პროგრამებით დაინტერესებულ სტუდენტებს, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტიც სთავაზობს პროგრამებს, რომელიც ქართველი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის არის გამიზნული.  აქ იპოვით სტიპენდიებთან დაკავშირებულ ინფორმაციებს და რეგისტაციის ფორმებს, რომელიც დაგეხმარებათ ნაბიჯის გადადგმაში.

ზემოთ ჩამოთვლილი ვებგვერდების გაცნობის შემდეგ, სანამ რეგისტრაციას გადაწყვეტთ, შეგახსენებთ, რომ აპლიკანტებს სხვადასხვა კრიტერიუმებით არჩევენ, თუმცა მთავარი ყურადღება ექცევა ბაკალავრიატის ქულებსა და GPA-ს. იქვე შეიძლება შეგხვდეთ სამოტივაციო წერილის მოთხოვნაც.

უცხოეთში გამგზავრების არასოდეს შეგეშინდეს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს შენს მომავალს და განათლებას ეხება. მეორე მხრივ, ახალი კულტურის გაცნობა, ენის შესწავლა და გამოცდილების მიღება პიროვნულ ზრდასაც განაპირობებს.

ავტორი: კესო კვაჭაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები