საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 20 სტარტაპი 150 000 ლარიანი გრანტით რამდენიმე დღის წინ დააფინანსა. გამარჯვებულები საინვესტიციო კომიტეტმა 3 ნოემბერს გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც – ზაზა ფაჩულია, საშა მიჩაუდი, მარვინ ლიაო, აიაშ პუმბრა და ტიმ ვაგნერი შედიან.
„საინტერესო ადამიანები გავიცანი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარ თავს განსხვავებულ მიზნებს უსახავენ. ვფიქრობ, თუ ცხოვრებაში ჩერდები, ესე იგი არასწორ გადაწყვეტილებას იღებ, არ აქვს მნიშვნელობა რას მიაღწიე, რამდენი წლის ხარ და რამდენად წარმატებული, კონკრეტულ მომენტში“ , – წერს ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში.
Roommate Georgia ათასობით სტუდენტს ეხმარება მისთვის სასურველი ოთახის მეზობლის პოვნაში. გაძვირებული ბინებისა და სტუდენტების ფინანსური მდგომარეობის საერთო მოცემულობის გათვალისწინებით, საიტი გამოსადეგი და ამავდროულად ინოვაციურია. მისი გამოყენება ადვილია, მომხმარებელს სხვადასხვა ფილტრით (ასაკი, სქესი, ბინის ქირის სასურველი ოდენობა…) შეუძლია იპოვოს ისეთი ოთახის მეზობელი, რომელიც მის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
„დაახლოებით ერთი წლის წინ, მე და მარიკა (სტარტაპის თანადამფუძნებელი) ქირით ვცხოვრობდით. როდესაც ბინის შეცვლა მოგვიწია, აღმოჩნდა, რომ ფასები ორჯერ და სამჯერ მეტად იყო გაძვირებული. მივხვდით, რომ საქართველოში ეს ბევრისთვის იქნებოდა პრობლემა, განსაკუთრებით სტუდენტებისთვის. სწორედ ამ მომენტში გაგვიჩნდა იდეა, რომ თუ სტუდენტები ერთმანეთს დაუკავშირდებოდნენ, გაუმარტივდებოდათ ქირის გადახდა“, – ამბობს STUDINFO.GE-სთან საუბრისას სტარტაპის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული თაკო გამყრელიძე.
ბინის გამზიარებლის გარდა, საიტზე მომხმარებელს გასაქირავებელი ბინების ნახვაც შეუძლია. ბინის გაქირავების შემდეგ კი, მათი მომხმარებლების მხარდამჭერი გუნდი ემსახურება გამქირავებლებს და მათთან უშუალო კონტაქტს ინარჩუნებს. „ჩვენ მათთან ვრჩებით ხაზზე იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტებს რაიმეს შეკეთება დასჭირდებათ. ამ დროს ჩვენ შესაბამისი მომსახურების პოვნაში ვეხმარებით. ასევე, ბინის მეპატრონეებს ვთავაზობთ თანხის მიღების გამარტივებულ მოდელს და ვპასუხობთ ყველა მათ კითხვას“, – ამბობს თაკო.
პროექტის გამარჯვებული გვიყვება, რომ გუნდის წევრებს ხშირად უფიქრიათ, როდის იქნებოდა GITA-ს პროექტში ჩართვისთვის მზად მათი სტარტაპი, რადგან ისინი თანადაფინანსების პროგრამას ქართველი სტარტაპერებისთვის უდიდეს შესაძლებლობად მიიჩნევენ. სწორედ ამ მიზეზის გამო, პროგრამისთვის მთელი გუნდი ემზადებოდა. „მადლიერები ვართ, რომ ტრენინგების ეტაპზე შესაძლებლობა გვქონდა Silicon Valley-ის ინვესტორებისგან გვესწავლა და გაგვეუმჯობესებინა ჩვენი პრეზენტაცია. ასევე უდიდესი მოტივაციაა, რომ გამარჯვებულთა შორის შეგვარჩია ჟიურიმ, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერაა დაკომპლექტებული“, – უყვება STUDINFO.GE-ს თაკო.
რაც შეეხება მიღებულ გრანტს, ისინი მას პლატფორმის გასაუმჯობესებლად გამოიყენებენ და ეცდებიან მომხმარებელს უფრო მეტი სასარგებლო პროდუქტი შესთავაზონ. ასე რომ, თუ ბინის ქირა გაგიძვირეს ან უბრალოდ მარტო ცხოვრება არ გსურთ, ეწვიეთ მათ საიტს.
კიდევ ერთი გამარჯვებული პროექტია Metric.ge, რომელიც მომხმარებლებს შენაძენი ქონების შერჩევაში, მის შეფასებასა და შესაძენად საჭირო ფინანსების მიღებაში ეხმარება.
„უშუალოდ სტარტაპის იდეა თავისუფალი უნივერსიტეტის სამაგისტრო პროექტზე მუშაობისას დაგვებადა, თუმცა პრობლემა, რომელსაც Metric.ge წყვეტს, რეალურად იდგა ერთ-ერთი გუნდის წევრის წინაშე, მის მიერ შერჩეული მანქანები მანამ იყიდებოდა, სანამ ბანკებისგან დაკრედიტებას მიიღებდა“, – ამბობს ჩვენთან საუბრისას ლევან ჯობავა, სტარტაპის ერთ-ერთი ორგანიზატორი. მის გუნდს სადიპლომო ნაშრომისთვის ისეთი პროექტი სჭირდებოდა, რომელიც კარგად იქნებოდა განვითარებული, თუმცა მაინც საჭიროებდა ცვლილებებს. ასე დააკავშირა გუნდმა ერთმანეთს ავტომობილები და საფინანსო ორგანიზაციები.
Metric-ის მთავარი იდეა არის ის, რომ მომხმარებლებს შესაძლებლობა მისცეს სწრაფად გაიგონ სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციების შეთავაზებები, შეადარონ ისინი ერთმანეთს და შემდეგ უკვე შეარჩიონ მათთვის სასურველი პროდუქტი. „ჩვენთან პარტნიორობით, მცირე კომპანიებსაც კი ეძლევათ შესაძლებლობა, თავიანთი ოპერატიულობითა და სხვაზე უპირატესი პროდუქტით მოიზიდონ მომხმარებლები“, – ამბობს ლევანი.
ეს გუნდისთვის GITA-ს თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობის მესამე შემთხვევა იყო. ამ პროცესში კომპანია შეიცვალა, ტრანსფორმირდა, გახდა მეტად ორიენტირებული კონკრეტულ პროდუქტზე და დაიწყო რეალური მომხმარებლების მიღება.
თანაორგანიზატორი აღნიშნავს რომ, GITA-ს მიერ ჩატარებულ ტრენინგებს ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ის გამოყოფს უცხოელი ექსპერტების აქტიურ ჩართულობას, რამაც გუნდი გაზარდა, მისცა შესაძლებლობა, ყოფილიყვნენ ფინალში და ერთ-ერთი გამარჯვებულიც ყოფილიყო.
„გუნდში ერთხმად აღვნიშნეთ, რომ მიუხედავად შედეგისა, ვგრძნობდით რამდენად გავიზარდეთ, ვისწავლეთ როგორ უნდა ავუხსნათ ადამიანებს თუ რისი გაკეთება გვსურს და რატომ არის ჩვენი გადაწყვეტილება საუკეთესო გამოსავალი“, – ამბობს იგი. როგორც თავად დასძენს, ფინალში გამარჯვება წარმოუდგენელი ეგონათ მაღალი კონკურენციის გამო, რადგან პროექტში ბევრი ძალიან კარგი სტარტაპი იღებდა მონაწილეობას, თუმცა მათ შეძლეს 20 იდეას შორის თავის ღირსეულად დამკვიდრება. მათი საიტი შეგიძლიათ აქ ნახოთ.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2023 წლის 13 ივლისს მეთერთმეტედ გამოაცხადა. თანადაფინანსების პროგრამის 10 რაუნდის ფარგლებში ჯამურად 195 სტარტაპი დაფინანსდა.
პროგრამის მიზანი საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირებაა.
20 გამარჯვებული სტარტაპი:
Eye2Eye – პროდუქტი არის აპარატი, რომელიც მიზნად ისახავს სტრაბიზმის ანუ “სიელმის” და ამბლიოპიის ანუ “ზარმაცი თვალის” სტატისტიკის გლობალურ შემცირებას.
Roommate Georgia – ალგორითმის საშუალებით, ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შეუძლიათ, იპოვნონ ოთახის მეზობელი.
Retain – კომპანიები იყენებენ რითეინს იმისათვის, რომ მიიღონ მომხმარებლის უკუკავშირი საკუთარი ფილიალებიდან QR კოდებისა და ონლაინ არხებიდან.
Horsetours – ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა ტიპის საცხენოსნო ტურს.
Zeussing – ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, სასტუმროების Self Check-in სერვისი სტაფის გარეშე.
Adviso – მობილური და ვებ ფინტექ აპლიკაცია, შექმნილი მიკრო/მცირე მეწარმეებისთვის.
Connect – სტარტაპი სთავაზობს სამედიცინო მიმხმარებლებსა და მიმწოდებელს ციფრულ სივრცეს მათი ინტერესების თანაკვეთისთვის.
DataStudio – AI-ზე ორიენტირებული ERP სისტემა, რომელიც გარდაქმნის ოპერაციათა მართვას.
metric.ge – სტარტაპი ავტომანქანებისა და ბინის შეძენის მსურველებისთვის.
Mimirex – marketplace, რომელიც აკავშირებს ტექ. ინდუსტრიაში კარიერის დაწყების მსურველ მომხმარებლებს.
Wiggly AI – ცხოველის პირადი AI ასისტენტი.
Promofy – გემიფიკაციის პლატფორმა, რომელიც AI გამოყენებით თამაშის ელემენტებს ამატებს ციფრულ პროდუქტებში.
Sfero – დასაქმების პლატფორმა.
tasteit – connecting foodmates – სოციალური ქსელის პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია საკვებზე. ის ინდივიდებს საერთო კულინარიულ ინტერესებზე დაყრდნობით აკავშირებს.
Herio – სწრაფი დასაქმების პლატფორმა აკავშირებს სტუმართმასპინძლობის სფეროს ახალგაზრდებთან.
Student Hunt – სტარტაპი ეხმარება სტუდენტებს, ერთიან სივრცეში იპოვნონ მათთვის სასურველი და საჭირო შეთავაზებები ბრენდებისგან.
SmartSense – ინდუსტრიული ობიექტის ტექნიკურ გამართულობაზე დამოკიდებულია ობიექტის შეუფერხებელი მუშაობა.
Arena Games – WEB3 თამაშების პლატფორმა.
Compound – სტარტაპი აძლევს შესაძლებლობას ინდივიდებს, სტარტაპებსა და ბიზნესებს, 24 საათზე ნაკლებ დროში დაუკავშირდნენ კვალიფიციურ ფრილანსერებს.
AREALLY – ღრუბლოვანი ეკოსისტემა სასტუმროს მართვისთვის SAAS მოდელით, რომელიც უზრუნველყოფს შიდა მართვას, გაყიდვების არხებთან პირდაპირ კავშირს და დაჯავშნის მოდულს სასტუმროებისთვის, ჰოსტელებისთვის და აპარტოტელებისთვის.
ავტორი: მარიამ ბარამიძე