სტუდენტური ფასდაკლებები თეატრალურ სეზონზე – რომელ სპექტაკლებზე გვექნება 50%-მდე ფასდაკლება

ხელოვნება

შემოდგომის თეატრალური სეზონი ახალი სპექტაკლებითა და გაძვირებული ფასებით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ თეატრში მოღვაწე ადამიანთა შრომის დაფასება ყველას გვსურს, ბილეთების ეს ღირებულება ახალგაზრდებისთვის არ არის მისაღები. საბედნიეროდ, ზოგი თეატრი სტუდენტებს სპეციალურ ფასდაკლებებს სთავაზობს. გავეცნოთ მათ სიას და გავიგოთ თუ როგორ შეგვიძლია ჩვენთვის სასურველი სპექტაკლების უფრო იაფად ნახვა.

1. „სამეფო უბნის თეატრი“

ეს თეატრი სტუდენტებს ნებისმიერი სპექტაკლის ბილეთზე 50% ფასდაკლებას სთავაზობს. „სამეფო უბნის თეატრის“ ამ სეზონის გამორჩეული სპექტაკლებია: „დემონები“, „ფედრა ცეცხლის ალში“, „მოახლეები“ და „მკვდარი ძაღლები“. თვალი ადევნეთ აფიშას, რომ მათი ბილეთები არ გამოგრჩეთ და გახსოვდეთ, რომ ფასდაკლებით სარგებლობას მხოლოდ სალაროებში შეძლებთ.

2. „ახმეტელის თეატრი“

როგორც თეატრის წარმომადგენელთან საუბრისას ირკვევა, ბილეთების ფასი სტუდენტებისთვის ამ ეტაპზე 5 ლარია, თუმცა დეკემბრიდან ფასების მომატება იგეგმება. „ახმეტელის თეატრში“ შეგიძლიათ ნახოთ „თეთრი ბაირაღები“, „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, „HELLADOS” და სხვა მრავალი სპექტაკლი. მათი ბილეთების ფასდაკლებით შეძენას მხოლოდ სალაროში შეძლებთ.

3. „მოძრაობის თეატრი“

„მოძრაობის თეატრში“ სტუდენტებისთვის ყველა სპექტაკლზე გამოყოფილია 5 ბილეთი, რომლის ფასიც 10 ლარია. შეძენა შესაძლებელია TKT.GE-ზე, თუმცა აფიშის დადებიდან მალევე იყიდება სრული რაოდენობა, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ. ამ თვეში შეგიძლიათ ნახოთ „ჰამლეტი“, „იგი“, „ინტრო“ და „სონეტები“.

4. „რუსთაველის თეატრი“

„რუსთაველის თეატრში“ სტუდენტებისთვის ნებისმიერი სპექტაკლის ბილეთის ფასი 5 ლარია, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ადგილი შეგხვდებათ მხოლოდ პირველ და მეორე იარუსებზე. ამ სეზონზე „12 განრისხებული მამაკაცის“, „მიჯაჭვული პრომეთეს“ და სხვა მრავალი სპექტაკლის ნახვას შეძლებთ. ბილეთების შეძენა თეატრის სალაროში შეგიძლიათ.

5. „ილიაუნის თეატრი“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ნებისმიერი სპექტაკლის ბილეთის ფასი 5 ლარია, სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის – 10 ლარი. სეზონის ყველაზე პოპულარული დადგმა „ჟლეტის ღმერთია“, რომელშიც არაერთ ნაცნობ სახეს ნახავთ.
ბილეთების დაჯავშნა და შეძენა შესაძლებელია სალაროში.

6. „ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი“

„მოზარდ მაყურებელთა თეატრი“ სტუდენტურ ფასდაკლებას ყველა დადგმაზე არ გვთავაზობს, თუმცა ის სპექტაკლები, რომლებიც საღამოს საათებში გადის (19:00 საათზე), სტუდენტებისთვის 5 ლარად არის ხელმისაწვდომი. მაგალითად, შეგიძლიათ დაესწროთ სპექტაკლებს: „ავი მუსაიფი“, „მაჭანკალი“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „არ დამივიწყო“ და „სარა ბარა ბზია ბზბოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ“.

7. „გაბრიაძის თეატრი“

„გაბრიაძის თეატრის“ ბილეთის სალაროში შეძენის შემთხვევაში, სტუდენტები მიიღებენ 50% ფასდაკლებას. ამ თვეში ხელმისაწვდომია სპექტაკლები „რამონა“ და „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“. გაითვალისწინეთ, რომ ადგილების რაოდენობა აქაც შეზღუდულია.

ეს ყველაფერი არ არის!

ვინაიდან ფასდაკლებული ადგილების რაოდენობა თეატრების უმეტესობაში შეზღუდულია, შესაძლოა მაინც ბილეთის გარეშე დარჩეთ. ამიტომ, არსებობს მეორე გამოსავალიც – BILETEBI.GE-ზე VISA ბარათით გადახდისას, ნებისმიერი თეატრის სპექტაკლზე 15% ფასდაკლებას მიიღებთ. რაც შეეხება TKT.GE-ის, VISA ბარათით გადახდის შემთხვევაში, 15% ფასდაკლებით სარგებლობას შემდეგ თეატრებში შეძლებთ: „თავისუფალი თეატრი“, „სანდრო მრევლიშვილის თბილისის მუნიციპალური თეატრი“, „ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი“, „ილიაუნის თეატრი“ და „გაბრიაძის თეატრი“. ეს ფასდაკლება კონკრეტულად სტუდენტებისთვის არაა განკუთვნილი, მაგრამ თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი ფლობთ VISA ბარათს, სარგებელის ნახვას მაინც შეძლებთ.

გადახედეთ თეატრალურ აფიშას, შეიძინეთ სასურველი სპექტაკლის ბილეთი სტუდენტებისთვის განკუთვნილი ფასდაკლებებით და ეზიარეთ იმ ემოციას, რაც მხოლოდ თეატრს შეუძლია გამოიწვიოს ჩვენში. სასიამოვნო თეატრალურ სეზონს გისურვებთ!

ავტორი: ზანდა გედენიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები