2024 წელს ანაზღაურებად სტაჟირებას ათასობით ახალგაზრდა გაივლის – განათლების კომიტეტის მოლოდინი

სტუდZona

2023 წლის შემოდგომაზე “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობა გაჩნდა.საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე გახლდათ.

არაერთი სტუდენტისა და კურსდამთავრებულის საყურადღებოდ კი, 7 ნოემბერს, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა იმაზე, რომ მომდევნო წელს ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა ათასობით ახალგაზრდას შეეძლება.

„გვაქვს მოლოდინი, რომ 2024 წელს, საშუალოდ, 5 000 ახალგაზრდა მივიღოთ საჯარო სექტორში სტაჟირებაზე. ეს ახალი კადრების მოზიდვისა და მათი დახელოვნებისთვის, ასევე საჯარო სექტორში ახალი სიცოცხლის შემოტანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განმარტა გივი მიქანაძემ.

რაც შეეხება საჯარო სექტორში სტაჟიორთა ანაზღაურებას, განსაზღვრულია შემდეგი:

„საუბარია დაახლოებით, 400-500 ლარზე, თუმცა დათქმა გვაქვს დეფიციტურ პროფესიებთან მიმართებით, რომ თუ უწყებას ამის საშუალება აქვს, უფრო მაღალი კოეფიციენტით განსაზღვროს ანაზღაურება. ამ შემთხვევაში, დაახლოებით 1000 ლარზეა საუბარი“, – ამბობდა გივი მიქანაძე სექტემბერში.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი კერძო და საჯარო უნივერსიტეტებში საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებს..

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები