როგორ შევიძინოთ მეგობრები სტუდენტობისას – თქვენ არ ელოდებით და აი, რატომ

ბლოგი

ხშირად გაიგონებთ ფრაზას, რომ სტუდენტობა საუკეთესო წლებია ცხოვრებაში. ჩვენი მოლოდინიც შესაბამისია – ბევრი მეგობარი, გართობა, მუდმივი თავგადასავლები, თუმცა რეალობა სულ სხვას გვთავაზობს. უნივერსიტეტში მოხვედრის შემდეგ, პირველი გამოწვევა სამეგობროს პოვნაა, რაც ყველას წარმატებით არ გამოსდის. კომპლექსები, კომუნიკაციის პრობლემები, უარყოფის შიში, სიმორცხვე – უამრავი მიზეზია, რაც მეგობრების გაჩენაში ხელს გვიშლის. ამ ყველაფრით დაღლილი სტუდენტები ხშირად დებენ საკუთარ ისტორიას Facebook-ის ჯგუფებში და სხვებისგან რჩევებს ითხოვენ.

სტუდენტი ვარ და მეგობრები არ მყავს. ზოგჯერ ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები ამას რომ ვამბობ. არ მომწონს მარტოობა. ამის შესახებ ანონიმურად მითქვამს ბევრთან, თუმცა არაფერი გამოვიდა. იქნებ აქ მირჩიოთ ვინმემ რამე, ან თუ გინდათ პირადში მომწერეთ. მინდა გავარკვიო რაშია პრობლემა, რას ვაკეთებ არასწორად, რომ არავის მოვწონვარ“, – წერს ანონიმური პირი TSU Confessions-ის გვერდზე.

მთავარი კითხვა – რას ვაკეთებთ არასწორად? თუ სხვებმა შეძლეს და მეგობრები იპოვეს, ჩვენ რატომ ვერ ვახერხებთ ამას? ერთად გავარკვიოთ პრობლემები და გავეცნოთ ხრიკებს, რომლებიც საუნივერსიტეტო ცხოვრებას მართლაც ჩვენი ცხოვრების საუკეთესო წლებად აქცევს.

დაემატეთ ჩატებში და ჯგუფებში

ეს ნაბიჯი ჩვენგან ნაკლებად მოითხოვს ძალისხმევას, თან შესაძლოა, ძალიან ეფექტურიც აღმოჩნდეს. თვალი ადევნე სიახლეებსა და დისკუსიებს. როგორც წესი, კომუნიკაცია ონლაინ ბევრად მარტივია, შესაბამისად, შეგიძლია ადამიანები ჯერ მიწერით გაიცნო და შემდეგ უკვე უნივერსიტეტშიც გამოელაპარაკო.

მიდით ლექციებზე ადრე

10-15 წუთით ადრე მისვლა მოგცემთ დროს, რომ მოწესრიგდეთ და კურსელებს გაესაუბროთ. დიახ, ახალ ადამიანებთან საუბარი შეიძლება ცოტა საშიშად მოგვეჩვენოს, მაგრამ მეგობრების შეძენა ამად ღირს. შეგიძლიათ კომენტარი გააკეთოთ დავალებაზე, უნივერსიტეტში მიმდინარე ამბებზე ან რაიმე პრობლემასთან დაკავშირებით, რაც მხოლოდ თქვენ არ გაწუხებთ. მოკლე დიალოგებიც წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან დროთა განმავლობაში ეს შეიძლება უფრო მყარ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

არ შეუშინდეთ ლექციებზე უცხოს გვერდით ჯდომას

მეგობრების პოვნა კი გვსურს, მაგრამ ლექციაზე შესვლისას თვალით ისეთ სკამს ვეძებთ, რომელიც ყველასგან იზოლირებულს გაგვხდის. ამის ნაცვლად, სჯობს თანაკურსელს მივუჯდეთ. გაგიკვირდებათ თუ რამდენი ადამიანი დაგვრჩება მადლიერი, რომ პირველი ნაბიჯი გადავდგით. თავაზიანობისთვის ვიკითხოთ ადგილი თავისუფალია თუ არა. ეს უხერხული სიტუაციებისგანაც დაგვიცავს და პატარა დიალოგის წამოწყებაშიც დაგვეხმარება.

ეცადეთ, თავად გამოიყურებოდეთ მისაწვდომად

როდესაც თავს უხერხულად ვგრძნობთ ან ვშფოთავთ, დაუფიქრებლად ვიწყებთ სოციალური მედიის თვალიერებას, რომ დაკავებული ვჩანდეთ. ეს თქვენთან მოსვლისა და გაცნობის მსურველებს ხელს შეუშლით. ამას სჯობს, გადავდოთ ტელეფონი, გავიღიმოთ და სხეულის ენა გამოვიყენოთ. მთავარია მეგობრულად და გახსნილად გამოიყურებოდეთ! ასევე, დაივიწყეთ ყურსასმენების არსებობა უნივერსიტეტის შენობაში ყოფნის დროს.

მოიწვიეთ ხალხი გასართობად და არ თქვათ უარი შემოთავაზებებზე

თქვენ არ უნდა დაელოდოთ სხვების მოსვლას. თავად გამოიჩინეთ ინიციატივა და შესთავაზეთ კურსელებს, რომ ერთად წახვიდეთ საჭმელად, იმეცადინოთ გამოცდისთვის ან წახვიდეთ საუნივერსიტეტო ღონისძიებებზე. არ ინერვიულოთ – ეს ხალხის თვალში სასოწარკვეთილს არ წარმოგაჩენთ. ისინი, დიდი ალბათობით, დააფასებენ თქვენს ძალისხმევას. ამის მიუხედავად, არც უარის მიღებამ დაგამწუხროთ. უნივერსიტეტის კარგი ნაწილი ისაა, რომ არჩევანი დიდია და შეგიძლიათ სხვა ადამიანს შესთავაზოთ თქვენთან ერთად გართობა. თუ თავად არ დაგჭირდათ და სხვამ შემოგთავაზათ სადმე წასვლა, აუცილებლად დათანხმდით! ეს კომფორტის ზონიდან გასვლაა და დიდ  შფოთვებთანაც ასოცირდება, მაგრამ ასეთი რისკები საუკეთესო მოგონებებს ქმნის!

დაესწარით უნივერსიტეტის ღონისძიებებს

შეიძლება ეს იყოს კურსის წვეულება, პიკნიკი, უნივერსიტეტის მისაღები წვეულება, საჯარო ლექცია ან მსგავსი ტიპის ღონისძიება – საწყის ეტაპზე სჯობს, ყველა შანსი გამოიყენო და მაქსიმალურად ეცადო მსგავსი საღამოები არ გამოტოვო. ბევრი სტუდენტი არ აქტიურობს ამ მხრივ, რადგან ფიქრობენ, რომ მეგობრების გარეშე სადმე წასვლას აზრი არ აქვს. პირიქით, ეს იდეალური შანსია ახალი ადამიანების გასაცნობად.

შეუერთდით კლუბს, სპორტულ გუნდებს ან თვითმმართველობას

შეამოწმეთ უნივერსიტეტის ვებსაიტი, რომ ნახოთ კლუბების ჩამონათვალი. შეუერთდით იმას, რომელიც კარგად ჟღერს თქვენთვის და მოემზადეთ საერთო ინტერესების მქონე უამრავ ადამიანთან შესახვედრად. ასევე, შეგიძლიათ დაემატოთ რომელიმე სპორტის გუნდში ან გაწევრიანდეთ თვითმმართველობაში.

შეასრულეთ საშინაო დავალება სოციალურ სივრცეში

სცადეთ საშინაო დავალების შესრულება უნივერსიტეტის მოსასვენებელ სივრცეში, ყავის მაღაზიაში ან ბიბლიოთეკაში. დაჯექი მეგობრული გარეგნობის სტუდენტის გვერდით და დაიწყე საუბარი. აუცილებელი არაა, რომ დიალოგი დიდხანს გაგრძელდეს, რადგან სასწავლად ხართ მისული და არცერთი მხარე არ უნდა შეწუხდეს.

დაეხმარეთ სხვა სტუდენტებს

კურსის „ჩატებში“ უამრავ კითხვას ამოიკითხავთ. დაბნეულ სტუდენტებს ხშირად სხვები უპასუხოდაც ტოვებენ. თუ რაიმე გზით დახმარება შეგიძლია, აუცილებლად გაეცი პასუხი! სოციალური ქსელის გარეშეც, ეცადეთ ყოველთვის დაეხმაროთ თანატოლებს. ეს არის იდეალური გზა, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ კეთილგანწყობა და მოანდომოთ თქვენთან ურთიერთობა.

იპოვეთ მეგობარი, რომელიც თქვენზე მეტად სოციალურია

უნივერსიტეტი არ უჩივის ადამიანთა მრავალფეროვნებას.ზოგი მათგანი ინტროვერტი იქნება, ზოგიც ექსტროვერტი. რა თქმა უნდა, თქვენ ორივე ტიპის ადამიანთან შეგიძლიათ დამეგობრება, მაგრამ, როგორც წესი, ექსტროვერტებთან ეს ბევრად მარტივია. ისინი ყოველთვის მზად არიან ახალი ხალხის გასაცნობად და სოციალური უნარებიც ხელს უწყობთ ურთიერთობის წარმართვაში. ამას გარდა, ისინი დაგეხმარებიან გაიცნოთ ადამიანთა ის წრე, რომელსაც თავად უკვე იცნობენ.

ზუსტი ფორმულა მეგობრების შესაძენად არ არსებობს. ყველა გადადგმული ნაბიჯი რისკია უარყოფისა ან წარუმატებელი მეგობრობისა, თუმცა უნდა დავტოვოთ კომფორტის ზონა და ვცადოთ ჩვენთვის საჭირო კონტაქტების დამყარება. ნუ იჩქარებთ ვინმესთვის ახლო მეგობრის სტატუსის მინიჭებას.

გახსოვდეთ, რომ უნივერსიტეტში შეგიძლიათ უამრავ ადამიანს ემეგობროთ, მაგრამ ახლო მეგობარი მათ გარკვეული დროის შემდეგ უნდა უწოდოთ. თუ ყველაფერი კარგად აეწყო, შეგიძლიათ „ცხოვრების საუკეთესო წლები“, ანუ სტუდენტობა, მათთან ერთად გაატაროთ.

ავტორი: ზანდა გედენიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები