„ეს ემოციები არასდროს დამავიწყდება“ – ზალცბურგის უნივერსიტეტში 9 ქართველი სტუდენტი გაემგზავრება

გაცვლითი პროგრამები

ზალცბურგის უნივერსიტეტის „დიზაინის კვირეულში“ 9 ქართველი სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სპეციალურმა კომისიამ კონკურსში გასამგზავრებლად კანდიდატები შეარჩია და ინფორმაცია 9 ბედნიერის შესახებ 2 ნოემბერს გაასაჯაროვა.

Erasmus+-ის პროგრამით, მომავალ დიზაინერებს ერთკვირიანი ვორქშოფის ფარგლებში ჯგუფური მუშაობა სხვა ქვეყნების სტუდენტებთან ერთად მოუწევთ. მათი მთავარი ამოცანა კი კვირეულის ბოლომდე სხვადასხვა დიზაინის ნამუშევრების შექმნა იქნება.

9 გამარჯვებული აკადემიამ სხვადასხვა მიმართულებით შეარჩია:

  • სამრეწველო დიზაინი – ანა სიჭინავა, ნიკა ალანია, მარიამ ცაგარეიშვილი და ალექსანდრე მეტრეველი.
  • ხის მხატვრული დამუშავება და ავეჯის დიზაინი – ნინო გარსევანიძე, სალომე პატაშური და ანა ნიკოლეიშვილი.
  •  ტექსტილის დიზაინი – მარიამ ამაშუკელი და ანა კუნელაშვილი.

მესამე კურსის სტუდენტი, ანა კუნელაშვილი, ემოციებისა და მოლოდინის შესახებ გვიყვება: „შედეგები რომ გამოაქვეყნეს, ავტობუსში ვიჯექი და სახლში მივდიოდი. ამის გამო ჩემი სიხარული ბოლომდე ვერ გამოვხატე, მაგრამ მახსოვს, რომ გული ამიჩქარდა და მთელი გზა მოუსვენრად ვიყავი. ვფიქრობ, საინტერესო და მრავალფეროვან გამოცდილებას მივიღებ, როგორც განათლებისა და პრაქტიკის თვალსაზრისით, ასევე, ახალი ადამიანების გაცნობის კუთხით“.

ასეთ პროექტებში მონაწილეობა საკმაოდ სტრესულია ახალგაზრდებისთვის, რადგან კონკურენცია მაღალია და მათგან მოლოდინიც დიდია.

სალომე პატაშური იმ პასუხისმგებლობაზე გვესაუბრა, რომლიც კონკურსში მონაწილეობისას გამოავლინა: „Erasmus+-ის პროგრამაში ჩემი მთავარი მიზანი საკუთარი თავის კარგად წარმოჩენა იყო. არ მქონდა იმის განცდა, რომ ვინმეს ვეჯიბრებოდი, რადგან მონაწილეთა უმრავლესობა ჩემი მეგობარია მოლოდინები მხოლოდ საკუთარ თავთან მქონდა. ვფიქრობ, კარგად წარმოვაჩინე ჩემი უნარები და ამან შედეგებზეც იქონია გავლენა. მსგავს პროექტში მონაწილეობა არასდროს მიმიღია, ეს ჩემი პირველი გამოცდილებაა და სწორედ ამიტომ იყო განსაკუთრებული გრძნობა. ეს ემოციები არასდროს დამავიწყდება“.

რაც შეეხება გამგზავრების დეტალებს, ამაზე ანა ნიკოლეიშვილი გვიამბობს: „დეკემბრის დასაწყისში მივემგზავრებით ავსტრიის, ზალცბურგის უნივერსიტეტში, კერძოდ – Salzburg University of Applied Science-ში. აქ მივიღებთ მონაწილეობას ერთკვირიან ვორქშოფში, სადაც მოგვიწევს გუნდური მუშაობა და ჩვენი იდეებისა და კრეატიულობის გამოვლენა დიზაინის სფეროში“.

ავტორი:ზანდა გედენიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები