თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაასრულეთ, გერმანულ ენას ფლობთ და საერთაშორისო სტიპენდიები გაინტერესებთ, შესაძლებლობა გაქვთ, სტაჟირება ბერლინში, გერმანიის პარლამენტში გაიაროთ და თან, 700 ევროს ოდენობით ყოველთვიური სტიპენდია მიიღოთ. თუ დაინტერესდით, მაშინ კითხვა განაგრძეთ…
3 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიას (IPS) ეხებოდა. აღნიშნული სტიპენდიის მიღების საშუალება პოლიტიკით დაინტერესებულ 30 წლამდე პირებს აქვთ, რომლებთაც დამთავრებული აქვთ ბაკალავრიატის საფეხური.
აღნიშნულ შეხვედრაზე პროგრამის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ჩაერთონ ადამიანები სასტიპენდიო პროგრამაში. კერძოდ, ისინი სტუდენტებს სთავაზობენ ჩაერთონ ბუნდესტაგის საქმიანობაში, ეს იქნება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სამუშაოები. 5 თვიანი პროექტი მოიცავს აქტუალურ პოლიტიკურ თემებზე დისკუსიასა და დემოკრატიული სიტყვის მხარდაჭერას. ამ დროის განმავლობაში სტიპენდიანტები სტაჟირებას გაივლიან გერმანიის პარლამენტის ერთ-ერთ დეპუტატთან. ამასთან ერთად, მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ითანამშრომლონ სხვა პარტნიორებთან, როგორიცაა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) და მიიღონ მონაწილეობა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო დიპლომატიურ ტრენინგში.
„ძალიან მნიშვნელოვანია ეს სტიპენდია, იმიტომ რომ უამრავ კარს გაგვიღებს და იმ ადამიანებთან დაგვაკავშირებს, რომლებიც შეიძლება მომავალში ჩვენი მენტორები ან პოტენციური დამსაქმებლები გახდნენ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ვისაც აქვს ეს შანსი, აუცილებლად უნდა გამოიყენოს“, – ამბობს STUDINFO.GE-სთან საუბარში ყოფილი სტიპენდიანტი, მარიამ ღამბაშიძე. ის ასევე დასძენს, რომ გერმანულენოვანი სტუდენტებისთვის ეს საუკეთესო შანსია, რათა უკეთ გაეცნონ იმ პროცესებს, რაზეც დემოკრატია დგას.
შეხვედრაზე იქ მყოფი სტუდენტების ჩართულობა შესამჩნევი იყო. პროგრამით დაინტერესებული პირები ძირითადად ორგანიზაციული საკითხებით ინტერესდებოდნენ, სვამდნენ მათთვის საჭირო კითხვებს და იღებდნენ პასუხებს.
„პროგრამით დავინტერესდი, რადგან, ჩემი აზრით, ეს კარგი შესაძლებლობა და გამოწვევაა ყველასთვის, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს ამ სფეროში. ასევე, წარმატების საწინდარი იქნება იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც უნდათ, კარიერულად განვითარდნენ და გერმანიაში სწავლის საშუალება მიეცეთ“, – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი, ელენე ლომიძე, რომელიც სტიპენდიის მიღებით დაინტერესდა.
ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიისთვის განცხადებების გაგზავნა 2024 აპრილიდან ივლისამდე იქნება შესაძლებელი, შერჩევა კი კომისიის მიერ სექტემბერში დაიწყება და დეკემბრამდე გასტანს. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბუნდესტაგის ოფიციალურ ვებ-გვერდს.
საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია საქართველოში 2005 წლიდან მოქმედებს და მისი მიზანია დემოკრატიის მხარდაჭერა მსოფლიოში.
ავტორი: მარიამ ბარამიძე