ილიაუნის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის STEM პროგრამებმა ABET-ის საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვეს

უნივერსიტეტების სიახლეები

სახელმწიფო უნივერსიტეტების – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის – უმაღლესმა საბაკალავრო STEM პროგრამებმა ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვეს.

შედეგად, ABET აკრედიტაციის საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამის კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომი, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ისეთივე კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც ამერიკის, ევროპისა თუ აზიის წამყვანი უნივერსიტეტების მიერ გაცემული საერთაშორისო დიპლომები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ABET-ის სრული აკრედიტაცია მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამამ – „ბიოსამედიცინო ინჟინერია“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანმა საგანმანათლებლო პროგრამამ „კომპიუტერული ინჟინერია“.

ცნობისთვის, 2020 წელს, რეგიონში პირველად, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორმა პროგრამამ – „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“ და „კომპიუტერული მეცნიერებები“ მიიღო. შედეგად, თსუ კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის 2017-2026 წლის, ხოლო ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის პროგრამის 2018-2026 წლის კურსდამთავრებულთა დიპლომები საერთაშორისოდ აღიარებულია.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები