ამაღლებული განწყობა და პოზიტიური სიახლეების მოლოდინი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები studinfo.ge-ს ესაუბრებიან

სტუდZona

5 ოქტომბერს studinfo.ge შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) სტუდენტებს შეხვდა.

ჩვენი რესპონდენტებისთვის ახალი სასწავლო წელი მოულოდნელი სიახლით დაიწყო: მათ უნივერსიტეტს ახალი, ქართველი მფლობელები ჰყავს.

როგორც გავარკვიეთ, სტუდენტები ჩვეულ რიტმში აგრძელებენ სწავლა- განათლებას და მათ დღის რეჟიმში არაფერი შეცვლილა, განწყობა ამაღლებული აქვთ და მხოლოდ პოზიტიურ სიახლეებს ელიან.
აი, რას ამბობენ IBSU-ის სტუდენტები:

ნიკა რუხაძე, ჟურნალისტიკის მეორე კურსის სტუდენტი:
„IBSU აქამდეც კარგ ხელში იყო. თურქი მფლობელები ჰყავდა, რომლებსაც ძალიან უყვარდათ უნივერსიტეტი. დარწმუნებული ვარ, იქნება ბევრი სიახლე. სწავლა, ჩემი აზრით, ცოტა გამკაცრდება, მაგრამ ეს კარგია. ასევე, ლოგიკურად, როცა ახალი მფლობელი მოდის, უფრო აუმჯობესებს რაღაცებს, რომ გარშემომყოფთა გულები მოიგოს. ვფიქრობ, ასე იქნება და მხოლოდ კარგს ველოდები.

ნინო სისაური, ინგლისურენოვანი პროგრამის – ბიზნეს ადმინისტრირება და ფინანსები პირველი კურსის სტუდენტი:

„საქართველოში არცთუ ისე ბევრ და კარგ უნივერსიტეტის აქვს უცხოენოვანი ფაკულტეტები. დიდი მოლოდინი მაქვს, რომ როგორც აქამდე იყო, სწავლების მაღალი ხარისხი ჩემს ინგლისურენოვან ფაკულტეტზე, ასევე გაგრძელდება. მინდა ავღნიშნო რის გაუმჯობესებას ვისურვებდით პირველკურსელები: ესაა სტუდენტის გვერდი, სადაც დავალებები გვეგზავნება, ვიგებთ სასწავლო ცხრილებს, ვტვირთავთ დავალებებს. ზოგჯერ გვერდი იტვირთება და ნელა მუშაობს. სისტემის ტექნიკური გაუმჯობესება იქნებოდა სასურველი. მხოლოდ პოზიტიური ცვლილებების მოლოდინი მაქვს“.

მარიამ კაჭკაჭური, საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი:

„პოზიტიური მოლოდინები მაქვს. ვფიქრობ, რაც უფრო მეტი იქნება გაცვლითი პროგრამები, მით უკეთესია ყველასთვის. ასევე, სტუდენტებისთვის გასართობი ღონისძიებების ნაკლებობას არც ახლა ვუჩივით, მაგრამ მეტი და მეტი კარგია. საერთო ჯამში, ამაღლებული განწყობა მაქვს და კარგზე კარგი სიახლეების მოლოდინი“.

სტუდენტებო გაგვიზიარეთ თქვენი მოლოდინებიც.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები