ზაფხულის თითქმის ნახევარი ისევ დიდმა წიგნებმა, კონსპექტებმა, წერა-კითხვამ და საგამოცდო ცენტრში სირბილმა წაგვართვა. სტუდენტებისა და აბიტურიენტების ნაწილს ჯერ ისევ უწევს სიცხესა და გამოცდებს ერთად გაუმკლავდეს, ნაწილმა კი ცოტა ხანია, რაც გამოცდები დაასრულა, მაგრამ ჯერაც ჰგონია, დილით ადრე გაღვიძება, კონსპექტისთვის გადახედვა და სახლიდან გასვლისას პირადობის მოწმობის წაღება აუცილებელია.
დამღლელი წლის ან სემესტრის შემდეგ, ორ კვირაში ჩატეული ყველა გამოცდა ორჯერ უფრო რთულია. ეს კი საფუძვლიან და დამსახურებულ დასვენებას მოითხოვს. სექტემბრამდე, სკოლის, უნივერსიტეტისა და გამოცდების დასავიწყებლად, რამდენიმე რჩევა მაქვს. თუ მათ გამოცდების შემდეგ გაითვალისწინებ, ყოველ დილით აღარც სკოლა და უნივერსიტეტი გაგახსენდება და საზაფხულო დასვენებისკენაც ერთ ნაბიჯს გადადგამ.
კონსპექტების თავიდან მოშორება
უკვე ჩაბარებული საგნის (თუ დარწმუნებული ხარ, რომ ჩააბარე…) კონსპექტების თავიდან მოშორება, გადაყრა ან გაჩუქება ცხოვრებაში დაბრუნებისთვის აუცილებელი მოქმედებაა. გამოცდის ჩაბარება არ არის კულმინაცია და თუ კონსპექტებიც არ მოიშორე და შესაბამისი „სქრინებიც“ არ წაშალე, მუდმივად თავს შეგახსენებს. რაც საჭიროა, ის ისედაც გემახსოვრება, თუ არადა მეორედ მოგიწევს გამოცდაზე თავის მოსინჯვა.
ჩატების დატოვება
საგნის ჩატში დამატების თხოვნა, განსაკუთრებით უნივერსიტეტში, დიდად არავის უყვარს, მაგრამ გამოცდის შემდეგ ყველა ამაყად ტოვებს. საგნის ჩატის დატოვება გამოცდის დაწერის (უკეთეს შემთხვევაში ჩაბარების) ნიშანია. ესე იგი, ყველაფერი კარგადაა, არც ჩატის რჩევები გჭირდება და აღარც ფაილები. თუ გინდა, რომ სასწავლო წლის ან სემესტრის დასრულებას მართლა შეეგუო, საგნის ჩატები ჩუმად დატოვე.
დაძინება და ბევრჯერ „დასნუზვა“
დაძინება ისაა, რასაც გამოცდების დასრულებისთანავე ყველა გირჩევს, მაგრამ მთავარი „დასნუზვის“ (დაპაუზების) ტექნიკაა: მაღვიძარა ყოველი დარეკვისას უნდა „დასნუზო“. ასე ყოველ ჯერზე შეახსენებ საკუთარ თავს, რომ სამეცადინო სექტემბრამდე აღარ გაქვს, არც უნივერსიტეტში გაგვიანდება და არც საგამოცდო ცენტრში ხარ წასასვლელი.
ახალი სერიალის პოვნა
სემესტრისა და მით უმეტეს, გამოცდების დასრულების შემდეგ, აუცილებელია რაიმე ახალი ყოველდღიური საქმის გამოძებნა. ახალი სერიალის მოძებნა და დღეში 3 ან 5 სერიის ყურება, საუკეთესო გამოსავალია. როგორც წესი, ეს დასვენებაშიც უნდა დაგეხმაროს და ზაფხულის საინტერესოდ გატარებაშიც.
არაფრის კეთებით დასვენება
გამოცდების შემდეგ დასვენების არაერთი მეთოდი შეიძლება შემოგთავაზონ, მაგრამ მგონი, საუკეთესო არაფრის კეთებით დასვენებაა. ის დარჩენილი ზაფხულიც დასვენებაში რომ არ დაიხარჯოს, რამდენიმე დღიანი არაფრის გაკეთება ყველაზე სწრაფი საშუალებაა გამოცდების დასავიწყებლად.
თუ გამოცდები ახლახან დაამთავრე, ეს ის 5 რამაა, რაც დასვენებაში, გამოცდებზე ფიქრისაგან გათავისუფლებასა და დარჩენილი ზაფხულისათვის ენერგიის დაბრუნებაში დაგეხმარება.
თეკლა ხარაზიშვილი