ახალგაზრდის თვალით დანახული სტუდენტური ცხოვრება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ინტერვიუ

ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ მომავალზე და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე, გვინდა მომავალი ბევრად უკეთესი იყოს, ვიდრე აწმყო. ასეა, არა?!

მოდით გულწრფელები ვიყოთ, სასურველი უნივერსიტეტის შერჩევის დროს, ყველაზე სანიმუშო მოსწავლეც კი არ არის თავგადაკლული მხოლოდ სწავლაზე. რატომ? – იმიტომ, რომ ფიქრობს, „სულ 24 საათი მაქვს, დღეში 8 საათი ვისწავლი, დარჩენილი 16 საათი ხომ ჩემს განკარგულებაშია“.

ეს მართლაც რომ ასეა. გართობა, დასვენება და განტვირთვა არანაკლებ საჭიროა ახალგაზრდისთვის და სხვათა შორის, მისი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვისაც.

STUDINFO.GE ამჯერად შეეცდება, მეტი გაიგოთ რეგიონში მოქმედი უნივერსიტეტების სტუდენტთა ცხოვრებაზე.

საინტერესოა, რით არიან კმაყოფილი და რა პრობლემები აქვთ სტუდენტებს, რომლებმაც საკუთარ რეგიონში დარჩენა და სწავლა გადაწყვიტეს. ამ საკითხებზე ვესაუბრეთ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტს, ნიცა ოქრუაშვილს.

– ნიცა, რა თავისებურებებით ხასიათდება რეგიონში სწავლა, რით განსხვავდება დედაქალაქის სტუდენტის ცხოვრება თქვენი სტუდენტური ყოველდღიურობისგან?

– რადგან გორი შედარებით პატარა ქალაქია, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობას არ გვიწევს რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა. აქ მეტრო არ გვაქვს. ვინც ქალაქში არ სწავლობს და სოფლებიდან დადის, მათი გზა უნივერსიტეტამდე ასეთი მოკლეც არაა. მე არ მაქვს ეს გამოწვევა, რადგან ქალაქში ოჯახთან ერთად ვცხოვრობ და ეს ჩემთვის დიდი პრივილეგიაა. მაგალითისთვის, აღვნიშნავ, რომ უნივერსიტეტში მისვლისთვის 20 წუთი მჭირდება. ვინც სოფლიდან მოდის, მათთვის 40 წუთი ან 1 საათი მაინც არის საჭირო. ავტობუსი უნივერსიტეტის შესასვლელთან აჩერებს, მაგრამ აქაც საკმაო ხალხმრავლობაა ტრანსპორტში, ეს, დედაქალაქის მსგავსად, გორშიც უცვლელია.

– იქნებ მოგვიყვეთ იმ გამოწვევების შესახებ, რომელსაც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აწყდებით, რა არის ის პრობლემები, რომელთა გამოსწორებასაც ისურვებდით?

ნაცრისფერი ინფრასტრუქტურა – უფრო მეტად მყუდრო, ახალგაზრდული და ფერადი, რომ გახდეს სასწავლო, სამუშაო თუ გასართობი გარემო, ეს ნამდვილად კარგი იქნებოდა;

მწირი სასწავლო პროგრამები – ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით. მაგალითად, სამაგისტრო საფეხურზე დავამატებდი ფსიქოლოგიის პროგრამას, გამომდინარე იქიდან, რომ ფსიქოლოგიის მიმართულებით ვსწავლობ, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ საბაკალავრო განათლების დასრულების შემდეგ, ჩემს ქალაქში დავრჩე და სამაგისტრო პროგრამაც აქ გავიარო, არ მომიწიოს დედაქალაქში, ან სხვა რეგიონში წასვლა და ოჯახს დამატებითი ხარჯი არ გაუჩნდეს. მსგავსი სურვილი სხვა სტუდენტებსაც აქვთ. ასევე, არიან სტუდენტები, რომლებსაც უფრო მრავალფეროვანი პროფესიების შესწავლაც უნდათ, სასწავლო პროგრამებს ნამდვილად სჭირდება გახალისება.

ცნობადობის ნაკლებობა – ბევრს ჰგონია, რომ რადგან ჩვენი უნივერსიტეტი რეგიონში მდებარეობს, სტუდენტებს იგივე სწავლას და შესაძლებლობებს არ სთავაზობს, რასაც დედაქალაქში არსებული სახელმწიფო უნივერსიტეტები. ვფიქრობ, უნივერსიტეტის მიზანი უნდა იყოს, მეტი იმუშაოს უნივერსიტეტის პრესტიჟის ზრდასა და ცნობადობის ამაღლებაზე.

სტუდენტური კამპუსების არარსებობა – ეს პრობლემა დედაქალაქის სტუდენტებსაც აწუხებს, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ შემთხვევაში უფრო მარტივი უნდა იყოს ამ საკითხის მოგვარება, რადგან აქ იგივე რაოდენობის სტუდენტი არ სწავლობს, რამდენიც მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მეტი წამახალისებელი ჯილდოები – ჩვენს უნივერსიტეტში საკმაოდ წარმატებული სტუდენტები გვყავს. კარგი სწავლისთვის სახელმწიფო სტიპენდია გაიცემა, მაგრამ ასევე, კარგი იქნებოდა, თუკი სიმბოლური, ან თუნდაც ფულადი საჩუქრებით მოტივაციას უფრო მეტად გავუზრდიდით სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებსაც, რატომაც არა.

– ნიცა, მომავალი ფსიქოლოგების ჯგუფში რამდენი ხართ, ყველა ერთი რეგიონიდან ხართ? და როგორ ფიქრობთ, შეძლებთ თქვენი პროფესიით გორში დასაქმებას?

– ჯგუფში 10 ფსიქოლოგი ვართ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს ქალაქში უკვე ვარ დასაქმებული, ვაპირებ, სწავლის დასრულების შემდეგაც გორში დავრჩე. სტუდენტების უმეტესობა შიდა ქართლიდან არიან და როგორც ჩემთვის არის ცნობილი, სტუდენტთა დიდი ნაწილი გორში აპირებს დარჩენას. ყველას სხვადასხვა მიზეზი აქვს. შესაძლოა, ჩვენი პროფესიით ყველა ვერ დავსაქმდეთ, მაგრამ სხვა სფეროში სამუშაო ადგილების დეფიციტი გორში არ არის.

– დედაქალაქის სტუდენტებისთვის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ფასდაკლებები და შეთავაზებები მოქმედებს, თქვენს შემთხვევაში როგორ არის?

– შიდა ქართლში არსებულ საგანმანათლებლო-კულტურულ დაწესებულებებზე მოქმედებს შეღავათები, რომლითაც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სარგებლობენ. შეღავათებით ვსარგებლობთ რეგიონში არსებულ მუზეუმებსა და გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში, განახევრებული ტარიფი მოქმედებს. რასაკვირველია, ის ადგილები, სადაც დედაქალაქის სტუდენტები ფასდაკლებით სარგებლობენ, უფრო მრავალფეროვანია, ჩვენი ქალაქი კი პატარაა.

გარდა სწავლებისა, კიდევ რას გვთავაზობთ უნივერსიტეტი? შეგიძლიათ, გაიხსენოთ ბოლო ღონისძიება, რომელიც უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის გაიმართა და მოგვიყევით მის შესახებ

– უნივერსიტეტი გვთავაზობს სხვადასხვა აქტივობებში ჩართვას, როგორც საგანმანათლებლო, ისე გასართობი კუთხით. ჩვენს უნივერსიტეტში 30 ივნისიდან 30-ივლისამდე მიმდინარეობს „სტუდენტური დღეები“. ამ 1 თვის განმავლობაში დაიგეგმა მრავალი აქტივობა, როგორებიც არის: სპორტული ღონისძიებები (ფეხბურთი, მკლავჭიდი, ფეინთბოლი) კულტურული ღონისძიებები (უნივერსიტეტში არსებული კულტურული წრეების მიერ ორგანიზებული კონცერტი). ასევე, არ შემიძლია, არ აღვნიშნო ჩვენი იუმორისტული გუნდის წარმატება. „კეხურა“ მან-სან-კან-ის საქართველოს ჩემპიონი გახდა. საოცარი თანადგომა და გულშემატკივრობა ვიგრძენით სტუდენტებისგან უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან და ერთ მუშტად შეკრულებმა გამარჯვება მოვიპოვეთ, სერტიფიკატებით დავჯილდოვდით.

– და ბოლოს, თქვენი აზრით, როგორია სწავლის ხარისხი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში?

– არასდროს მინანია, რომ ჩემს ქალაქში დავრჩი განათლების მისაღებად. გამომდინარე იქიდან, რომ გორის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით, გორის უნივერსიტეტი კი მეგობრულ და ცოდნაზე ორიენტირებულ გარემოს გვთავაზობს, ჩვენი დევიზიც სწორედ ეს არის – „ცოდნა ცხოვრებისთვის“.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები