თბილისის მერიის ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

ივენთი

თბილისის მერიის ინფორმაციით, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, 15 ივნისიდან თბილისელი ახალგაზრდებისთვის პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო.

თბილისის მერია პროგრამას „TSYC – თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრთან“ ერთად ახორციელებს და თბილისში რეგისტრირებული 18-29 წლის ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სპორტულ-გასართობი აქტივობების შეთავაზებას ითვალისწინებს.

პროგრამებზე, რომლით სარგებლობა სრულიად უფასო იქნება, რეგისტრაცია დასრულდება 25 ივნისს.

2023 წლის „საზაფხულო პროგრამის“ ფარგლებში, ახალგაზრდები შეძლებენ ისარგებლონ შემდეგი სერვისებით:

კარტინგი, მინი გოლფი, სასროლეთი (ლისის მიმდებარე ტერიტორია) – „ლისი ლემანსში“ მიმდინარე აქტივობაში ერთჯერადად ჩართვა შესაძლებელი იქნება 1 200 ახალგაზრდისთვის 20 ივნისიდან 20 ივლისამდე, 17:00-20:00 საათის შუალედში (უზრუნველყოფილია კვებაც).

კარტინგის პროგრამაზე რეგისტრაცია

მუნიციპალური საცურაო აუზი (ზღვის უბანი) – ზღვის უბანში არსებული საცურაო აუზით ერთი თვის განმავლობაში, სარგებლობა შესაძლებელი იქნება 200-ზე მეტი ახალგაზრდისთვის. საცურაო აუზის აბონემენტით პროგრამის მონაწილეები ისარგებლებენ რვა ვიზიტით 20 ივნისიდან 20 ივლისამდე, 17:00-20:00 საათის შუალედში.

საცურაო აუზის სერვისის მისაღებად დარეგისტრირდით

ჩოგბურთის კორტები (ვაკის პარკის კორტები) – ვაკის პარკის კორტებით 400-ზე მეტი ახალგაზრდა ისარგებლებს. რეგისტრირებული პირები მიიღებენ ერთჯერად ვაუჩერს 20 ივნისიდან 20 ივლისამდე, 18:00-20:00 საათამდე შუალედში გამოყენებისთვის. კორტით სარგებლობის ხანგრძლივობა – ერთი საათი.

ჩოგბურთის კორტების სერვისის მისაღებად დარეგისტრირდით!

ჯომარდობა (ფასანაური) – პროექტი განხორციელდება 29-30 ივნისსა და 1-2 ივლისს ფასანაურში, მდინარე არაგვის ტერიტორიაზე. მასში 400 ახალგაზრდა ჩაერთვება, რომლებსაც გამოცდილი ინსტრუქტორები საჯომარდო დაშვებამდე ინსტრუქტაჟს ჩაუტარებენ. ტურის ფარგლებში, ჯომარდობასთან ერთად, ახალგაზრდები ჩაერთვებიან სპორტულ-შემეცნებით და გასართობ აქტივობებში: ფრენბურთი, შაში, ჭადრაკი, ა.შ. უზრუნველყოფილია კვებაც.

საჯომარდო ტურზე რეგისტრაციია

ლაშქრობები „თბილისის გარშემო“ – წარიმართება ოთხი ორდღიანი და რვა ერთდღიანი საველე სალაშქრო ბანაკების სახით. პროგრამა განხორციელდება 24 ივნისიდან 30 სექტემბრამდე შუალედში. თითოეულ ლაშქრობაში ჩაერთვება 25 ახალგაზრდა. ჯამში, პროგრამით 600 ახალგაზრდა ისარგებლებს. მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილია კვება, ეკიპირება და ექსკურსიამძღოლის მომსახურება.

ლაშქრობებზე რეგისტრაცია

სააპლიკაციო ფორმის შევსების შემდეგ, რეგისტრირებულ ახალგაზრდებს ორგანიზაცია სერვისის მიღების დროისა და თარიღის შესახებ ზუსტ ინფორმაციას მიაწვდის.

2023 წლის საზაფხულო პროგრამებში მონაწილეობას მიიღებს 5 000-მდე ახალგაზრდა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები