2018 წლის შემდეგ პირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება

სტუდენტური ცხოვრება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები ხვალ, 7 ივნისს, მე-8 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს აირჩევენ.

არჩევნებში მონაწილეობას 160 კანდიდატი იღებს (სია).

ხმის მიცემის პროცესი დაიწყება 09:00 საათზე და დასრულდება 18:00 საათზე.

არჩევნების ორგანიზებასა და ჩატარებას სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებისათვის შექმნილი ცენტრალური საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს. სწორედ მის კომპეტენციაში შედის არჩევნების შედეგების შეჯამება, წინასწარი შედეგების გამოცხადება, განცხადება/საჩივრების განხილვა და შემდგომ არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენა-დამტკიცებისა და გამოცხადებიდან შვიდი დღის ვადაში სტუდენტური თვითმმართველობის საერთო კრების მოწვევა.

7 ივნისის არჩევნებში მონაწილეობას ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, მედიცინის ფაკულტეტისა და ტურიზმის სკოლის სტუდენტები იღებენ. ტურიზმის სკოლიდან და მედიცინის ფაკულტეტიდან 10-10 დელეგატს, ხოლო დანარჩენი ფაკულტეტებიდან 20-20 დელეგატს აირჩევენ. სულ 120 დელეგატი იქნება არჩეული ორი წლის ვადით.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე კი, მე-8 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობა უკვე დიდი ხნის წინ, 2021 წლის 10 ოქტომბერს აირჩიეს, 20 დელეგატის შემადგენლობით.

„ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი არჩევნები ჩვენი უნივერსიტეტისთვის, რადგან უკვე 5 წელზე მეტია, არ ყოფილა მსგავსი ტიპის თვითმმართველობის არჩევნები, რაც გამოწვეული იყო სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზით, შესაბამისად, მოლოდინები გვაქვს კარგი. იმის მოლოდინიც გვაქვს, რომ ხვალ სტუდენტების მხრიდან მაქსიმალურად იქნება აქტივობა. კონკრეტულად ჩემს ფაკულტეტზე დარეგისტრირებულია 20 კანდიდატი და კონკურენცია არის უმაღლეს ნიშნულამდე, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ აქ იქნება მაღალი აქტივობა მაღალი კონკურენციის პარალელურად. ამას დამატებული, მე არ გამოვრიცხავ, რომ მცირე დაპირისპირებებიც იყოს, თუმცა ყველა კანდიდატი შევთანხმდით, რომ ხვალ მაქსიმალურად მშვიდად ჩავატაროთ არჩევნების დღე“, – თქვა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტმა, დელეგატობის კანდიდატმა, დიტო ბელქანიამ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები