დატვირთული სააუდიტორიო მეცადინეობების შემდეგ სტუდენტებს არანაკლებ რთული და საპასუხისმგებლო პერიოდი ეწყებათ. იმისათვის, რომ საგნები დახურონ და კრედიტი მიიღონ, ფინალური გამოცდების ჩაბარება უწევთ, რაც, გარკვეულწილად, სტრესთან არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, სწორი მენეჯმენტის წყალობით გამოცდებისათვის საფუძვლიანად მომზადებაა შესაძლებელი.
იმ ბარიერების გადასალახად, რომლებსაც ფინალური გამოცდები ქმნის, რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გათვალისწინებაა აუცილებელი:
- შეადგინეთ განრიგი – იმისათვის, რომ მეცადინეობისათვის დრო სწორად გადაანაწილოთ, წინასწარ განსაზღვრეთ, როდის რას გააკეთებთ. სწავლისას შეისვენეთ, მაგრამ არ გადადოთ საქმე.
- იფიქრეთ, როგორც ლექტორმა – მეცადინეობის დაწყებამდე გაიაზრეთ, რა არის საგნის მიზანი. სწორედ ამის შემდეგ შეძლებთ იმის განსაზღვრას, თუ რომელ საკითხებზე გაამახვილებს ლექტორი ყურადღებას.
- გაიაზრეთ, რა არის თქვენი სისუსტე – საკუთარ თავს დაუსვით კითხვა, მხოლოდ და მხოლოდ თეორიულად ფლობთ მასალას, თუ მისი პრაქტიკულად გამოყენებაც შეგიძლიათ. დაფიქრდით, რა არის თქვენთვის გაურკვეველი და რა გზას უნდა მიმართოთ, რომ ბუნდოვანი საკითხები არ დაგრჩეთ.
- შეეცადეთ, რთული მასალა სხვას აუხსნათ – თანატოლებთან ერთად მუშაობა საკითხის უკეთ გააზრების საშუალებას მოგცემთ. ამასთანავე, მასალის გამეორებასა და უკეთ დამახსოვრებაში დაგეხმარებათ.
- გაითამაშეთ იმიტირებული გამოცდა – მოიძიეთ წინა წლის ტესტები, დაინიშნეთ დრო და თავი ნამდვილ გამოცდაზე წარმოიდგინეთ. ეს, ერთი მხრივ, ფსიქოლოგიურად შეგამზადებთ, ხოლო, მეორე მხრივ, ნასწავლის გამეორებაში დაგეხმარებათ.
თუ ზემოთ ჩამოთვლილ რჩევებს გაითვალისწინებთ, გამოცდებისათვის კარგად მოემზადებით და აღარ მოგიწევთ, ერთი და იგივე საგანი რამდენჯერმე გაიაროთ.
წყარო: Princeton University