„დედლაინი ერთი დღით გადამიწიეთ რა“, – როგორ გადავანაწილოთ დრო სწორად და რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ დღის დაგეგმვისას

სასარგებლო რჩევები

დრო, როგორც ყველა ადამიანისთვის, ისე ნებისმიერი სტუდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დროის სწორი გადანაწილება კი ის ნიჭია, რომელიც დღევანდელ სამყაროში ძვირად ფასობს, რადგან აღნიშნული უნარის გარეშე ცხოვრება თითქმის წარმოუდგენელია. იმის გასაგებად, თუ რამდენად ეფექტურად ანაწილებენ ქართველი სტუდენტები თავიანთ დროს, STUDINFO.GE თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია.

საქართველოში ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ „სამედიცინოს სტუდენტები“ ყველაზე დატვირთულები არიან. მართლაც, მათ საკმაოდ საპასუხისმგებლო პროფესია აქვთ არჩეული, რომლისთვისაც აუცილებლად ძალიან კარგად უნდა ისწავლონ.

ჩვენმა ჟურნალისტმა სტუდენტებს ჰკითხა, თუ რამდენად დატვირთული გრაფიკი აქვთ ახალგაზრდებს, მოქმედებს თუ არა ეს მათ პროდუქტიულობაზე და საბოლოო ჯამში, როგორ ართმევენ თავს დროის მენეჯმენტის სირთულეს.

თსსუ-ის მედიცინის პირველი კურსის სტუდენტმა, დინა ჯოლიამ ღიად ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც უნივერსიტეტში ყველასათვის ნაცნობია. მისი თქმით, სტუდენტები იმდენად დატვირთულები არიან, რომ შესაძლოა გარეთ გასვლის დროც აღარ ჰქონდეთ – ეს ყველაფერი კი სწავლის ხარისხზე აისახება. დინამ ხაზი ასევე გაუსვა იმასაც, რომ პირველ კურსზე ზოგადი საგნების გავლა უწევთ, რაც უშუალოდ მედიცინასთან დაკავშირებული საგნების საფუძვლიანად მეცადინეობაში ხელის შემშლელი ფაქტორია.

„დატვირთულები უნდა ვიყოთ, მაგრამ რეალურად რასაც უნდა ვაკეთებდეთ, ზოგიერთი ჩვენგანი არ ვაკეთებთ. ეს ჩვენი ბრალიცაა და ამაში უნივერსიტეტიცაა დამნაშავე.

ყველა საგანში იმდენია სამეცადინო, რომ თითოს სრულად დამუშავებას 4-5 საათი სჭირდება.

ზოგადად, არც ერთი დღე არ გვაქვს თავისუფალი, მაგრამ ადამიანსაც გააჩნია. მე პირადად რაღაცნაირად ვახერხებ ხოლმე, რომ საღამოობით გარეთ გავიდე, მაგრამ მერე მთელი ღამე ვნერვიულობ და მეცადინეობაში ვათენებ“, – ამბობს დინა ჯოლია STUDINFO.GE-სთან.

დინასგან განსხვავებით, გიორგი არველაძე, რომელიც ასევე პირველი კურსის სტუდენტია ამბობს, რომ დიდი დატვირთვის მიუხედავად, მას 24 საათი მხოლოდ სწავლა არ უწევს.

„მე პირადად, იმაზე მეტად დატვირთული ვარ, ვიდრე ნებისმიერი ჩემი მეგობარი, რომელიც სხვა ფაკულტეტზე სწავლობს, მაგრამ თუ დროს კარგად გადაანაწილებ, მოასწრებ სწავლასაც და კვირაში ერთი-ორი დღე დასვენებას“, – აღნიშნავს გიორგი STUDINFO.GE-სთან.

გადატვირთული გრაფიკი და დროის არ ქონა, რა თქმა უნდა, მხოლოდ თსსუ-ის სტუდენტების პრობლემა არ არის და ეს საკითხი აქტუალურია სხვა უნივერსიტეტების ახალგაზრდებში.

აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: როგორ მოვახერხოთ დროის გადანაწილება ისე, რომ ვიყოთ პროდუქტიულები და ჩვენს თავსა არ მოვაკლოთ განტვირთვისა, თუ დასვენების საათები?

დროის მენეჯმენტს მრავალი სარგებელი აქვს და იგი საშუალებას იძლევა მძიმე ზეწოლის პირობებშიც კი შევასრულოთ დიდი სამუშო მცირე დროში.

პირველ რიგში, დროის სწორად გადანაწილებისთვის, საჭიროა, რომ აწარმოოთ დღიური, სადაც უნდა მოახდინოთ იმის ანალიზი, თუ დღის მანძილზე რა საქმეებით ხართ ძირითადად დაკავებული. მას შემდეგ, რაც მოახდენთ თითოეული პუნქტის შესწავლას, განსაზღვრეთ დაბალი მნიშვნელობის მქონე ქმედებები და შეამცირეთ მათზე დახარჯული დრო.

შეადგინეთ შესასრულებელი დავალებების სია მეტად საპასუხისმგებლოდან ნაკლებად საპასუხისმგებლო საქმეებისკენ. ამ ხერხით უფრო მარტივად მოახდენთ საქმეზე, თუნდაც დავალების დაწერაზე კონცენტრირებას და განსაზღვრავთ, თუ რომელ აქტივობას ესაჭიროება დაუყოვნებლივ შესრულება და რომელი შეიძლება მოიტოვოთ ბოლოსთვის.

თავი აარიდეთ რამდენიმე სამუშაოს შესრულებას, რადგან უმჯობესია ჯერ ერთი საქმე მიიყვანოთ ბოლომდე და შემდეგ გადახვიდეთ ახალზე.

განსაზღვრეთ „პრაიმ-დრო“, – ანუ დღის ის მონაკვეთი, როდესაც ყველაზე პროდუქტიული ხართ და ეცადეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე სწორედ დღის ამ მონაკვეთში გააკეთოთ.

აუცილებელია, რომ გამოყოთ დრო შესვენებისთვის – ეს საშუალებას მოგცემთ თავიდან აირიდოთ დროის უაზროდ ხარჯვა მაშინ, როდესაც რეალურად თქვენი ორგანიზმი, თუ ფსიქიკა არ საჭიროებს დასვენებას.

ერთ-ერთი მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ მოერიდოთ „დისტრაქტორებს“, – ანუ არ გაიფანტოთ ყურადღება. ეცადეთ თავი შეიკავოთ Facebook-ის, Tiktok-ის და ზოგადად გაჯეტების გამოყენებისგან.

თუ ჩამოთვლილი კრიტერიუმების შესრულებას ნელ-ნელა დაიწყებთ, იგი მალე ჩვევაში გადაგეზრდებათ, საბოლოოდ კი დისციპლინა ჩამოგიყალიბდებათ და აღარასდროს სთხოვთ ლექტორს, რომ დავალების „დედლაინი“ კიდევ ერთი დღით გადაგიწიოთ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები