კვების ობიექტებში, რომელიც მოეწყობა თსუ-ის მე-2, მე-5, მე-6, მე-10 (მაღლივი) და მე-11 (განივი) კორპუსებში, ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტუდენტები შეღავათიანი ფასებით ისარგებლებენ.
აუქციონი კვების ობიექტების მოწყობასთან დაკავშირებით უკვე გამოცხადდა. პირობების თანახმად, კვების ობიექტების ყოველდღიურ მენიუში წარმოდგენილი იქნება არანაკლებ 8 სახეობის პროდუქცია, რომელიც სტუდენტებში ყველაზე მოთხოვნადია. ამ პროდუქციის ჩამონათვალი თავად სტუდენტებმა შეარჩიეს. მათგან ყოველდღიურად მინიმუმ 4 დასახელების პროდუქციაზე გავრცელდება არანაკლებ 25-პროცენტიანი ფასდაკლება.
თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ლაშა საღინაძის განცხადებით, თსუ-ის ადმინისტრაციამ აუქციონის პირობებში სპეციალური პუნქტი ჩადო, რომლის მიხედვითაც, თსუ სტუდენტებს კვების ობიექტებში დასაქმებაში ხელი შეეწყობათ. ასევე, მომავალში იგეგმება კვების ობიექტებში საბარათე სისტემების დანერგვაც. ბარათების საშუალებით თსუ სტუდენტები ფასდაკლებით ისარგებლებენ.
ამასთან, გამოცხადდება კიდევ ერთი აუქციონი, თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში გაიხსნება კვების ობიექტი, სადაც ლიტერატურული კაფე განთავსდება.