თუ ევროპაში სწავლა გსურს, ეს შენი შანსია – მობილობა რუმინეთში, ესტონეთსა და ესპანეთში

გაცვლითი პროგრამები

„ქუთაისის უნივერსიტეტის“ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის სამი ქვეყნის მიმართულებით საერთაშორისო მობილობა გამოცხადდა.

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამის ფარგლებში კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს მგზავრობის ხარჯები და სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდებათ. ამასთან, ყოველთვიურად მიღებენ სტიპენდიას.

ტიმიშოარას დასავლეთის უნივერსიტეტში, რუმინეთში სწავლის სურვილის შემთხვევაში, ქუთაისის უნივერსიტეტის სამართლის და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს შეუძლიათ შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა აქ. ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, 2023-2024 წლის შემოდგომის ერთი სრული სემესტრი სრულიად დაფინანსდება და ამავდროულად, სტუდენტი მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 800 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას 275 ევროს ფარგლებში.

ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, ესტონეთში სწავლის სურვილის შემთხვევაში, ქუთაისის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირებისა და სამართლის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს, შეუძლიათ შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა აქ. ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, 2023-24 წლის შემოდგომის ერთი სრული სემესტრი სრულად დაფინანსდება და ამავდროულად, სტუდენტი მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 800 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას 275 ევროს ფარგლებში.

მალაგას უნივერსიტეტში, ესპანეთში სწავლის სურვილის შემთხვევაში, ქუთაისის უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შეუძლიათ შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა აქ. ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, 2023-24 წლის შემოდგომის ერთი სრული სემესტრი სრულად დაფინანსდება და ამავდროულად, სტუდენტი მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 850 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას 820 ევროს ფარგლებში.

შესარჩევი კონკურსი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება, Zoom-ისა და Moodle-ის პლატფორმების გამოყენებით და ქუთაისის უნივერსიტეტის „საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის“ შესაბამისად.

სტუდენტებისთვის, 3 მაისს, 12 საათზე ინგლისურ ენაში (B2 დონე) გამოცდა ჩატარდება, მაგრამ, თუ სტუდენტს შეუძლია წარადგინოს ინგლისური ენის მოთხოვნილ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, იგი თავისუფლდება ინგლისური ენის გამოცდიდან.

გამოცდის შემდეგი ეტაპი გასაუბრება იქნება, რომელიც ინგლისურ ენაზე, 5 მაისს, 12 საათზე, Zoom-ის პლატფორმაზე წარიმართება.
გასაუბრების შეფასების ელემენტებია – მოტივაცია აკადემიური, პროფესიული და პიროვნული განვითარების ჭრილში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები