27 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ერასმუსის სწავლების მობილობის პროგრამის ფარგლებში დოქტორ ჰორატიუ სტეფანი და დოქტორ ვიორელ არგიუსი საჯარო ლექციას გამართავენ.
უფრო კონკრეტულად, 27 აპრილს, 12 საათზე, ილიაუნის E315 აუდიტორიაში გაიმართება დოქტორ ჰორატიუ სტეფანის საჯარო ლექცია „ატმოსფერული აეროზოლების კვლევები სახმელეთო დისტანციური ზონდირების საშუალებით“.
ლექცია შეეხება ACTRIS-ის ინფრასტრუქტურას ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტში. საუბარი იქნება ატმოსფერული აეროზოლების მონიტორინგზე სახმელეთო დისტანციური ზონდირების საშუალებით. ასევე წარმოდგენილი იქნება აქტიური და პასიური სახმელეთო დისტანციური ზონდირების ინსტრუმენტებით აეროზოლების გაზომვის მეთოდები. ხაზი გაესმება ატმოსფერული აეროზოლების ძირითად კლასებს წყაროებისა და ზემოქმედების გათვალისწინებით.
რაც შეეხება დოქტორ ვიორელ არგიუსს, იგი ლექციას ჩაატარებს 12:30 საათზე, თემაზე „მდინარის წყალდიდობის რისკის მართვა ახალი გლობალური და რეგიონული გამოწვევების კონტექსტში“.
ლექციის პირველი ნაწილი ზოგად კონტექსტს დაეთმობა, რასაც რამდენიმე საკითხი მოჰყვება მდინარის წყალდიდობის ძირითადი ტიპებისა და მათ გენეზში ჩართული გამომწვევი ფაქტორების შესახებ. ასევე საუბარი იქნება კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციასა და მდგრად განვითარებაზე.
დასწრება თავისუფალია, ხოლო სამუშაო ენა, ინგლისური.