თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში კახა ბენდუქიძის კვირეული იმართება – რა ღონისძიებები ჩატარდება სტუდენტებისთვის

ივენთი

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ორგანიზებით, კახა ბენდუქიძის კვირეული ჩატარდება. ღონისძიებები 19 აპრილიდან დაიწყება – კონკრეტულად იგეგმება კრასენ სტანჩევის კახა ბენდუქიძისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია, რომელიც ჩატარდება კამპუსის საკონფერენციო დარბაზში, 19 აპრილს, 17:00 საათზე. დასწრება თავისუფალია.

20 აპრილს, 12:00 საათზე კი გაიმართება დასაქმების ფორუმი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, სადაც მონაწილეობას 100-მდე კომპანია მიიღებს, რომლებიც ადგილზე გაესაუბრებიან სტუდენტებს და გააცნობენ საკუთარ კომპანიებში სტაჟირებისა, თუ დასაქმების შესაძლებლობას. აღნიშნული ღონისძიება კამპუსის ბიბლიოთეკასა და ფოიეში ჩატარდება.

21 აპრილს, 13:00 საათზე თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული შემეცნებითი კონკურსების გამარჯვებულების გამოვლენის ღონისძიება გაიმართება, რომელში მონაწილეობასაც მხოლოდ სკოლის მოსწავლეები იღებენ, გამარჯვებულები კი მოიპოვებენ სწავლის დაფინანსებისთვის გრანტებს კახა ბენდუქიძის დაფუძნებული ცოდნის ფონდისგან. დაჯილდოება კამპუსის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ბოლო ღონისძიება 21 აპრილს, 17:00 საათზე იგეგმება. კამპუსის ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება აგრარული უნივერსიტეტის მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორი ია ფიფიას წიგნის, „გენეტიკის მოკლე საგნობრივი ენციკლოპედიის“ პრეზენტაცია. დასწრება თავისუფალია.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები