ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საუნივერსიტეტო ჰიმნის შექმნაზე კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მუსიკალური ნაწარმოების ტექსტი უნდა იყოს საუნივერსიტეტო თემატიკაზე და არ უნდა აღემატებოდეს ორ სტროფს. არ უნდა შეიცავდეს მოწოდებას დისკრიმინაციისა და ძალადობისკენ, ასევე, სარეკლამო ნიშნებს.
მუსიკალური კომპოზიციის ხანგრძლივობა უნდა იყოს 1-1.5 წუთი, სასურველია მელოდიური, მაჟორული შერეული გუნდისთვის (შესაძლოა ინსტრუმენტის თანხლებით) და შეესაბამებოდეს ასეთი კატეგორიის ნაწარმოებისთვის დამახასიათებელ მოთხოვნებს.
მუსიკალური ნაწარმოების ორივე კომპონენტი, მუსიკაც და ტექსტის უნდა იყოს უნიკალური, კონკრეტულად შექმნილი აღნიშნული კონკურსისთვის.
გამარჯვებული ნაწარმოების ავტორს გამოავლენს დარგის პროფესიონალებითა და თსუ-ის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საკონკურსო კომისია. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას, გარდა საკონკურსო კომისიის წევრისა, ან მასთან ინტერესთა კონფლიქტში მყოფი პირისა.
განაცხადები მიიღება 20 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით.
კონკურსში გამარჯვებულისათვის დაწესებულია ფულადი ჯილდო 5 000 ლარის ოდენობით.
საკონკურსო პირობებისა და შერჩევის პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.