სტუდენტი: „არასდროს გააკეთოთ ის, რისი სურვილიც არ გაქვთ, შეეჭიდეთ ახალ გამოწვევებს“

ინტერვიუ

წარმატებული სტუდენტის ცნება ყველასათვის ინდივიდუალურია და მოიცავს ისეთი თვისებების ქონას, როგორიცაა დისციპლინირებულობა, მიზანდასახულობა, კრეატიულობა, ორგანიზებულობა, თავდაჯერებულობა და სხვა. STUDINFO.GE-ს ამ სტატიაში კი იხილავთ ინტერვიუს იმ ადამიანთან, რომელიც ყველა ჩამოთვლილ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

გიორგი კავთელაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტის 19 წლის სტუდენტი, Green Georgia-ს დამფუძნებელი წევრი, Friday for Future Georgia-ს დამფუძნებელი, მწვანე სტიპენდიის მფლობელი, კლიმატის ახალგაზრდულ საერთაშორისო სამიტში საქართველოს წარმომადგენელი, CENN-ის (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის) თანამშრომელი და უბრალოდ მეოცნებე ახალგაზრდა, რომელმაც გარემოს დაცვასა და ეკოლოგიაზე ფიქრი ჯერ კიდეც 14 წლიდან, ზესტაფონის სოფელ დილიკაურში ცხოვრებისას დაიწყო.

-გიორგი, პირველ რიგში მინდა გკითხო, რატომ გადაწყვიტე, რომ შენი კარიერა ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მიმართულებით წაგეყვანა?

-14 წლიდან ვიცოდი, რომ ჩემი პროფესია გარემოსდაცვით სფეროსთვის უნდა დამეკავშირებინა, ამასთან, ყველაზე ახლოს ეკოლოგიის სამეცნიერო ცოდნა აღმოჩნდა. ეს მიმართულება არ სარგებლობს დიდი პოპულარულობით და ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ეკოლოგია, როგორც მეცნიერება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის და გარემოს ჰარმონიის შენარჩუნება/შესწავლაში.

-მოკლედ მოგვიყევი, შენი წარმატებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯების შესახებ.

-პირველი ნაბიჯები 5 წლის წინ იყო, როდესაც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისგან გრანტის სახით მივიღე დაფინანსება სკოლებისთვის მწვანე/სარეკრეაციო სივრცეების მოსაწყობად, რაც მიზნად ჯანსაღი გარემოს შექმნას ისახავდა თბილისში სასწავლო საზოგადოებისთვის. ჩემდა გასაკვირად, ღონისძიებაზე ბევრი უცხო და დაინტერესებული პირი მოვიდა, რომლებთან ერთადაც წამოვიწყე ინიციატივა, რომელიც იმავე ხაზს მიჰყვებოდა. აქტიური მუშაობა დავიწყეთ, რის პარალელურადაც გამოჩნდა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია, ასევე კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, CENN-ის კონკურსი, რომელიც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 1 წლიანმა ინტენსიურმა მუშაობამ გადამაწყვეტინა, რომ მომავალი პროფესია გარემოსდაცვით სფეროსთან დამეკავშირებინა. აგრეთვე, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის დასრულების შემდგომ, 1 თვიანი სტაჟირება გავიარე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტში. ამჟამად კი საქმიანობა ეხება სამსახურს და უნივერსიტეტს. საბოლოოდ, მოხარული ვარ, რომ დღეს სწორედ CENN-ში ვმუშაობ.

-დატვირთული და საქმიანი გრაფიკის ფონზე, როგორ ახერხებ დროის სწორ გადანაწილებას, რომ სწავლა და სამსახური დააბალანსო?

-ზოგადად, საკმაოდ რთული საკითხია, განსაკუთრებით საქართველოში, თუმცა მე საკმაოდ მარტივად ვაბალანსებ ამ საკითხს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მაგრამ მთავარი ფაქტორი CENN-ის მხრიდან ხელშეწყობაა, რაც ძალიან მიხარია, რადგან ჩემთვის სამსახური უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანის შესაძლებლობაა. თანაც იმ პირობებში, როდესაც პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს.

-ცხოვრების ადრეულ ეტაპზე მიღწეული მრავალი წარმატების ფონზე, სად ხედავ შენს თავს 10 წლის შემდეგ?

-იმედი მაქვს, რომ 10 წელიწადში შევძლებ, ჩემი წვლილი შევიტანო სხვადასხვა მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. არ მიყვარს არასტაბილურობა, ამიტომ, ჩემს მიზნებს მივყვები ნაბიჯ-ნაბიჯ და ბევრ მნიშვნელოვან დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი და გამოწვევა საკუთარი სოფლის განვითარებაში კონტრიბუციაა, ამიტომ ესეც აუცილებლად უნდა ვახსენო, როდესაც პრიორიტეტებზე ვსაუბრობ. ჩემთვის მთავარია, 10 წელიწადში რა ეტაპზე იქნება ჩემი მიზნები და არა ის, თუ სად ვიქნები მე.

-რამდენად მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მშობლებმა შენი წარმატების გზაზე?

-ნებისმიერი ადამიანის წარმატებაში დიდი როლი აქვს იმ ადამიანს, ვინც აღზრდაში იღებს მონაწილეობას და ზოგადად სოციუმს, თუმცა მშობელთა წვლილი შეუფასებელია, იმ წესრიგის, შრომისმოყვარეობის და სწორი ხედვების ჩამოყალიბებაში, რაც განმსაზღვრელია ჩვენი დღისწესრიგის, პოტენციალის. ის სწორი ფასეულობები, რაც გამაჩნია, სწორედ მშობლების დამსახურებაა.

-რას ურჩევდი ჩვენს მკითხველებს და სხვა სტუდენტებს, რა არის მეტად მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად და საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად?

-გამოწვევების წინაშე საკუთარი თავის დაყენება საუკეთესო საშუალებაა შენივე შესაძლებლობების გასაზომად. სტუდენტებს, ჩემს თანატოლებს ვურჩევდი, რომ არასდროს აკეთონ ის, რისი სურვილიც არ აქვთ და მუდმივად შეეჭიდონ ახალ გამოწვევებს, ერთგულად ბოლომდე მიიყვანონ ყველა დაწყებული საქმე და რაც მთავარია, ერთის მხრივ, დააფასონ ყველა მხარდაჭერა და შესაძლებლობა. ხოლო მეორეს მხრივ, თავად შექმნან შესაძლებლობები სხვებისთვის.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები