საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, სტუდენტებთან ერთად 9 აპრილის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
სტუ-ის რექტორის განცხადებით, 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში მუდამ დარჩება მანათობელ შუქურად, ნიშნად იმისა, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია და არასოდეს არ უნდა შეწყდეს.
„ყოველთვის გვემახსოვრება 9 აპრილი, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თარიღი – ჩვენი თაობის ახალგაზრდების თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის თავდადებული ბრძოლის დღე, რომელმაც „შვა ახალი სულიერი საქართველო“ და ქვეყანა საერთაშორისო სივრცეში სრულუფლებიან სუბიექტად დააბრუნა.
9 აპრილი მუდამ დარჩება საქართველოს ისტორიაში მანათობელ შუქურად, ნიშნად იმისა, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია და არასოდეს არ უნდა შეწყდეს. დიდება გმირებს, დიდება საქართველოს!“, – განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორმა, დავით გურგენიძემ.
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა, პარლამენტის წინ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეიკრიბნენ და 9 აპრილთან დაკავშირებით ბანერი გაშალეს, წარწერით „დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით“. მათ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული სახელები პლაკატებზე განათავსეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს ბათუმშიც. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, მერაბ ხალვაში, სტუდენტებთან და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გმირთა ხეივანში შეიკრიბნენ და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. უნივერსიტეტში ასევე გაიმართა 9 აპრილისადმი მიძღვნილი დისკუსია თემაზე: „9 აპრილიდან 9 აპრილამდე“.
ქართველ სტუდენტებთან ერთად, ეთნიკურად აზერბაიჯანელმა სტუდენტებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მათი თქმით, დღევანდელი დრე უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან 9 აპრილი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ნათელი დადასტურებაა.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად გარდაიცვალა 21 ადამიანი. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
ამ ამბიდან 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.