საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სტუდენტებისთვის სარეკრეაციო გარე სივრცის გაშენიანება და კეთილმოწყობა უზრუნველყო. პროექტი განხორციელდა JEF – UNDP – საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით და ასევე თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობასთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.
ამჯერად სტუ-ის ადმინისტრაციამ სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისთვის თანამედროვე სარეკრეაციო სივრცის მოწყობაზე იზრუნა, რის შედეგადაც მე-3 სასწავლო კორპუსის მიმდებარე პარკი, რომლის ფართობიც 1400 კვადრატული მეტრია, ახალი ნარგავებით გამდიდრდა, ასევე, თანამედროვე სარწყავი სისტემებითა და დეკორატიული კონსტრუქციებით აღიჭურვა.
სტუ-ის ვიცე-კანცლერის, პროფესორ ნიკოლოზ ნებიერიძის თქმით, მე-3 სასწავლო კორპუსის მიმდებარედ მოწყობილ ახალ სარეკრეაციო ზონაში ნებისმიერი სტუდენტი შეძლებს საუნივერსიტეტო გარემო დასვენების, სალექციო საგნების მომზადებისა და თანატოლებთან ურთიერთობის მიზნით გამოიყენოს. რექტორის თქმით, მსგავსი ზონების აღდგენა, განაშენიანება და კეთილმოწყობა მომავალშიც გაგრძელდება.
“გრანტის ფარგლებში შედგა საუნივერსიტეტო სარეკრეაციო სივრცეების დიზაინ-პროექტები, ასევე, უნივერსიტეტმა შეიძინა ნერგები და დამონტაჟდა თანამედროვე სარწყავი სისტემები. რაც შეეხება დეკორატიულ კონსტრუქციებს, რომლებიც ახალ სარეკრეაციო სივრცეშია განთავსებული, მათი პროექტირება და დამზადება უნივერსიტეტმა საკუთარი ძალებით უზრუნველყო. სარეკრეაციო ზონების განაშენიანება მომავალშიც გაგრძელდება. საერთო ჯამში, პროექტი ითვალისწინებს 3 300 კვადრატული მეტრის ფართობის გარე საუნივერსიტეტო სივრცის კეთილმოწყობას, რათა ჩვენმა სტუდენტებმა ნებისმიერ დროს შეძლონ დასვენება, ერთმანეთთან ურთიერთობა და მომდევნო ლექციებისთვის მომზადება“, – აღნიშნავს ვიცე-კანცლერი ნიკოლოზ ნებიერიძე.