სტუდენტური ბარათები, ენის შემსწავლელი ცენტრები – თსუ-ის რექტორმა სტუდენტებს ახალი დაპირებები მისცა

უნივერსიტეტების სიახლეები

„თსუ-ის სტუდენტები ყველგან უნდა გრძნობდეთ უნივერსიტეტის მხარდაჭერას, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თსუ თქვენი მხარდამჭერი და ძლიერი ზურგია სწავლაში, კვლევაში, საქართველოსა თუ უცხოეთში ყოფნისას“, – განაცხადა თბილისის სახელმწიფოს უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას, რომლებთანაც ყურადღება ფაკულტეტზე არსებულ გამომწვევებზე გაამახვილა და ინფორმაცია უშუალოდ მათგან მოისმინა.

შეხვედრაზე თსუ-ის რექტორმა ვრცლად ისაუბრა უნივერსიტეტში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე. მისი თქმით, უახლოეს მომავალში განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, აუდიტორიები აღიჭურვება უახლოესი კომპიუტერული ტექნიკით და გარემონტდება მე-10 სასწავლო კორპუსის რამდენიმე სართული.

ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს მოუწოდა, რომ მეტად ჩაერთონ სტუდენტურ აქტივობებში და ამასთანავე, მათ მრავალი დაპირება მისცა.

მაგალითად, რექტორის ინფორმაციით, სტუდენტებს ექნებათ სტუდენტური ბარათები, რომელსაც მიებმება მრავალი სერვისი. ამ სერვისებით თსუ-ის სტუდენტები მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ასევე, თსუ სასწავლო კორპუსებში გაიხსნება უცხო ენების შემსწავლელი ცენტრები, რომელშიც სტუდენტები თანამედროვე, წარმატებული მეთოდებით შეისწავლიან უცხო ენებს. აგრეთვე საუბარი იყო საზაფხულო/ზამთრის ბანაკებზე, სადაც სტუდენტები უცხოელ სპეციალისტებთან ერთად გაიღრმავებენ ენის კომპეტენციებს.

შეხვედრისას უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა კიდევ ერთ სამომავლო პროექტზე ისაუბრა, რომელიც თსუ-ის პროფესორების მიერ დაწერილი, ან თარგმნილი თანამედროვე სახელმძღვანელოების გამოცემას, შემდგომ კი მათ სრულად გაციფრულებას გულისხმობს.

შეხვედრის ბოლოს, ჯაბა სამუშიამ მოისმინა სტუდენტთა მოსაზრებები სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე. მათ შორის, კვების ობიექტების, აუდიტორიების მდგომარეობის, ბლუმბერგის ლაბორატორიაში არსებული ტექნიკური პრობლემების შესახებ და სხვა.

რექტორმა სტუდენტებს შესთავაზა, რომ ჩაერთონ საუნივერსიტეტო პრობლემების მოსაგვარებელ სატენდერო კომისიების მუშაობაში, რათა ერთ მხრივ, პროფილის მიხედვით მიიღონ შესაბამისი პრაქტიკა და, ამავე დროს, მეტი გამჭვირვალეობა შესძინონ სატენდერო პროცესებს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები