სტუდენტობის წლები, როგორც წესი, ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და გარდამტეხი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. ეს დამოუკიდებლობისა და ახალი შეგრძნებების ეტაპია, რომელსაც თან მრავალი გამოწვევაც ახლავს. ამ გამოწვევათა მისაღებად და გადასალახად მნიშვნელოვანია, კარგად დავფიქრდეთ და სწორად შევაფასოთ შესაძლებლობები და რისკები.
როგორ განვეწყოთ გამოცდებისთვის, რა უნდა წამოვიღოთ უნივერსიტეტიდან, როგორ შევიდეთ შრომის ბაზარზე, როგორც სტუდენტები, რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, STUDINFO.GE ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, წარსულში აუდიტორია 115-ის ერთ-ერთი წევრს, გიორგი ჯავახაძეს ესაუბრა.
გიორგი, გახსოვთ ის შეგრძნება, როდესაც სტუდენტი გახდით? რა მოლოდინები გქონდათ?
უნივერსიტეტში რომ ვაბარებდი, აკადემიური სივრცე უფრო მქონდა წარმოდგენილი, მაგრამ თვითონ შეგრძნება სტუდენტობა რა არის, სიმართლე გითხრათ, ვერ წარმომედგინა. გასაოცარი პროცესი იყო სტუდენტად გახდომა. ეს ემოციები არ მახსოვს, მერე მომიყვნენ, იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის თსუ-ის სტუდენტობა, ჩემთვის იმაზე მეტს ნიშნავდა, ვიდრე საკუთრივ სტუდენტობა. მახსოვს, ათი დღის დაწყებული იყო სწავლა, მე ბინა არ მქონდა ნაპოვნი და ვერ ჩამოვედი. ეს ათი დღე მეგონა, რომ დაიქცა ქვეყანა ჩემთვის.
რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის ერთ-ერთი მთავარი სირთულე ახალ გარემოსთან ადაპტაციაა. თქვენ როგორ გაუმკლავდით ამას?
ჩემთვის შედარებით უფრო მარტივი იყო ალღოს აღება. ჰუმანიტარული სფერო არის ასეთი. აქ მაინც კომუნიკაბელური ადამიანები არიან. აბსოლუტურად დაცლილია ტოქსიკური მასკულინობისგან, ამიტომ ეს ძალიან კომფორტული სივრცეა. ფაქტობრივად, აქ აღარ გიწევს, თვითდამკვიდრების აბსურდულ მცდელობებს შეხვდე. შესაბამისად, ეს სივრცე უფრო ორგანიზებულობისკენ არის მიდრეკილი. აკადემიური თვალსაზრისით და იგივე აკადემიის მიღმა, სტუდენტური ცხოვრების დაგეგმვის თვალსაზრისით.
გამოცდილება აჩვენებს, რომ აბიტურიენტები ყველაზე მეტად პირველი გამოცდის წინ ღელავენ. რას ეტყოდით მათ, რა დაეხმარებათ სტრესის მოხსნაში?
მეც ვარწმუნებ საკუთარ თავს, რომ არ ვარ ემოციური ადამიანი, მაგრამ ეს ხომ ტყუილია. ყველა ადამიანი ემოციურია სინამდვილეში. უბრალოდ, ზოგიერთს შეუძლია, გაუსწოროს თვალი და გამოხატოს, ზოგიერთს კი ეს უბრალოდ სხვა რაღაცებში გადააქვს. იმის შეძახილი „არ ინერვიულო“ არის აბსურდი. ალბათ, რაც უნდა იცოდნენ ბავშვებმა, ისაა, რომ თუ ძალიან არ ინერვიულებ, ცოტა ნერვიულობას არც არაფერი უშავს. ყველაზე საშუალო აბიტურიენტმაც იცის იმდენი, რამდენიც გამოცდის ჩაბარებისთვის არის საჭირო. რამდენიც არ უნდა ვაკრიტიკოთ ქართული განათლების სისტემა, მოსწავლე, რომელსაც მთლად ძილში არ აქვს თორმეტი წელიწადი გატარებული, ფლობს იმდენ ცოდნას, რომ ეს გამოცდა ჩააბაროს.
კონკრეტულად ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე რას გვეტყვით? როგორ ამხნევებთ თქვენს აბიტურიენტებს?
ვცდილობ, ჩემი აბიტურიენტები და თუნდაც პატარა მოსწავლეები შევაგუო იმას, რომ ეს გამოცდა აგებულია მათ შინაგან შესაძლებლობებზე, უნარებზე და არა გარეგან ცოდნაზე. რამდენად კარგად გესმის ქართული ენის სტილი – პუნქტუაციური თუ სტილისტური ცოდნა, დიდ წილად არის ჩვენი ყურის კულტურაზე დამოკიდებული. თუ შენ რამდენიმე წიგნი წაგიკითხავს, რამდენიმე ფილმი გინახავს და აკადემიურ სივრცეში ყოფილხარ, მიჩვეული გაქვს ყური იმაზე, როგორ უნდა იყოს. არავინ არ გვთხოვს ვიცოდეთ შუშანიკის წამებიდან დიდოსტატის მარჯვენამდე ქართული ლიტერატურა ტესტური თვალსაზრისით. აქ ჩვენ გვთხოვენ დაუსრულებელი რაოდენობის ლიტერატურულ მასალაში არსებული გარკვეული, სასრული რაოდენობის პრობლემების ანალიზს, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე. აქ არავინ გვთხოვს მზა პოზიციებს და პასუხებს. თუ შენ მიხვდები, როგორ ხდება პარალელის გავლება, ჩათვალე, რომ შემფასებლის გული მოგებული გაქვს. პარალელი არ არის მაინც და მაინც ნოდარ დუმბაძისა ნიკო ლორთქიფანიძესთან ან პირიქით. ნიკო ლორთქიფანიძის პარალელი შეიძლება სიტყვაზე „სამეფო კარის თამაშებთან“, რა პრობლემაა, თუ შენ ამას ხედავ. მთავარია, რაციონალურ ჩარჩოებში იჯდეს. იმ ბავშვებს, რომლებიც წლების განმავლობაში ინფორმაციის მიღებაზე უარს არ ამბობდნენ და კოგნიტური უნარების განვითარებაზე ცოტათი მაინც აქვთ ნამუშევარი, საერთოდ არ აქვთ სანერვიულო.
რას ურჩევდით მათ, ვინც ზუსტად არ იცის, სად ჩააბაროს, ასეთი აბიტურიენტების რაოდენობა კი, ბუნებრივია, ყოველთვის ბევრია.
თუ უმაღლეს განათლებაში მივდივართ, სჯობს ვისწავლოთ მეცნიერება. გრაფიკულ დიზაინს, სასტამბო საქმეს, ტურიზმს, ბიზნესს და სხვა ასეთ პროფესიებს უმაღლესი განათლება არ სჭირდება. ძალიან დიდი ბოდიში, არავის ვაკნინებ, მაგრამ უბრალოდ მგონია, რომ ეს საქმეები პრაქტიკაში უფრო კარგად ისწავლება. უამრავი პროფესიული სასწავლებელი არსებობს, რომელიც გაცილებით უკეთესად და მიზანზე ორიენტირებულად გვასწავლის ამ ყველაფერს. რას ვგულისხმობ მეცნიერებაში: ეკონომიკას, სოციალურ მეცნიერებებს, ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, რასაკვირველია, მედიცინას, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. თუ შენ რაღაც მეცნიერებას ისწავლი, მერე ნებისმიერ გამოყენებით სფეროში შეგიძლია, ეს ცოდნა გადაიტანო. შეიძლება, ვიღაც ფიქრობს, ჩავაბარებ უმაღლესში ვისწავლი პროფესიას და სხვებმა უყურონ მეცნიერულად ამ საქმესო, მაგრამ ასე არ გამოდის. შეიძლება მეცნიერებად ყველანი არ ვიქცეთ, მაგრამ სწავლის პროცესში ყველანი ვართ მეცნიერები, მეცნიერების ნაწილი ვართ. ბევრი, რა თქმა უნდა, ამ გზაზე არასწორ ადგილზე აღმოჩნდება. ასეთი სტუდენტები, რომლებიც მოგვიანებით პოულობენ ნამდვილ მოწოდებას, უნდა გავამხნეოთ და ვუთხრათ, რომ ეს კატასტროფა არაა და არც ეს „დაკარგული“ ერთი ან ორი წელი ნიშნავს რამეს. საერთოდ, დაკარგული როგორ შეიძლება ვუწოდოთ დროს, რომელმაც ჩვენს რეალურ ინტერესამდე მიგვიყვანა. აქ უფრო ჩვენი კულტურული და ეკონომიკური წნეხები თამაშობენ დიდ როლს, სტუდენტმა ხომ რაც შეიძლება მალე უნდა იშოვოს სულ მცირე, საკუთარი თავის სარჩენი ფული.
ბუნებრივად მივადექით ბევრისთვის მტკივნეულ თემას, სტუდენტურ სამსახურებს, რომელიც უმეტესად არ ითვალისწინებს სტუდენტის ინტერესებს.
სტუდენტების უმრავლესობა ან მუშაობს ან სტრესის ქვეშაა, რომ ვერ მუშაობს და ფული არ აქვს. ასეულობით პროფესიული სასწავლებელი არის ჩვენს ქვეყანაში, თითქმის ყველა რეგიონში, სადაც სწავლისთვის სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება შეგიძლია. ჩემთვის რომ ეს ვინმეს ერჩია, დღეს ძალიან მადლიერი ვიქნებოდი. ყველას შეუძლია, საუნივერსიტეტო განათლების პარალელურად, რომელიმე გამოყენებითი სპეციალობა მიიღოს – გრაფიკული დიზაინი, პროგრამირება, კინო თუ ტელე-რეჟისურა. შეგიძლიათ, ნახოთ დაწვრილებით vet.ge-ზე. ძალიან კარგი ადამიანები გვასწავლიან ამ საქმეს, მეთოდებს, როგორ გავაღრმაოთ ჩვენი ცოდნა ამ მიმართულებით და გვაძლევენ ფურცელს, რომ ჩვენ ეს ვიცით. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამას სერიოზულად მიუდგება, აუცილებლად იპოვის იმაზე უკეთესს სამსახურს, თუნდაც დისტანციურად და შტატგარეშე თანამშრომლობით, ვიდრე „სპარია“. „სპარი“ არასდროსაა გამოსავალი. არ მაქვს საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო ამას უნდა არეგულირებდეს და არავის უნდა ეძლეოდეს ახალგაზრდა ადამიანების ბედით თამაშის უფლება, მაგრამ ჩვენც უნდა გამოვიმუშაოთ შრომის კულტურა, ვიცოდეთ სწორი გზა, როგორ ვებრძოლოთ უსამართლო შრომის ბაზარს და როგორ დავსაქმდეთ ღირსეულად. დღეს რაც ხდება ისაა, რომ ერთის მხრივ, გაედინება შრომითი კაპიტალი ქვეყნიდან და ეს კატასტროფაა, მაგრამ მეორეს მხრივ, ვიღაცები აზრზე მოვიდნენ. არ გაათენებენ ღამეებს დამამცირებელი ხელფასის გამო, რაღაცას შეისწავლიან და უკეთეს სამსახურს იშოვნიან. ისე კი, რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან უნდა მივაღწიოთ იმას, რომ სტუდენტი შრომით ბაზარზე არ შედიოდეს, როგორც ჩვეულებრივი მშრომელი და შედიოდეს როგორც სტუდენტი. დამსაქმებელი კი ვალდებული იყოს, როგორც ევროკავშირის ქვეყნებშია, ნახევარ განაკვეთზე იგივე ხელფასი შესთავაზოს რაც სრულ განაკვეთზეა.
გარდა სილაბუსით გათვალისწინებული მასალის სწავლისა, რა არის ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც სტუდენტის მეცნიერად, პროფესიონალად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს?
ათასი კარგი ლექციის კარები იღება ისე, რომ იქიდან არავინ გამოგაგდებს. ამიტომ აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი ცოდნა წამოვიღოთ, რახან უნივერსიტეტში ვართ. მხოლოდ სამეცნიერო ტექსტების და სილაბუსში გათვალისწინებული თემების სწავლა არ არის არც სტუდენტობა, არც პროფესიის დაუფლება. იმ ადამიანებთან ყოფნა, პროფესორები იქნებიან ესენი თუ ფაკულტეტის სხვა სტუდენტები, რომლებიც შენს არჩეულ სფეროს შეადგენენ ან მომავალში უნდა შეადგინონ, არის უმნიშვნელოვანესი. როცა კარიერულ კიბეზე ადიხარ და შემდეგ, როცა ვიღაცები გჭირდება, რომ მათთან ერთად საქმე აკეთო, ხომ უნდა იცოდე, ვინ როგორ სწავლობდა და ვინ რაზე ფიქრობდა, როცა მეცნიერებას სწავლობდით. შენ მუდმივად უნდა ამოწმო, გამოთალო და აშალაშინო შენი აზრები და ამას შენი პროფესიის ადამიანებზე უკეთ ვერავისთან გააკეთებ.
და ბოლოს, სტუდენტები რომ ძალიან მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ, ჩვენს უახლეს ისტორიაში არაერთხელ დავინახეთ. ამის საილუსტრაციოდ თქვენი მოძრაობაც გამოდგება. როცა საქართველოს ნაირ ქვეყანაში ცხოვრობ ვერ დისტანცირდები მიმდინარე პროცესებისგან, ხომ ასეა? თუმცა დღეს უკვე საკმაოდ გართულებულია სტუდენტების კონსოლიდაცია პრობლემური საკითხების ირგვლივ…
სტუდენტობა არ არის მარტო აკადემიზმი. ყველა სტუდენტი უნდა გახდეს ნაწილი მის გარშემო მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესებისა. უნივერსიტეტი არის იდეალური შესაძლებლობა ქვეყნის რეალობაზე დაკვირვებისთვის; იმის სწავლისთვის, როგორ ფუნქციონირებს ის სახელმწიფო, რომელშიც შენ ცხოვრობ. როდესაც სტუდენტი ხდები, ყველაფერი ყველაზე მეტად გეხება. სტუდენტები უნდა იყვნენ აქტიური, არავინ არ იცის, რომელი ცოდნა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის სწორი ანალიზის ცოდნა თუ რომელიმე პროფესიაში სკრუპულოზური ცოდნის მიღება. ცოდნით უნდა შეიარაღდე იმიტომ კი არა, რომ ფული იშოვო, ცოდნით უნდა შეიარაღდე პირველ რიგში იმიტომ, რომ ბედნიერებაა, სინათლეა. რად უნდა ბევრი ლაპარაკი, კარგად დაარქვეს ჩვენმა წინაპრებმა – განათლება. როდესაც განათლებული ადამიანი იქნები და აზროვნებას დაეჩვევი, გაცილებით რთული იქნება შენი დაყოლიება ისეთ რაღაცაზე, რაც საბოლოო ჯამში ბოროტებაა. უმრავლეს შემთხვევაში განათლება გიცავს. ჰო, ხშირად გვჭირდება შეძახილი, რომ ცოდნა გვიცავს ყველაფრისგან.