კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის (KAS) აკადემიის მიზანია 18-25 წლის ახალგაზრდებში არაფორმალური პოლიტიკის განათლების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტების საბაკალავრო საფეხურის 1-ელ, მე-2 და მე-2 კურსის, ნებისმიერი მიმართულების, თუ სპეციალობის სტუდენტს.
პოლიტიკური განათლების აკადემიაში სწავლება ორ ეტაპად ჩატარდება. 2023 წლის 27, 28, 29 და 30 აპრილს „ფაბრიკაში“ 4 დღიანი ტრენინგი კონკურსით შერჩეული სტუდენტებისთვის ჩატარდება, რის შემდეგაც სტუდენტები საკუთარ უნივერსიტეტებში განახორციელებენ შემუშავებულ პროექტს, რომლებსაც კონრად ადენაუერის ფონდი დააფინანსებს.
2024 წლის 22-25 სექტემბერს მონაწილე სტუდენტები შეიკრიბებიან კახეთში, საზაფხულო სკოლაში.
ხოლო პროექტის მონაწილეებს სრული კურსის დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცემათ.
პოლიტიკის აკადემიაში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 20 მარტმადე უნდა გააგზავნონ განაცხადი ელ. მისამართზე: [email protected]
განაცხადი მოიცავს CV-ს და არგუმენტირებულ ესეს (Word, მაქს. 500 სიტყვა, ფონტი Sylfaen 11, სტრიქონებს შორის ინტერვალი 1,15, ქართულ ენაზე).
ესე:
ერთი წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, საერთაშორისო აქტორების დიდმა ნაწილმა ეტაპობრივი სანქციები დაუწესა რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპანიებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, ასევე პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქებს თუ პოლიტიკოსებს, რუსული პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვან ნაწილს. იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც შეუერთდნენ საერთაშორისო სანქციებს, არ არის საქართველო.
ამასთანავე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთიდან მილიონზე მეტმა ადამიანმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი: ნაწილი დარჩა საქართველოში, დაარეგისტრირა ბიზნესი, შეიძინა უძრავი ქონება. მიგრაციის ამ მოულოდნელ ნაკადს საზოგადოება მოუმზადებელი შეხვდა და გარკვეულწილად, დაიბნა. გაჩნდა ეჭვი, რომ საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით, რუსეთი, სანქციების გვერდის ავლით, ეწევა გარკვეული პროდუქციის იმპორტს.
როგორ ფიქრობთ, რამდენად გამართლებული რეაქცია ჰქონდა საქართველოს მთავრობას მიგრაციის ნაკადის გამოწვევაზე? რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს რუსეთიდან დიდი რაოდენობით ადამიანების გადმოსახლება? რა შეეძლო მოემოქმედა საქართველოს ამ ნაკადთან გასამკლავებლად და რა პოლიტიკა უნდა გაატაროს სახელმწიფომ, თუკი უახლოეს მომავალში კიდევ იქნება მიგრაციის ასეთი დიდი ტალღა?
მონაწილეთა განაცხადებას განიხილავს კომისია. არგუმენტირებული ესეს შეფასებისას, გათვალისწინებული იქნება განმცხადებლის მიერ წარმოჩენილი:
პოლიტიკური წიგნიერება;
არგუმენტაციის უნარი;
აკადემიური წერის სტილი.
კომისია განცხადების განხილვის საფუძველზე, შეარჩევს გასაუბრების კანდიდატებს. გასაუბრებები შედგება 2023 წლის 27-31 მარტს.
განაცხადების განხილვისა და გასაუბრების შედეგების საფუძველზე, შეირჩევიან პოლიტიკური განათლების აკადემიის მონაწილეები.
ავტორი: ბაჩანა ტყემალაძე