თუ შუალედურები და ფინალურები კარს მოგადგა! – სწრაფი და ეფექტური სწავლის სამი მეთოდი

ინფორმერი

ყველა სტუდენტს განსხვავებული ათვისებისა და სწავლის უნარი აქვს. ადამიანთა გონება, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან იქმნის საკუთარი თავისთვის საუკეთესო სწავლის მეთოდს, ან ტექნიკას, მაგრამ ხშირად ასაკის მატებასთან ერთად ეს მეთოდები ტვინს, მარტივად რომ ვთქვათ, ბეზრდება, რის შემდეგაც ეფექტურობას კარგავს და სწავლის პროცესი გვირთულდება.

ამას ემატება დროის ფაქტორიც – ყველა სტუდენტს თავისი ცხოვრების სტილის, პიროვნული თვისებების და მრავალი სხვა მიზეზის გამო, ხშირად შუალედურ, ან ფინალურ გამოცდამდე მხოლოდ 2-3 დღით ადრე უწევთ მთლიანი მასალის სწავლა, რაც, რა საკვირველია, ძალიან რთულია და ხშირად კრახითაც სრულდება.

სწორედ მსგავსი პრობლემების გამო გასულ საუკუნეში თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელმა დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა ესწავლათ განსაკუთრებული სირთულის ინფორმაცია მაქსიმალურად მოკლე დროში, რაც შეიძლება მარტივად. აქედან ჩაეყარა საფუძველი იმ რამდენიმე სწავლის მეთოდს და ტექნიკას, რომელსაც სტატიაში იხილავთ.

ფეინმანის ტექნიკა – ეს მეთოდი 4 საფეხურისგან შედგება და თითქმის 100 პროცენტიან შედეგს იძლევა. მისი შემქმნელი, რიჩარდ ფეინმანი ნობელის-პრემიის ლაურეატი ფიზიკოსი იყო, რომელმაც გონებრივი მოდელი ტექნიკის სახით შეიმუშავა. იგი ცნობილი იყო, როგორც კარგი „განმმარტველი“ და შეეძლო ილუსტრირება გაეკეთებინა ისეთივე რთული თემებისთვის, როგორიცაა კვანტური ფიზიკა. ასევე მას ჰქონდა ნიჭი, რომ მარტივად და ლაკონურად განემარტა ნებისმიერი თემა ადამიანებისთვის.

  1. აიღე თემა, რომლის გაგება და სწავლაც გსურთ. დაწერეთ ყველაფერი, რაც ამ თემაზე იცით და იქვე დაამატეთ ყველა ახალი ინფორმაცია, რომელსაც ისწავლით ხოლმე.
  2. წარმოიდგინეთ, რომ ამ თემას აუდიტორიას უხსნით და ასწავლით. დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ მარტივად და გასაგებად ახსმა.
  3. როდესაც თხრობისას დაბრკოლდებით, ჩაიხედეთ წიგნში. ცოდნის გასამყარებლად აუცილებელია სიზუსტე. პრობლემურ არეას მანამდე უნდა დაუბრუნდეთ, სანამ მთლიანი თემის შეუცდომლად განმარტებას არ მოახერხებთ.
  4. გაამარტივეთ ტექსტი და გამოიყენეთ ანალოგიები. იმეორეთ პროცესი და ამასობაში ენას გაიმარტივებთ და ფაქტების ანალოგიებთან დაკავშირებას შეძლებთ, ეს კი ცოდნას გაგიმყარებთ.

პომოდოროს ტექნიკა – იგი ფართოდ გავრცელებული ტექნიკაა და ბევრი მას ცხოვრების სტილადაც აღიქვამს. პომოდორო გამორიცხავს ყურადღების გაფანტულობას, სწავლისას პარალელურ რეჟიმში სხვა საქმით დაკავებას, თუნდაც სქროლვას და არაეფექტიანობას. დროის მართვის სტრატეგი, კელი ნოლანი აღნიშნული მეთოდის პროდუქტიული გამოყენებისთვის ხუთ ნაბიჯს ასახელებს.

  1. აირჩიეთ ამოცანა – ამოცანის შერჩევისას პრიორიტეტი უნდა მიანიჭოთ საქმეს, რომლის შესრულებისას ყურადღება გეფანტებათ. საერთოდაც, „პომოდოროს“ გამოყენება ყველაზე კარგი მაშინაა, როდესაც სამუშაოს ხალისის გარეშე ასრულებთ.
  2. ინტერვალის შერჩევა – უნდა შეაფასოთ, თუ რამდენი ხანი დაგჭირდებათ დაახლოებით ერთი კონკრეტული თავის შესასწავლად და არ გაწყვიტოთ სწავლის პროცესი სანამ საქმე არ დასრულდება. ყველაზე ეფექტურია 25-წუთიანი მუშაობის, სწავლის პროცესი, რის შემდეგაც 5 წუთი ისვენებთ.
  3. უნდა შეარჩიოთ ის საათები, როდესაც ყველაზე ფხიზლად ხართ.
  4. გაზარდეთ მასშტაბი – პირველ დღეს შეგიძლიათ ტექნიკა მხოლოდ 1 საათით გამოიყენოთ, რაც ალბათ საუკუნედ მოგეჩვენებათ, მაგრამ თუ ამ მეთოდის გამოყენებას კიდევ გადაწყვეტთ, შეამჩნევთ, თუ როგორ მარტივდება სამუშაო პროცესი.
  5. შესვენების დროს უნდა იყოთ აქტიური, გონება ყველაზე კარგად ფიზიკური აქტივობის დროს ისვენებს, თუნდაც მაშინ, როდესაც ცეკვავთ. რა თქმა უნდა, არ არის რეკომენდირებული შესვენებისას ნებისმიერი სოციალური ქსელის „სქროლვა“, მაგრამ თუ ეს თქვენი კომფორტის ზონაა, რა გაეწყობა.

აქტიური გახსენება (active recall) – ეს მეთოდი სწავლის პროცესში გონების სტიმულირებას გულისხმობს, როდესაც ტექსტს მხოლოდ ერთხელ კითხულობთ, რის შემდეგაც წიგნს ხურავთ და საკუთარ თავს წაკითხული ტექსტის შესახებ შეკითხვებს უსვამთ.

მეცნიერთა თქმით, ნებისმიერი ტექსტის მრავალჯერ წაკითხვა არ ნიშნავს, რომ იგი აუცილებლად დაგვამახსოვრდება. პირიქით, თუნდაც ერთხელ წაკითხვისას ეცადეთ, რომ დაიმახსოვროთ დედააზრი და არა ცალკეული დეტალები. გონებაში დახატეთ სურათი, რომლის შესახებაც კითხულობთ. ეცადეთ კითხვისას სხვა რაღაცებით გონება არ გაიფანტოთ. მაგალითად, თუ პარალელურ რეჟიმში ზიხართ კომპიუტერთან, მუსიკას უსმენთ, ან ტელეფონს იყენებთ, წაკითხულის 80 პროცენტი შეიძლება საერთოდ ვერ დაიმახსოვროთ. თუ ერთდროულად დიდი რაოდენობის მასალას ეჭიდებით, წაიკითხეთ ნაწილ-ნაწილ, ასე უფრო მარტივად მოახერხებთ მის ათვისებას.

აქედან გამომდინარე, აქტიური გახსენება მოიცავს არა მხოლოდ ყველაზე ეფექტური გზით მასალის შესწავლას, არამედ იგი მოითხოვს საკუთარი თავის მუდმივ გამოცდას.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ყველა სწავლის მეთოდს აქვს სირთულეები, რომლებსაც თან სდევს დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ უამრავმა კვლევამ აჩვენა, რომ მათ იმედზე ყოფნა ნამდვილად შეიძლება.

Study smarter, not harder.

ავტორი: ბაჩანა ტყემალაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები