Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და აღიარებული გაცვლითი პროგრამაა, რომელიც სრულად არის დაფინანსებული აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. ამასთან, პროგრამისთვის გრანტს საქართველოში საქართველოს ბანკი, განათლებიოს საერთაშორისო ცენტრი და ჯორჯია კაპიტალი გასცემენ.
კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია. პროგრამა 140-ზე მეტ ქვეყანასთან თანამშრომლობს და მისი მთავარი მიზანი კულტურული დიალოგი და განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაა.
გაცვლითი პროგრამის სტიპენდიანტი, მარიამ ჩაჩავა, StudInfo-ს უყვება, რა გზა გაიარა ვაშინგტონის უნივერსიტეტმადე.
მარიამ ჩაჩავა
მარიამ ჩაჩავა უკვე მეორე წელია, რაც ფულბრაიტის პროგრამით მაგისტრატურაზე ამერიკაში, სიეტლში, ვაშინგტონის უნივერსიტეტში სწავლობს საჯარო პროექტიკის ანალიზის მიმართულებაზე. ამერიკაში წასვლამდე, მარიამი სწავლობდა საქართველოს უნივერსიტეტში ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამაზე, შემდეგ კი ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაზე ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-ში. შემდეგ 4 წელზე მეტი მუშაობდა ISET-ის კვლევით ინსტიტუტში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის მიმართულებით, ხოლო 2017-2021 წლებში ასწავლიდა მიკროეკონომიკას საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს საქართველოს უნივერსიტეტში.
“Fulbright-ის გარდა, სხვა პროგრამებითაც ვიყავი დაინტერესებული. შემდეგ დავფიქრდი, რომელი პროგრამა უფრო შეესაბამებოდა ჩემს მიზნებს. სწორედ ასე ავარჩიე ფულბრაიტი, გამომდინარე იქიდან, რომ ვაკმაყოფილებდი პროგრამის კრიტერიუმებს და პროგრამაც აკმაყოფილებდა იმას, რისი მიღებაც მე მინდოდა”.
აპლიკაციის პროცესი
როგორც მარიამი გვიყვება, ასარჩევი ეტაპის ხანგრძლივობა თითქმის ერთი წელს გაგრძელდა.
“აპლიკაციები პირველ მაისს იხსნება და გრძელდება პირველ აგვისტომდე. აპლიკაციის შევსება არის საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი. გარდა იმისა, რომ ბიუროკრატიულად ბევრი ინფორმაციაა საჭირო შენს შესახებ, უნდა დაწერო ორი ტიპის სამოტივაციო წერილი – ერთი აკადემიური, ხოლო მეორე – პროფესიული მიმართულებებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან კარგად უნდა გქონდეს გააზრებული, რეალურად რისი მიღება გინდა პროგრამისგან, რა მიზნები გაქვს – ეს ჯაჭვი ცხადად უნდა დაინახო”.
აპლიკაციების დასრულების შემდეგ, იწყება გასაუბრების ეტაპი. სექტემბრის შუა რიცხვებისთვის, აპლიკანტებმა უკვე იციან, დაიბარეს თუ არა გასაუბრებაზე.
“გასაუბრება, საკმაოდ სასიამოვნო და საინტერესო პროცესი იყო. იყო პანელური ხასიათის – ბევრი ინტერვიუერი ერთად ატარებდა. გასაუბრების დროს, ცდილობენ გაიგონ, რამდენად ხარ ის ადამიანი, ვინც ჩანდა შენს აპლიკაციაში”.
გასაუბრების შემდეგ, მალევე ხდება ცნობილი, ნახევარფინალისტების ვინაობა. ეს იმას ნიშნავს, რომ იწყება აპლიკაციების მზადება უნივერსიტეტებში გასაგზავნად. ამისთვის საჭიროა TOEFL-ის, GRE-ის ან GMAT-ის (ბიზნესის მიმართულებისთვის) ჩაბარება. TOEFL-ს გამოცდის მაქსიმალური შეფასება 120, GRE-ს – 340, ხოლო GMAT-ის – 800 ქულაა. გამოცდების დაჯავშნაში, აპლიკანტებს პროგრამა ეხმარება და სასურველია, რომ ოქტომბრის ბოლოსთვის ორივე გამოცდა ჩაბარებული იყოს.
“TOEFL-ის გამოცდისთვის, ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ETS) ვნახულობდი ტესტის ფორმატსა და მაგალითებს. გარდა ამისა, ტესტისთვის მოსამზადებლად არის ბევრი უფასო მასალა, ხოლო მოსასმენი და სასაუბრო სავარჯიშოების მაგალითები YouTube-ზე თავისუფლად შეგიძლიათ ნახოთ. რაც შეეხება GRE-ს, შედგება ორი ნაწილისგან – ვერბალური და მათემატიკური. ვერბალურ ნაწილში, აპლიკაციის Magoosh მეშვეობით ვემზადებოდი, ხოლო მათემატიკურ ნაწილში, GRE-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მოცემულ მასალებს დავეყრდენი”.
ტესტების შემდეგ, უშუალოდ ის ინსტიტუტი, რომელიც საქართველოში ფულბრაიტის პროგრამის ადმინისტრატორია – IIE (Institute for International Education), იწყებს აპლიკაციების გაგზავნას უნივერსიტეტებში.
“აპლიკაციაში, შესაძლოა, მიუთითო შენი პირადი პრეფერენციები – რომელ უნივერსიტეტში გინდა სწავლა, თუმცა, არ უნდა გამოირიცხოს, რომ იქ მოხვედრა ვერ შეძლო, ვინაიდან ეს ყველაფერი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: დაფიფანსებაზე, ასევე რამდენად შეესაბამება შენი უნარები და გამოცდილება კონკრეტულ უნივერსიტეტს. საბოლოო პასუხი – მიდიხარ თუ არა სასწავლებად ამერიკაში, დაახლოებით, მაისის შუა ან ბოლო რიცხვებში უკვე ცნობილია”.
ვიზა და საცხოვრებელი
შემდეგ იყო ვიზის აპლიკაცია, რომლის შევსების პროცესი, ბევრ დეტალს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი წინასწარ მოგვარებული და დაფინანსებულია, არის კითხვები ფინანსურ ნაწილთან დაკავშირებით.
“პირადად ჩემთვის, ვიზის აღება არანაირ დამატებით სტრესთან არ არის ასოცირებული, რადგან ამ პროცესმა საკმაოდ მარტივად ჩაიარა. ვიზის გასაუბრებაზე მკითხეს, რა მიზნით მივდიოდი ამერიკაში, რომელ შტატში და ქალაქში ვიცხოვრებდი, რა უნდა მესწავლა და რამდენ ხანს გრძელდებოდა ჩემი პროგრამა“.
რაც შეეხება საცხოვრებლის ძიების პროცესს, ეს მარიამისთვის ყველაზე სტრესული აღმოჩნდა. პროგრამა სრულად ფარავს საცხოვრებლის ხარჯებს, მაგრამ სახლი თავად უნდა მოძებნო. ამერიკაში ხშირია თაღლითობის შემთხვევები, ამიტომ, შესაძლოა, ბინის ძიების პროცესში ადვილად მოვტყუვდეთ – ვიქირავოთ და ადამიანი, რომელსაც ფული უკვე გადავუხადეთ, უბრალოდ თვალსაწიერიდან გაქრეს.
“ბინის პოვნის შემდეგ, სასურველია, მეპატრონეს ვთხოვოთ, დაგვათვალიერებინოს ბინა ვიდეო ზარის მეშვეობით და არ გადავუხადოთ თანხა წინასწარ, სანამ არ დავრწმუნდებით განცხადების ნამდვილობაში. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქალაქების უმრავლესობაში, მეპატრონეები ბინას მხოლოდ ერთი წლით აქირავებენ”.
“ზოგი მეპატრონე წინასწარ ითხოვს ერთი ან ორი თვის დეპოზიტს. პირდად მე, ძალიან ბევრ კომპანიასთან მქონდა მიმოწერა, როდესაც სახლს ვეძებდი. საბოლოოდ კი, უბრალოდ, გუგლში მოვიძიე და სრულიად შემთხვევით წავაწყდი ჩემს ოთახს. დავეკონტაქტე მეპატრონეს, ვნახე სახლი ვიდეო ზარის მეშვეობით და ყველაფერი ზუსტად ისე აღმოჩნდა, როგორც ვებ-გვერდზე ეწერა”.
ამერიკაში ბინის ძიების პროცესში, შეგვიძლია გამოვიყენოთ ვებ-გვერდები – zillow.com, apartments.com, craiglist.com.
სტიპენდია
პროგრამით გათვალისწინებული სტიპენდია დამოკიდებულია კონკრეტული ქალაქისთვის საჭირო ხარჯებზე. შესაბამისად, თანხა, რომელიც სტუდენტებისთვის გამოიყოფა, სრულად ფარავს ცხოვრების ხარჯებს. მომდევნო თვის სტიპენდია ირიცხება წინასწარ – მაგალითად, იანვრის სტიპენდია ირიცხება დეკემბრის ბოლოს.
“გარდა სტიპენდიისა, გამოყოფილია თანხა, რომ შეიძინო ტექნიკა – ლეპტოპი ან ტაბლეტი. ასევე, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრის წინ გაძლევენ თანხას წიგნებისთვის, რადგან აქ სახელმძღვანელოების პირატული ვერსიების ჩამოტვირთვა კანონით ისჯება”.
ამერიკაში ჯანმრთელობის დაზღვევა არის სავალდებულო, შესაბამისად ფულბრაიტსაც აქვს მინიმალური დაზღვევის პაკეტი.
სწავლის პროცესი
მარიამის უნივერსიტეტი სწავლების არატრადიციული – კვარტალური სისტემით გამოირჩევა. ეს იმას ნიშნავს, რომ სწავლება წელიწადში სამი სემესტრის მანძილზე მიმდინარეობს. რაც შეეხება გამოცდებს, ფორმატს ძირითადად ნაშრომის ან ანალიზის სახე აქვს.
რჩევები
მარიამის თქმით, მნიშვნელოვანია, კარგად მოვიძიოთ ინფორმაცია პროგრამებსა და უნივერსიტეტებზე. არის აპლიკაციის ველი, სადაც შესაძლებელია სასურველი უნივერსიტეტის მითითება და ახსნა, თუ რატომ ვირჩევთ ამ კონკრეტულ სასწავლებელს.
“რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დაყაროთ ფარ-ხმალი, თუკი პირველივე ჯერზე არ გამოგივათ. პირდად ჩემთვის, ეს მეორე მცდელობა იყო და ბევრად კმაყოფილი ვარ ამით, რადგან უკეთ გავიაზრე მოლოდინები”.
სამომავლო გეგმები
მარიამი მაგისტრატურას ივნისში ასრულებს, შემდეგ კი აპირებს პროგრამით გათვალისწინებული შესაძლებლობის გამოყენებას – ამერიკაში ერთიდან სამ წლამდე დარჩენას და მუშაობას მისი პროფესიით (Post Academic Degree Training). თავად პროგრამის ეს ნაწილი, არ არის სავალდებულო – დამოკიდებულია დამსაქმებელზე, თანახმა იქნება თუ არა, შეზღუდულო ვადით დაასაქმოს კურსდამთავრებულები.
“რა თქმა უნდა, ვგეგმავ საქართველოში დაბრუნებას. სამომავლოდ ვაპირებ, პოლიტიკის ანალიზის მიმართულებით განვაგრძო საქმიანობა და ვფიქრობ, რომ ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მივიღე, დამეხმარება, უკეთ გავაკეთო ის, რასაც აქამდე ვაკეთებდი”.
ავტორი: მარიამ ქობალია