10 ხრიკი, რომელიც სტუდენტს CV-ის შექმნის პროცესს გაუმარტივებს

დასაქმება

კარგი CV-ის შექმნა, შესაძლოა, სამუშაოს ძიების პროცესში, ერთ-ერთი რთული გამოწვევა იყოს.

დამსაქმებლების დიდი ნაწილი სულ რამდენიმე წამს ხარჯავს CV-ის დათვალიერებისთვის და ზუსტ პასუხს – „კი“ ან „არა“, მალევე სცემს.

იმისათვის, რომ შენი ინფორმაცია სხვა აპლიკანტების დოკუმენტაციაში არ აირიოს, ამ სტატიაში იხილავ 10 რჩევას, თუ როგორ შექმნა წარმატებული CV, რომელიც დამსაქმებლის ყურადღებას მარტივად მიიპყრობს და გასაუბრებამდე მიგიყვანს. 

იყავი მკაფიო
როგორც წესი, CV არ უნდა აღემატებოდეს ორ გვერდს. დამსაქმებლები, საშუალოდ, 8 წამს ხარჯავენ CV-ის წაკითხვაში. ამიტომ, მთელი შენი ცხოვრებისეული ისტორიის გაგზავნა სრულიად უშედეგო იქნება. დოკუმენტი უნდა იყოს მკაფიო და გასაგები, ხოლო ვრცელი დეტალები გასაუბრებისთვის შემოინახე.

მოარგე დამსაქმებელ კომპანიას
ეს ყველას გაგვიკეთებია, დროის დაზოგვის მიზნით, გაგვიგზავნია ერთი CV სხვადასხვა დამსაქმებელთან. დროა, ეს დავივიწყოთ! დაუთმე დრო დოკუმენტის შეცვლას თითოეული სამსახურისთვის, რომელზე გამოხმაურებასაც აპირებ. კომპანიაზე ყველაფერი კარგად გამოიკვლიე. ამისთვის გამოიყენე ვაკანსიის რეკლამაც. ეს დაგეხმარება, რომ ზუსტად განსაზღვრო შენი უნარები კონკრეტული საქმიანობისთვის და დამსაქმებელს მიაწოდო ისეთი დოკუმენტი, რომელითაც კმაყოფილი დარჩება და შენს ძალისხმევას დააფასებს.

მიუთითე პერსონალური გამოცდილება
არ ღირს იმაზე ფიქრი, რომ დამსაქმებელი თავისით დააკავშირებს შენს გამოცდილებას კონკრეტულ სამსახურთან. ამის მოსაგვარებლად, მიუთითე მოკლე პირადი გამოცდილება იმის ასახსნელად, თუ რატომ ხარ საუკეთესო კანდიდატი. მნიშვნელოვანია, რომ პირადი გამოცდილება სამოტივაციო წერილშიც აისახოს.

არ გამოტოვო მნიშვნელოვანი ინფორმაცია
CV-ში არასაკმარისი ინფორმაცია ავტომატურად იწვევს დამსაქმებლის დაეჭვებას, რაც, რასაკვირველია, ხელს შეგიშლის სარგებლის მიღებაში. თუ აქამდე არასდროს გიმუშავიათ, შესაძლოა ეს ფაქტი შემაშფოთებლადაც კი ჟღერდეს, მაგრამ აუცილებელია, პოზიტიური განწყობა. თუკი გავლილი გაქვს რაიმე კურსი, მიგიღია მონაწილეობა მოხალისეობრივ სამუშაოებში, ან განვითარებული გაქვს ისეთი უნარები, როგორებიცაა კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა ან პროექტის მენეჯმენტი, არ გაჩუმდე – აუცილებლად ჩაწერე CV-ში.

ყოველთვის განაახლე
არ აქვს მნიშვნელობა, ეძებ თუ არა სამუშაოს კონკრეტულ მომენტში – შენი CV ყოველთვის უნდა განაახლო. როდესაც შენს კარიერაში რაიმე მნიშვნელოვანი ხდება, დროულად ჩაიწერე, რათა არ დაგავიწყდეს ის, რაც შესაძლოა, სამომავლოდ გამოსადეგი და მნიშვნელოვანი იყოს.

არ დაუშვა ეს შეცდომა
დამსაქმებლები CV-ში ყოველთვის ეძებენ შეცდომებს, და თუკი მათ აღმოაჩენენ, კანდიდატის იმიჯზე წარმოდგენა საგრძნობლად ეცემა. დევიდ ჰიპკინი, Reed Business Information-ის რეკრუტინგისა და რესურსების განყოფილების ხელმძღვანელი გვაფრთხილებს: „დღეს, დამსაქმებელთა უმეტესი ნაწილი, ვაკანსიებზე დიდი რაოდენობის რეზიუმეს იღებს. ნუ მისცემთ საბაბს, რომ თქვენი განაცხადი ორთოგრაფიული შეცდომების გამო არ მიიღონ. ეს ვერ უზრუნველყოფს შემდეგ ეტაპს – გასაუბრებას”.

თუ არ ხარ დარწმუნებული, რომ ტექსტი სწორად გიწერია, გამოიყენე რომელიმე აპლიკაცია ან ვინმეს სთხოვე, გადაამოწმოს. 

თქვი სიმართლე
“ყველა წერს ტყუილებს CV-ში”, არა? არა! შენს CV-ში არსებულმა ცრუ ინფორმაციამ შესაძლოა, მთელი რიგი პრობლემები გამოიწვიოს, როდესაც დამსაქმებლის მიერ, შენი გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებამდე მივა საქმე. უკანასკნელი, რაც შეიძლება, ახლა ცხოვრებაში გინდოდეს, არის ის, დაიწყო მუშაობა და შემდეგ სამსახური სიცრუის გამო დაკარგო. ტყუილში მარტივად გამოჭერა გასაუბრების ეტაპზეც შესაძლებელია, როდესაც მოულოდნელად დასმულ კითხვაზე ვერ უპასუხებ. მერწმუნე, ეს ძალიან უხერხულია. სწორედ ამიტომ, უბრალოდ, არ იცრუო!

გამოიყენე ციფრები/სტატისტიკა
ეს, შესაძლოა, ცოტა უცნაურად და მოსაწყენად ჟღერდეს, მაგრამ როდესაც შენს მიღწევებს კონკრეტულ ციფრებს ურთავ, გაქვს შესაძლებლობა, რომ დამსაქმებელი მეტად დააინტერესო. შენი სამუშაო გამოცდილების მითითებისას, არ დაწერო, რომ გაზარდე გაყიდვები; დაწერე, რომ 6 თვის განმავლობაში გაყიდვები 70%-ით გაზარდე. გასაგებია? დიდი რიცხვების მითითება ყოველთვის ბევრად უკეთესია (მაგრამ არ დაივიწყო, ჩვენი ზემოთ თქმული რჩევა “თქვი სიმართლე”!).

გააკეთე ლამაზი დიზაინით
ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ვიზუალს დიდი მნიშვნელობა ენიჭება – იგივე ეხება CV-ის. დაუთმე დრო მის გალამაზებას – გამოყავი პუნქტები და დატოვე თეთრი სივრცე მათ შორის. ეს გრაფიკული დიზაინის ერთ-ერთი ხრიკია იმისათვის, რომ მასალა თვალისთვის ადვილად აღქმადი იყოს. იყავი კრეატიული შენი სამუშაო აპლიკაციის შევსებისას.

დაამატე საკვანძო სიტყვები
თუ უკვე ატვირთე CV ვებ-გვერდზე, სადაც სამუშაოს ეძებ, მნიშვნელოვანია, გამოიყენო საკვანძო სიტყვები, რომ დამსაქმებლებმა ადვილად გიპოვონ. სამსახურისა და ვაკანსიის სათაურები დაეხმარება საძიებო სისტემას თქვენი CV-ის გამორჩევაში. დაიბენი? არაუშავს. მაგალითად, მარკეტინგის კანდიდატმა შეიძლება ახსენოს SEO (საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია), პირდაპირი მარკეტინგი და ციფრული მარკეტინგი თავის გამოცდილებასა და უნარებს შორის. თუ არ ხარ დარწმუნებული, რა უნდა დაწერო, მოიძიე ინფორმაცია ონლაინ და ნახე, რა სიტყვებია ნახსენები ჩვეულებრივ, როდესაც სამსახურის დასახელებას მიუთითებ.

წყარო: totaljobs.com

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები